”საჩუქრის” საჩუქრები
08 ოქტომბერი, 2014
1666
print

ცხოვრება თეატრია, თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა, მაგრამ იმის დამატება კი დაავიწყდა, რომ ქართული თეატრი თავადაც თეატრია - გმირებით, ანტიგმირებით, სცენაზე გათამაშებული ამბითა და კულისებში დარჩენილი ინტრიგებით. დაახლოებით მსგავსი რამ ხდება ფესტივალ ”საჩუქართან” დაკავშირებით, რომლის მთავარი გმირებიც ქეთი დოლიძე და რობიკო სტურუა არიან. ფესტივალი 17 ოქტომბერს გაიხსნება და ერთ თვეს გასტანს, მაგრამ მის პროგრამაში რუსთაველის თეატრის სახელწოდებას ვერ ამოიკითხავთ, რადგან სწორედ ასე ინება სტურუამ.

”საჩუქართან” დაკავშირებული პრესკონფერენცია სწორედ ამ დაპირისპირების განხილვით დაიწყო. მისი ბეგრაუნდი საზოგადოებისთვის ცნობილია - სტურუასა და დოლიძეს შორის შავი კატების მთელმა გუნდმა გაირბინა, შედეგად რუსთაველის თეატრი მანამდე დაგეგმილი სპექტაკლების გარეშე დარჩა, ”საჩუქარს” კი პროგრამის გადაწყობა მოუხდა.

აღმოჩნდა, რომ სიტყვიერი შეპირების შემდეგ რუსთაველის თეტრმა ”საჩუქრისთვის” საკუთარი სცენის დათმობა გადაიფიქრა, რის შესახებაც ფესტივლის ორგანიზატორებმა მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში შეიტყვეს. მიმართეს კულტურის სამინისტროს, რომელმაც საკითხის მოგვარება სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასთან ხან ოფიციალური წერილით, ხანაც პირადი საუბრებით სცადა, თუმცა უშედეგოდ - რობიკო სტურუა ცივ უარზეა და რუსთაველის თეატრის სცენის დასაქირავებლად დაახლოებით 50 ათას ლარს ითხოვს (თეატრის დაქირავება ერთი დღით თურმე 14 ათასი ლარი ღირს, ამას ემატება რეპეტიციებისთვის საჭირო დღეების ქირაც), რისი გადახდის საშუალებაც ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე ”საჩუქარს” არ აღმოაჩნდა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ფესტივალის რამდენიმე სპექტაკლი, მათ შორის ”ჰედლაინერი” ”რადიო მაკბეტი”, რომელსაც აშშ-ს თეატრალური კომპანია ”სითი” წარმოადგენს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. აქ რუსთაველის თეატრთან შედარებით პატარა სცენა და დარბაზია, შესაბამისად ”რადიო მაკბეტის” რეჟისორ ან ბოგარტს მთელი სპექტაკლის გადაწყობა მოუწია.

მოკლედ, ძალიან საარაკო ამბავია: აქეთ ქეთი დოლიძე, იქით რობიკო სტურუა, შუაში კულტურის სამინისტრო, გარშემო კი მეტ-ნაკლებად დაზარალებული მაყურებელი, რომელიც ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლს გაცილებით ვიწროდ ნახავს.

საბედნიეროდ, ასეთი ფონის მიუხედავად, ”სითის” და, მასთან ერთად, ან ბოგარტსაც თბილისში ჩამოსვლაზე უარი არ უთქვამს, ამრიგად ჩვენი მაყურებელი გასული საუკუნის 30-იან წლებში გათამაშებულ ”მაკბეტს” აუცილებლად ნახავს (”საჩუქარი” 17 ოქტომბერს სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნება).

ანი ბოგარტის გარდა ჩამოდის ანდრეი კონჩალოვსკიც. მას თბილისში სპექტაკლიც ჩამოაქვს და მხატვრული ფილმიც. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის ”სამი დაა”, ფილმი კი წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის ”ვერცხლის ლომის” მფლობელი ”ფოსტალიონ ანდრეი ტრიაპიცინის თეთრი ღამეები”. ეს გახლავთ რუსეთის ყველაზე მიკარგული სოფლის მაცხოვრებლებისა და მათი ცივილიზაციასთან დამაკავშირებელი ადამიანის ისტორია, რომლითაც კონჩალოვსკიმ თავისი რუსული ტრილოგია დაასრულა (ფილმის ჩვენება 15 ნოემბერს შედგება).

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება გამოფენებიც: კინომსახიობთა თეატრში 1 ნოემბრამდე გაგრძელდება ვალერი პლოტნიკოვის გამოფენა, ხოლო 2 ნოემბრიდან აქ გია ჯაფარიძის ნამუშევრებს იხილავთ. აქვე გაიმართება მანანა მენაბდის კონცერტიც (23 ოქტომბერს), ხოლო საფრანგეთიდან ჩამოსული ”კომპანი დე ქუიდამის” ქუჩის წარმოდგენებს 25 და 26 ოქტომბერს აბანოთუბანში ნახავთ.

სრული საფესტივალო პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე giftfestival.ge.

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“