”ლიტ ტური” – 4 წელი ფრანკფურტამდე
12 სექტემბერი, 2014
1292
print

ეს ამბავი უკვე ყველამ იცის: 2018 წელს საქართველო მსოფლიოს უდიდესი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება. ეს რეალურად მნიშვნელოვანი მოვლენაა, მასშტაბით შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შევადაროთ, თუმცა მანამდე აუცილებლად მოგვიწევს ”საკვალიფიკაციო მატჩების” ჩატარება. ერთ-ერთი მათგანია ”ლიტ ტური” - თბილისის ლიტერატურული ფესტივალი, რომელმაც დღეს აიღო სტარტი და ორ დღეს გასტანს.

ეს გახლავთ მწერლების, გამომცემლების, წიგნის გამავრცელებლების, მთარგმნელების, ლიტერატურული აგენტების, კრიტიკოსებისა და სფეროსთან დაკავშირებული სხვა პროფესიების წარმომადგენელთა შეკრებისა და გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და პერსპეტივის განსაზღვის ერთგვარი პლათფორმა. სწორედ მსგავსი ინიციატივები განაპირობებს საქართველოს, როგორც სამწერლო ქვეყნის მსოფლიოსთვის გაცნობასა და პოპულარიზაციას, რომელიც გარდა იმისა, რომ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობით დაგვირგვინდება, ზოგადად პროცესის მსოფლიო სტანდარტებში მოქცევასაც უზრუნველჰყოფს.

ფესტივალს საკმაოდ წარმომადგენლობითი სტუმრები ჰყავს: მწერალი, პოეტი და ლიტერატურული ბლოგერი საბერძნეთიდან დიმიტრის ნიკოუ, ლიტერატურული აგენტი ინდოეთიდან სრიდარა აგალაია, ეგვიპტელი მწერალი მაი ჰალედი, ჰოლანდიის ლიტერატურის ფონდის წარმომადგენელი მირეი ბერმანი და სხვები (სულ 12 სტუმარი). ჩვენი მხრიდან ფესტივალში ერთვებიან ანა კორძაია-სამადაშვილი, გიორგი კეკელიძე, გაგა ლომიძე, ერეკლე დეისაძე, მედეა მეტრეველი, ლაშა ბაქრაძე, ირმა რატიანი, ირაკლი სამსონაძე, ლაშა ბუღაძე, სალომე მაკარიძე, ზვიად კვარაცხელია, ბექა ქუხული და დავით ზურაბიშვილი, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების საჯარო კითხვაში მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ ლიტრატურაზე, თარგმანის საკითხებზე, საბიბლიოთეკო საქმიანობასა და სხვა თემებზე.

თავად ”ლიტ ტური” ოდესღაც საკმაოდ პოპულარული მზიურის ფესტივალის ”სამართალმემკვიდრეა”, რომელიც მოგვიანებით მატარებლის ფესტივალად გადაიქცა, შარშან კი კავკასიის ლიტერატურის ფესტივალის სახელით ჩატარდა.

ქეთი კიღურაძე, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ბორდის წევრი, ”ლიტ ტურის” ორგანიზატორი: ”ყოველთვის მინდოდა, ეს ფესტივალი, რაც შეიძლება, ფართო ყოფილიყო, გასცდენოდა კავკასიის ფარგლებს და მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები და კრიტიკოსები ჩამოგვეყვანა. საქმე ის გახლავთ, რომ ცნობილი ავტორები ასე მარტივად არ ჩამოდიან, აუცილებლად უნდა გაგაჩნდეს გარკვეული პლატფორმა, ბაზისი, რომლის ფუნქციასაც ”ლიტ ტური” შეასრულებს. ამჯერად 12 გამომცემელი, ავტორები, კრიტიკოსები და მთაგმნელები ჩამოვიდნენ, სწორედ მათი მეშვეობით უნდა გაგვიცნონ სხვა ქვეყნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანკფურტში თავის წარდგენა გაგვიჭირდება. სწორედ მათ უნდა შეგვიქმნან პირობები, რომ იქ თავი უცხოდ არ ვიგრძნოთ, რომ ჩვენს მიმართ მოლოდინი არსებობდეს, ვიყოთ სტუმარი ქვეყანა და, ამავდროულად, მასპინძელიც”.

პარალელურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლისთვისაც. ეს საქმე მთლიანად კულტურის სამინისტროსთან არსებულ წიგნის ეროვნულ ცენტრს აბარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტსაც მასპინძლობდა. ცენტრს ოთხ წელიწადზე გათვლილი სამუშაო გეგმა აქვს, რომელიც ბაზრობაზე წარმოსადგენი თარგმანების გარდა ღონისძიების სრულ მომზადებასაც ითვალისწინებს (საქმიანი შეხვედრები, წვეულებები, მიღებები, მთელ წელზე გათვლილი კულტურული პროგრამა და სხვა).

დეა მეტრეველი, წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი: ”ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა შეაფასა ჩვენ მიერ ამ დროისთვის ჩატარებული სამუშაოები, გაეცნო კულტურული ღონისძიებების ნუსხას და ახალი რეკომენდაციებიც დაგვიტოვა. ჩვენი ცენტრის ბიუჯეტი მომავალი წლიდან კიდევ გაიზრდება, თუმცა ამ დროისთვის ფინანსურად და სხვა რესურსების მხრივაც 50 განაცხადის მისაღებად მზად ვართ. ვაქტიურობთ სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, მომავალ წელს ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე გვექნება სტენდი, რაც ასევე ფრანკფურტის ბაზრობის რეკომენდაცია გახლავთ. ცხადია, ვემზადებით წლევანდელი ბაზრობისთვისაც. მიგვაქვს ახალი თარგმანები, დაგეგმილია დათო ტურაშვილი ”ჯინსების თაობის” ახალი გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია და საჯარო კითხვა და სხვა ღონისძიებები. ამრიგად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2018 წლისთვის მზადება გეგმის გათვალისწინებით მიმდინარეობს და ფრანკფურტში ღირსეულად წარვსდგებით.”

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული