„საბას“ დაბრაწული პურები და ჩაცომებული სანახაობა
23 სექტემბერი, 2014
1989
print

ზუსტად ვერ გეტყვით, რა უფრო რთული იყო: „საბას“ ჟიურის მიერ 300-ზე მეტი წიგნიდან საუკეთესოების ამორჩევა თუ დაჯილდოების ცერემონიალისთვის რუსთაველის თეატრის ბოლო იარუისიდან თვალის კუთხით დევნება, მაგრამ ფაქტი ერთია - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახელოვნებო პრემია ყოველგვარი ეჭვებისა და კითხვების გარეშე გადანაწილდა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ ბევრისგან გაიგონებდით, რომ წლევანდელი „საბა“ ყველაზე სამართლიანი იყო, თუმცა წინა წლებში ჩადენილი უსამართლობის გახსენებასაც ვერავინ ახერხებდა.

„საბას“, ისევე, როგორც ნებისმიერი ჯილდოს დარიგების შემდეგ, გახარებულებზე უფრო მეტი უკმაყოფილო რჩება. ეს მარტივი არითმეტიკაა: იმარჯვებს მხოლოდ ერთი ნომინანტი, შესაბამისად, ყველა დანარჩენი მათი ახლობლების ჩათვლით დაღონებული, იმედგაცრუებული, ზოგჯერ კი გაბოროტებულიცაა. კი, ასეთებიც არიან, მარცხის ღირსეულად მიღებას ყველა ვერ ახერხებს, რაც, ზოგჯერ მეტად კომიკურ ამბავს ემგვანება.

თუმცა მეორე დღეს ისინი აღარავის ახსოვს, რადგან გაცილებით საინტერესო ის ადამიანები არიან, ვისი სახელებიც „საბას“ ისტორიაში იწერება და ქართული ლიტერატურის ისტორიაში მოხვედრის შანსიც უჩნდებათ. წელს

“საბას“ ისტორიას ერთით მეტი ახალი გვარი მიემატა, რადგან პრემიის არსებობის განმავლობაში მესამედ დებიუტის პრემია ორ ნომინანტზე გაიყო.

ეს ჩემი საყვარელი ნომინაციაა, რადგან უკონფლიქტოა. როგორც წესი, ნებისმიერის გამარჯვება გახარებს და, რაც მთავარია, ახალი ავტორის აღმოჩენის საშუალებასაც გაძლევს. პოეტმა ლია ლიქოკელმა ჯილდო კრებულ „დევის ცოლის სიცილისთვის” მიიღო, ხოლო ბიჭს ფსევდონიმით Toresa Mossy „საბა“, არც მეტი არც ნაკლები, ”სიბრძნე სიცრუისას” დაწერისთვის გადასცეს. საკუთარი ჯილდო მიიღო არჩილ ქიქოძემაც მოთხრობების კრებულ „ჩიტის და კაცის ამბავისთვის“, ხოლო გიორგი გოკიელის მიერ ქართულად თარგმნილი „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ წლის საუკეთესო თარგმანად მიიჩნიეს.

პიესის ნომინაციაში დავით გაბუნიას პიესების კრებულმა გაიმარჯვა. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გაბუნიამ საკმაოდ „მძიმეწონიანი“, „საბას“ არა ერთგზის ლაურეატი და მასზე გაცილებით გამოცდილი ავტორები (ირაკლი სამსონაძე, ლაშა ბუღაძე, თეონა დოლენჯაშვილი) „დაამარცხა“, თუმცა მისი წარმატება სწორედ ის შემთხვევა აღმოჩნდა, რომელიც არავის გაუპროტესტებია - გაბუნია ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა. იგივე განმეორდა საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზის ნომინაციის გამარჯვებულის დასახელებისასაც. ამ საკმაოდ უხვწევრიან ნომინაციაში ყველაზე მკაფიოდ იმთავითვე ერთი ავტორის გვარი იკითხებოდა და ჯილდოც სწორედ მას ერგო - გოგი გვახარიას „ცრემლიანის სათვალისთვის“.

რაც შეეხება ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციას, ჟიურიმ საუკეთესოდ თამაზ კვაჭანტირაძის „განსჯანი“ მიიჩნია, ხოლო ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნისთვის დონალდ რეიფილდი დააჯილდოეს, რომელმაც ოთარ ჭილაძის „აველუმი“ ინგლისურ ენაზე თარგმნა.

სასიამოვნო სიურპრიზად იქცა საუკეთესო რომანის ნომინაციის გამარჯვებულის დასახელება - ზვიად კვარაცხელიას „ფორმა N100“ წლის რომანია! ეს კი ნიშავს, რომ აკა მორილაძის „მორიდებულ ზურმუხტსაც“ სჯობს, ეკა ტოგონიძის „ასინქრიონსაც“ და ლაშა ბუღაძის „Lucrecial 515-საც“ ანუ წლის საუკეთესო ოთხეულიდან საუკეთესოა.

ასეა ეკა ქევანიშვილის „სახლის გაყიდვაც“.

ეს წიგნი ზუსტად ერთი წლის წინ გამოვიდა და ზუსტად ერთი წლის წინ ითქვა, რომ „საბაზე“ მისთვის აუცილებლად მოიძებნებოდა ადგილი. ასეც მოხდა და მეტიც - ეკას ძალიან მაგარი ლექსების უფრო მაგარი კრებული დღეს ყველას სჯობს!

...და რომ არა ასეთი გამონათებები, „საბას“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი ალბათ თავისუფლად შეძლებდა წლის ყველაზე მოსაწყენი, ერთფეროვანი და, მარტივად, უინტერესო სანახაობის წოდების მოპოვებას (თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი უფრო დიდი განსაცდელი იყო, თან ის ერთი საათით მეტ ხანს გაგრძელდა). გადაჭარბებული აკადემიურობა სწორედ ის ჟანრია, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებას ყველაზე ნაკლებად უხდება. სრულიად გაუგებარი მიზეზით ორგანიზატორები ჯიუტად ცდილობენ დაჯილდოების ცერემონიალს ზეიმის განწყობა დაუკარგონ, არადა, „საბას“ რეალურად აქვს შანსი გაცილებით დიდ დღესასწაულად იქცეს.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...