ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
22 სექტემბერი, 2014
1920
print

გიგა გურასაშვილი

კარი აუჭედეს, ახლა კი სირცხვილის დერეფანში გაატარეს და გზად კვერცხებიც დაუშინეს. ქართული ჭიდაობის სამყარო საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის საქმიანობით მეორედ გამოხატავს საკუთარ უკმაყოფილებას და პარალელურად მისი თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

ქართულ საჭიდაო სამყაროში წყალი მაშინ აიმღვრა, როდესაც ლუკა კურტანიძემ ფედერაციის სათავეში მოსვლისთანავე ოდინდელი მწვრთნელები ზაზა თურმანიძე და ბეგი დარჩია დაითხოვა და მათი ადგილები შესაბამისად რევაზ მინდორაშვილსა და ოთარ ტატიშვილს ჩააბარა.

2013 წლის 8 იანვარს ჯერ კიდევ ერთი თვის არჩეულმა პრეზიდენტმა კურტანიძემ განაცხადა, რომ მთელ ქვეყანაში მოხდა ცვლილებები და რომ საჭიდაო ოჯახშიც იგივეა გასაკეთებელი, რომ რეფორმებია აუცილებელი, მით უფრო, 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, როცა ცვლილებები არ ტარდებოდა. ამ ოცი წლის განმავლობაში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, პროფესიული თვალსაზრისით კი არსებული ნაკლოვანებების დასანახად აუცილებელია ცვლილებები, რათა ერთ-ორ ოქროს კი არ დავჯერდეთ, არამედ ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც ბევრად უკეთესი შედეგი გვქონდესო.

ერთ-ორი ოქრო კარგი იქნებოდა, მაგრამ შარშან ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ამისგან ძალიან შორს აღმოვჩნდით, განსაკუთრებით კი ბერძნულ-რომაული ნაკრები, რომელიც სეზონის მთავარ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა ისე, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც არ მისცემია. თავისუფლებმა კი ის მაინც მოახერხეს, რომ ახალგაზრდებიდან დიდებში გადაბარგებულმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაომდე გაიკვალა გზა და პლუს სამ მეხუთე ადგილთან ერთად გუნდური მესამე დაიკავეს.

საქართველოს ნაკრები იმ ერთი-ორი ოქროსგან ასევე შორს აღმოჩნდა ახლახანს დასრულებულ ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზეც. თავისუფლებმა და ბერძენ-რომაელებმა 16 შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს და შინ  ”თავიუსფალი” ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ.

წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა 17 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ მოწყობილ  პრესკონფერენციაზე მწვრთნელებით უკმაყოფილომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რევაზ მინდორაშვილისა და ნაკრების სათავეში მისივე ბრძანებით შარშან დეკემბერში დაბრუნებული ბერძენ-რომაელთა დამრიგებლის ბეგი დარჩიას გათავისუფლების შესახებ განაცხადა და იქვე ახალი სამწვრთნელო შტაბის ორშაბათისთვის, ანუ დღეისთვის წარდგენა დაანონსა.

ვითარება სწორედ კურტანიძის ამ განცხადების შემდეგ დაიძაბა, როდესაც გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქმედმა თუ ვეტერანმა მოჭიდავეებმა საკუთარი პოზიცია ფალავანთა კლუბში მისვლით და ფედერაციის პრეზიდენტისთვის კარის აჭედვაში და მისი გადადგომის მოთხოვნაში გამოხატეს.

"ეს პირი არ არის საპრეზიდენტო. ძალიან სუსტია, არ გააჩნია ორგანიზების ნიჭი, არ იცის ბიჭებთან ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ კურტანიძე პრეზიდენტობიდან უნდა გადადგეს და მოინახოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ეყვარება ჭიდაობა", - ოთხი დღის წინათ აცხადებდა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი რამაზ ნოზაძე.

იგივე პათოსი და მოწოდებები ისმოდა ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის გამოსვლაშიც, რომელიც ასევე უკმაყოფილოა ლუკა კურტანიძის მმართველობით: ”პრეზიდენტმა ბეგი დარჩია და რევაზ მინდორაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაგრამ მთავარი პრობლემა სისტემაშია, რომლითაც ლუკა კურტანიძე მართავს. უგერგილო მმართველი უნდა გადადგეს”.

მოგვიანებით მოწინააღმდეგეებს ლუკა კურტანიძემაც უპასუხა და განმარტა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმის უკეთ კეთებაზე უნდა ფიქრობდნენ, კარის აჭედვით არიან დაკავებულნი. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ის ცვლილებებია, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ. თუ გვინდა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე შედეგი გვქონდეს, ასეთი ნაბიჯი გარდაუვალია და რომ ქართული ჭიდაობის ინტერესებიდან გამომდინარე ცვლილებები აუცილებლად განხორციელდებაო.

დღეისთვის დაანონსებულმა ახალი სამწვრთნელო შტაბის წარდგენა უკვე იმას ნიშნავდა, რომ უკმაყოფილო მოჭიდავეები საკუთარ პოზიციას ერთხელაც დააფიქსირებდნენ და საამისოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან კურტანიძის მოლოდინში პოზიციები დაიკავეს, მისი გამოჩენისთანავე ექსპრომტად სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს და გზადაგზა კვერცხებიც დაუშინეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც მედიისთვის დახურულ კარს მიღმა წარიმართა, პროტესტის ნიშნად ნაადრევად დატოვა დავით გობეჯიშვილმა. სამინისტროდან გამოსულმა კი განაცხადა: ”კურტანიძეს კაბინეტის კარი აუჭედეს. დღეს კვერცხები ესროლეს. რამდენიმე დღის წინ მან რეზო მინდორაშვილს დააბრალა, ხელი დამარტყაო და პოლიციაში გაიქცა, უჩივლა (17 სექტემბრის პრესკონფერენციაზე კურტანიძესა და რევაზ მინდორაშვილს შორის მართლაც იყო შეხლა-შემოხლის ფაქტი. რედ.). ამ ყოველივეს მერე დავით გობეჯიშვილს არ ეკადრება იმ ოჯახში ყოფნა, რომელსაც სათავეში ელდარ კურტანიძე უდგას.

მწვრთნელებს აქვთ პრეტენზია, ყველას აქვს პრეტენზია. ხედავთ რამდენი მოჭიდავეა, მაგრამ მათ შორის ერთ მის მომხრესაც ვერ მაჩვენებთ”.

ამასობაში პრეზიდიუმის სხდომაც დასრულდა. დასრულდა იმით, რომ ლუკა კურტანიძის გადაწყვეტილებამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა - თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, რევაზ მინდორაშვილისა და ბეგი დარჩიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრეზიდიუმის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ხოლო კურტანიძის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდიუმმა კონკრეტული რეაგირებისაგან თავი შეიკავა.

გარდა ამისა, ვითარებაში ბოლომდე გარკვევა თუ მისი შესწავლა ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა.

საბჭოს ხელმძღვანელის ვეტერანი მოჭიდავის რომან რურუას განცხადებით, საკითხის შესასწავლად ერთთვიანი ვადაა გამოყოფილი. სწორედ ერთ თვეში მიიღებს სამეთვალყურეო საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და პრეზიდიუმს წარუდგენს.

ლუკა კურტანიძის მოწინააღმდგეგე სპორტსმენები პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ და განაცხადეს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტს ვაკის ფალავანთა კლუბში, საკუთარ კაბინეტში შესვლის უფლებას კვლავაც არ მისცემენ.

ისე, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლუკა კურტანიძე მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა. შარშან თებერვლის დასაწყისში არანაკლები ხმაური გამოიწვია ფალავანთა კლუბში ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ვიცე-პრეზიდენტს თეიმურაზ ყაზარაშვილისთვის მიყენებულმა ფიზიკურმა შეურაცხყოფამ. მაშინდელი სკანდალის მიზეზსაც მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებასთან მივყავართ. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის