ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
07 ოქტომბერი, 2014
1785
print

გიგა გურასაშვილი 

ქართულ საჭიდაო სამყაროში ჯანყი მინავლდა. ცნობილი მოვლენების შემდეგ ზავი ჩამოწვა, ყოველ შემთხვევაში, დროებითმა სიმშვიდემ მაინც დაისადგურა - უბრად მყოფმა მხარეებმა კომპრომის მიაღწიეს.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთი ნაწილი ვარჯიშის განახლებას იქამდე არ აპირებდა, ვიდრე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე თანამდებობიდან არ გადადგებოდა და არ დაინიშნებოდა ვადამდელი საპრეზიდენტო აჩევნები.

და მაინც, რა გადარიათ მოჭიდავეები? მეამბოხეთა განმარტებით ამის მიზეზი ერთია: ლუკა კურტანიძეს სხვათა დაუკითხავად, ერთპიროვნულად  არ უნდა გადაეყენებინა თანამდებობებიდან  თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელები რევაზ მინდორაშვილი და ბეგი დარჩია.

მოთხოვნები სხვაც ჰქონდათ, მაგრამ კონკრეტულსაც ვერ ასახელებდნენ. ერთადერთი, რასაც ხაზს უსვამდნენ, ეს სწორედ ფედერაციის ხელმძღვანელის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ისმოდა ულტიმატუმიც, რომლის მიხედვითაც ვარჯიშს იქამდე არ განაახლებდნენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს ყურად არ იღებდნენ.

მწვრთნელთა გათავისუფლების შემდეგ წყალი მართლაც აიმღვრა და საქმე იქმამდე მივიდა, რომ ლუკა კურტანიძეს ჯერ კარი აუჭედეს, მერე კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აღმართს აყოლილს კვერცხები დაუშინეს და მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს აქაოდა, ჭიდაობას ღუპავსო.

ბოლო ორი წლის ნაალაფარს თუ გადავხედავთ, მსოფლიო ჩემპიონატებზე ”თავისუფლებისა” და ”კლასიკოსების” მონაგარი თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალში აისახა, რაც თვითკმაოფილების მიზეზად არანაირად არ გამოდგება. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შედეგები ადრეც გვქონია, მაგრამ რაც არ გვქონია ეს განხეთქილებაა, რომლის წყალობითაც ნაკრების წევრები უარს ამბობნენ ვარჯიშზე.

ლუკა კურტანიძემ ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატიდან ერთადერთი მედლით დაბრუნებული ორივე ნაკრების შემხედვარემ გამოსავალი მწვრთნელთა შეცვლაში რომ დაინახა, ერთის მხრივ ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთპიროვნულად მათი დათხონა არასწორად გვეჩვენება, რადგან ჭიდაობისა და მისი შიდა სამზარეულოსი ყველაზე უკეთ, ალბათ, მაინც სამეთვალყურეო საბჭომ უწყის, რომელიც სრულიად იგნორირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფაქტია, კურტანიძეს მათთვის აზრი არ უკითხავს და შესაბამისად, რჩევაც არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად.

ყველაზე ცუდი ამ მდგომარეობაში მხარეთა შორის შეურიგებელი, პრინციპული დამოკიდებულება აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც კურტანიძე ფედერაციის სადავეების დათმობას და შესაბამისად, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. მოჭიდავეები კი იქამდე არ აპირებენ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის სათავეში კურტანიძე დარჩება. ამგვარად განვითარებული მოვლენების წყალობით თავისუფალ და ბერძენ-რომაელთა ახლადდანიშნულ მთავარ მწვრთნელებს ნუგზარ სხირელსა და მიხეილ სალაძეს დაცარიელებული დარბაზებით დაკმაყოფილება უწევთ. აქვე აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ სხირელისა და სალაძის საწინააღმდეგო მოჭიდავეებს არაფერი აქვთ. საქმე მხოლოდ პრეზიდენტშია.

”ვარჯიშები იქამდე არ განახლდება, ვიდრე ლუკა კურტანიძე თანამდებობიდან არ გადადგება. ეს არის ბიჭების, მწვრთნელების და მთელი ჭიდაობის სამყაროს გადაწყვეტილება. ასე იქნება დარბაზი ცარიელი, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება”, - კატეგორიული ჩანდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი.

ცხადია, უვარჯიშებლობა ისევ მოჭიდავეებს თუ ავნებდათ, ამიტომაც ბოლომდე ფორმიდან რომ არ ამოვარდნილიყვნენ მათი უმეტესობა დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად, პირად მწვრთნელებთან აგრძელებს ვარჯიშს, რაც, რა თქმა უნდა, შორსაა სანაკრებო გუნდური ვარჯიშისგან.

განხეთქილებაში ლუკა კურტანიძემაც მიაგნო გამოსავალს და ესეც ერთგვარი ულტიმატუმი გამოდგა. კერძოდ, თუ ვარჯიშზე უარს ვამბობთ, მაშინ დაინიშნება საქართველოს ჩემპიონატი, რომლის მიხედვითაც ახალი ნაკრები გამოიკვეთება. ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გავა. ანუ ნაკრების წევრები სტატუსით ჩამოქვეითდებიან და მოგვევლინებიან არა პირველ ნომრებად, არამედ ნაკრების კანდიდატებადი.

”ვისაც უნდა საქართველოს ღირსების დაცვა, მზად ვართ ეს ადამიანები გავწვრთნათ. ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი და ვინც იქ მიიღებს მონაწილეობას და გაიმარჯვებს, ის ჩაერთვება საერთაშორისო ტურნირებში. ჩვენ ულტიმატუმების გარეშე უნდა ვსაუბრობდეთ”, - ორიოდე დღის წინათ აცხადებდა ლუკა კურტანიძე.

ერთის მხრივ ფედერაციის პრეზიდენტის ეს გზავნილი იმაზე მიუთითებს, რომ შეუცვლელი არავინაა, მაგრამ არის მეორეც: თუ ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა, რომელიც ამ ეტაპზე უძლიერესად ითვლება საქართველოში, მსოფლიო ჩემპიონატზე საწყის წრეებშივე ეთიშება ასპარეზობას, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რა მოელით იმავე ნაკრების ახალბედა წევრებს, გნებავთ მეორე ნომრებს.

ერთი სიტყვით, ასეც და ისეც არცთუ კარგ პერსპექტივასთან გვაქვს საქმე. ასე რომ, აუცილებელი გახდა მხარეებს შორის კომპრომისი. კომპრომისი, რომელიც დღეს ნაწილობრივ მაინც მიღწეულია - თავისუფალი და ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ხვალიდან ვარჯიშს განაახლებენ, ყოველ შემთხვევაში, დღის პირველ ნახევარში ასეთი პირობა გაისმა, მაგრამ არც ის უნდა გაგვიკვირდეს თუ ფალავანთა კლუბი ხვალაც დაცარიელებული აღმოჩნდება.

როგორც არ უნდა იყოს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს, რომელიც დიდი ალბათობით ხმაურით ჩაივლის.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან დააახლოებით 3-საათიანი და ჟურნალისტებისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ ოფიციალური კომენტარი თავად მინისტრმა გააკეთა: ”ვითარება რთულია, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით მისი დაძლევა შესაძლებელია. პრეზიდიუმი იმსჯელებს რიგგარეშე არჩვენების ჩატარების შესახებ. ვიმედოვნებ ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები კანონის საწინააღმდეგოდ არ წარიმართება, რადგან წესდების დაცვა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია”.

საგულისხმოა ვეტერანი მოჭიდავის, ფედერაციის პრეზიდიუმის წევრის გურამ საღარაძის დღევანდელი განცხადებაც: “მთელი საჭიდაო სამყარო ერთსულოვნად ითხოვს ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. ლუკა კურტანიძეს ისღა დარჩენია, მიიღოს ვაჟკაცური გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვოს. დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდება მუშაობა რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად”.

ეგაა, ამ ყოველივეს არ ეთანხმება ლუკა კურტანიძე და აცხადებს, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს: "სამეთვალყურეო საბჭომ უნდა იმუშაოს მაშინ, როდესაც ქმედითი არაა ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 

მე არაფრის დათმობას არ ვაპირებ”.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის