მხატვრები აფხაზეთიდან ლეიდენის გალერეაში
09 სექტემბერი, 2014
2298
print

 ზუსტად იმ დღეებში, როდესაც ჰოლანდიის ქალაქი ლეიდენი და მასთან ერთად მთელი ქვეყანა საუკუნეების წინ დამპყრობლებისგან განთავისუფლების აღსანიშნავ ზეიმში იქნება ჩართული, იქაურობას ქართველი მხატვრები ”დაიპყრობენ”. სწორედ ასეთი გახლავთ ფესტივალ ”იბერიას” დამაარსებელ დალი დე გრააფის გეგმა, რომლის განხორციელებასაც 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მხატვრებთან ერთად შეუდგება. ქართველ ხელოვანებს ლეიდენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გალერეა Frederiek van der Vlist უმასპინძლებს.

ფესტივალ ”იბერიას” ისტორიაში გამოფენა ”ჩემი სახლი -აფხაზეთი” ყველაზე მცირე მასშტაბის პროექტია, თუმცა მნიშვნელობით ვრცელია. პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრების ჯგუფური გამოფენა საზღვარგარეთ გამართულიყო, ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს.

რეალურად ინიციატორიც სახელმწიფოა, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც ასევე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დალი დე გრააფს გამოფენის ორგანიზება შესთავაზა. ”ძალიან გამიხარდა, რომ რამდენიმე ადამიანისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთების საშუალება მომეცა და მაშინვე შევუდექი მზადებას. აფხაზეთის კულტურის სამინისტრო და მხატვართა კავშირი მხატვრების მოძიებაში დამეხმარა, გამოფენისთვის ნამუშევრები კი თავად მხატვრებმა შეარჩიეს. ცხადია, ნებისმიერი გამოფენის ორგანიზება დროს მოითხოვს, ჰოლანდიაში კი ეს დრო წამებშია გაწერილი, გალერეას რამდენიმე თვით, ზოგჯერ წლით ადრე უნდა შეუთანხმდე, მაგრამ მე ამის დრო არ მქონდა, ამიტომ Frederiek van der Vlist-ის მფლობელ ჰანს ვან შხაინდელს, რომელიც ”იბერიას” დიდი ხნის მეგობარია, პირდაპირ ვთხოვე, განრიგი ისე გადაენაწილებინა, რომ ქართველი მხატვრებისთვის ორი კვირა გამოეთავისუფლებინა. ზოგადად ჰოლანდიელები ასეთი თემების მიმართ ძალიან სენსიტიურები არიან, განსაკუთრებით უყვართ, როდესაც კეთილ საქმეს აკეთებენ და ადამიანებს ასიამოვნებენ, ყოველთვის მზად არიან მხარი დაგიჭირონ, დაგეხმარონ, მთავარია კარგი მოტივაცია ჰქონდეთ. სწორედ ასეთია ჰანს ვან შხაინდელიც, რომელიც ძალიან მოიხიბლა იმ იდეით, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მხატვრებს უმასპინძლებდა და გამოფენა ლეიდენისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს დაამთხვია. მეტიც, ნამუშევრების გაყიდვის შემთხვევაში ის საკუთარ საკომისიოზეც ამბობს უარს, რაც ნახატში გადახდილი თანხის 50%-ს შეადგენს”, - ამბობს დალი დე გრააფი.

გამოფენის ორგანიზებაში მონაწილეობს ”იბერიას” ძველი მეგობარი გალერეა Zone, ასევე ჰააგაში მდებარე ქართული რესტორანი Suhumi, რომელიც ჰოლანდიაში ერთადერთია; საქართველოს საელჩო გამოფენას ქართული ღვინით მოამარაგებს და კოლექციის გადაზიდვაში მონაწილეობს, ხოლო ბენილუქსის ქვეყნებში ცნობილი სავაჭრო ქსელი V&D, რომელიც ”იბერიასთან” 2010 წლიდან თანამშრომლობს, ღონისძიების სარეკლამო კამპანიაში ჩაერთვება და სტუმრებს უმასპინძლებს.

ახლა კი რაც შეეხება მთავარს ანუ გამოფენის მონაწილე მხატვრებს. როგორც გითხარით, შეარჩიეს ოთხი მხატვარი: ნუგზარ მგალობლიშვილი, ალექსანდრე ხუბუა, ზურაბ ჭედია და დავით ბაძაღუა. ლეიდენში მათი 5-5 ნამუშევარი გაემგზავრება.

დალი დე გრააფი: ”ოთხივე მხატვარი განსხვავებული და განსაკუთრებული ხელწერის გამო შევარჩიეთ. ორი მათგანი - ალექსანდრე ხუბუა და ნუგზარ მგალობლიშვილი ლეიდენში მოემგზავრებიან. ეს უკანკნელი აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაცაა ცნობილი. ის ყოფილი დისიდენტია, მონაწილეობდა ავანგარდისტ მხატვართა გამოფენა ”ბულდოზერნაიაში”. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში არსებულ კოლექციებშია დაცული, ხოლო ჩიკაგოში მისი შექმნილი სკულპტურაც დგას, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას პირველად დატოვებს. ძალიან მიხარია, რომ მას ამის საშუალებას ვაძლევ. აქვე უნდა აღვნიშნო პრესის დაინტერესებაც. ინტერესს კი ისიც ამძაფრებს, რომ მხატვრები აფხაზეთს წარმოადგენენ. მაგალითად, ჰოლანდიური ”დე ტელეგრაფის” ჟურნალისტმა ვრცელი კითხვარი გამომიგზავნა, კითხვები კი მხატვრობიდან დაწყებული პოლიტიკური საკითხებით დამთავრებული ყველაფერს შეეხება. გამოფენის მოსაწვევს დართული აქვს მცირე ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ, სადაც კონფლიქტებისა და მათში რუსეთის როლის შესახებაცაა მოთხრობილი, რაც თანამედროვე პოლიტიკური ვითარების ფონზე ინტერესს აორმაგებს”, - ამბობს გამოფენის ორგანიზატორი.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მხატვრების ნამუშევრებს მხოლოდ გალერეის სტუმრები არ ნახავენ: ოქტომბრის დასაწყისში ლეიდენში მე-16 საუკუნეში ესპანელებისგან განთავისუფლებისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული იმართება. ამ დღეს ქალაქი უამრავ სტუმარს მასპინძლობს. სწორედ ამიტომ გალერეა Frederiek van der Vlist-ის საგამოფენო სივრცე ნაწილობრივ დროებით იქვე მდებარე ხიდზე გადაინაცვლებს და მასშტაბშიც მოიმატებს, სადაც ჩვენი მხატვრების შემოქმედებას უფრო მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.

 

 ია ვეკუა

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

ia vekua
სხვა სიახლეები
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
26 ივნისი, 2015 ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
27 მაისი, 2015 ქართული ფოტოგრაფიის დღე
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 მარტი, 2015 ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
13 იანვარი, 2015 ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
08 დეკემბერი, 2014 მზადება ვენეციის ბიენალესთვის
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება