„ოსკარი“ 2015. ვარაუდები
25 სექტემბერი, 2014
5088
print

რბოლა მომავალი წლის 22 თებერვალს დასრულდება, დაახლოებით ერთი თვით ადრე კი მარათონს უმრავლესობა გამოაკლდება და გზას რჩეულებს დაუთმობენ. ეს 15 იანვარს მოხდება, როდესაც ამერიკის კინოაკადემია 2015 წლის „ოსკარის“ ნომინანტებს დაასახელებს. ამავე დღეს გავიგებთ თუ რა ბედი ეწევა ორ ქართულ ფილმს - გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულსა“ და ზაზა ურუშაძის „მანდარინებს“ (ეს უკანასკნელი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად ესტონეთმა წარადგინა). მანამდე კი გადავხედოთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლებსაც მთავარი ნომინაციის ათეულში მოხვედრის ყველაზე მეტ შანსს აძლევენ.

სიაში პირველ ნომრად ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს „ბირდმენია“ განთესილი. ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალი სწორედ ამ ფილმმა გახსნა, ამრიგად მისი შეფასება უკვე მოასწრეს მსოფლიოს წამყვანმა კრიტიკოსებმა. „ბირდმენი“ კომედიური ჟანრისაა, რაც ინიარიტუსგან დიდ სიურპრიზად შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა თუ ფილმის სიუჟეტს გადავავლებთ თვალს, აშკარაა, რომ აქ დრამა უფრო მეტი გველის. არ არის გამორიცხული ფილმმა კიდევ ერთი ნომინაცია მიიღოს - 80-იანი წლების ვარსკვლავი მაიკლ კიტონი საკუთარი კარიერის საუკეთესო როლს ქმნის.

ნომინაციაში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ლოგიკის სპეციალისტ ალენ ტიურინგის ბიოპიკ „იმიტაციის თამაშებსაც“, რომელიც პირველ ნომინაციას, სავარაუდოდ, მთავარი როლის შემსრულებელ ბენედიქტ ქამბერბაჩსაც მოუტანს. სავარაუდო ნომინანტების პირველ ათეულში ასახელებენ ანჯელინა ჯოლის „გაუტეხავსაც“ - ფილმს მეორე მსოფლიო ომის თემაზე, კონკრეტულად კი სირბილში ოლიმპიურ ჩემპიონ ლუის ძამპერინის იაპონელების მიერ შეპყრობაზე. აქვეა კიდევ ერთი ბიოპიკი - „ყველაფრის თეორია“ (რეჟისორი ჯეიმს მარში), რომელიც სტივენ ჰოკინგის ისტორიას მოგვითხრობს.

აქვეა ისევ და ისევ მეორე მსოფლიო ომი - ამჯერად დევიდ ეიერის „მრისხანება“ ბრედ პიტით მთავარ როლში და კიდევ ერთი ფილმი რეალურ ამბავზე „სელმა“, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის გარშემო იკვრება. ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი ძალიან კარგი ფილმია, ხოლო თემატიკიდან გამომდინარე „ოსკარზე“ ადგილი გარანტირებული ექნება.

სავარაუდოდ არა ერთ ნომინაციაში მოხვდება დევიდ ფინჩერის „დაკარგული გოგონა“ და კრისტოფერ ნოლანის „ვარსკვლავთშორისი“, ასევე რიჩარდ ლინკლეიტერის სრულიად არაჩვეულებრივი „ბიჭობა“ და ბენეტ მილერის „ფოქსქეჩერი“. ამ უკანასკნელის ერთ-ერთ მსახიობ, სტივ კარელს აუცილებლად ექნება ნომინაცია.

ათეულს მიღმა იკითხება უეს ანდერსონის „გრანდ ოტელ „ბუდაპეშტი“, ტიმ ბარტონის „დიდი თვალები“, რობ მარშალის „ტყეში“, მაიკ ლის „მისტერ ტერნერი“, კლინტ ისტვუდის „ამერიკელი სნაიპერი“, ჯონ სტიუარტის „ვარდის წყალი“, ჯონათან გლეიზერის „კანის ქვეშ“, რიდლი სკოტის „ექსოდუსი: ღმერთები და მეფეები“, დენ გილროის „ღამის ჟრუანტელი“, ჯონ მაიკლ მაკდონაჰის „გოლგოთა“, ნედ ბენსონის „ელეანორ რიგბის გაუჩინარება“ და სხვა.

რატომღაც არათუ მთავარ, არამედ მესამე ათეულშიც კი არ ახსენებენ პოლ ტომას ანდერსონის „ჩვეულებრივ ნაკლს“, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელ ჰოაკინ ფენიქსს არა თუ წარმოსახვით ნომინაციაში სვამენ, არამედ ჯილდოს მთავარ პრეტედენტადაც მიიჩნევენ.

გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილი ფილმების დიდი ნაწილი უკვე გამოსულია და შეგიძლიათ მეკობრული საიტებიდან გადმოწეროთ, რამდენიმეს კი თბილისის კინოფესტივალზე არჩვენებენ, ამიტომ დიდი ეკრანისთვის გადაინახეთ. 

 

ია ვეკუა 

 

 

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან