ლიტერატურული ნობელი მოდიანოსია
09 ოქტომბერი, 2014
1452
print

რამდენიმე საათის წინ წლის ყველაზე ხმაურიანი ლიტერატურული ჭორაობა შეწყდა და ამბის ოფიციალური ვერსია გამოქვეყნდა: 2014 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგ პატრიკ მოდიანოს გადასცეს. ნობელის პრემიის კომიტეტი გამარჯვებულისთვის ჯილდოს მინიჭებას შემდეგნაირად ხსნის: „მოგონებების გადმოცემის ხელოვნებისთვის, რომლითაც ადამიანის ყველაზე შორეულ ოცნებასა და ოკუპაციის პირობებში ცხოვრებას აღწერს“.

როგორც კი ნობელის კომიტეტმა მოდიანოს სახელი ახსენა, მაშინვე ყველამ დაივიწყა ის ავტორები, რომელთა გვარებსაც ჟურნალისტები და ბუკმეკერები ყველაზე ხშირად ასახელებდნენ. მაგალითად, ჰარუკი მურაკამისა, რომელსაც ყველა, ლიტერატურაში სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანებიც კი ნობელის ფავორიტად მიიჩნევდნენ. არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან ამ იაპონელს ავტორს შემოქმედებითი სიმწიფის პიკი აქვს, მკითხველში პოპულარულია, ფანები მასზე აფრენენ და ასე შემდეგ.

მურაკამის პარალელურად ისმოდა კენიელი ნგუგი ვა თიონგ’ოსა და ბელორუსი სვეტლანა ალექსიევიჩის სახელებიც, თუმცა სადაც მურაკამის არ გაუმართლა, იქ ეს ორი რას გახდებოდა.

წელს ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი 113-ედ გაიმართა. 6 ოქტომბრიდან დღემდე მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დარგებში პრემიების ლაურეატები დაასახელეს, დღეს კი ლიტერატურის ჯერი დადგა და მსოფლიოს პატრიკ მოდიანოს წარმატების შესახებაც აუწყეს.

პატრიკ მოდიანო 1945 წელს დაიბადა და, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს არ მოსწრებია, საკუთარი ლიტერატურა ამ პერიოდს მაინც მჭიდროდ დაუკავშირა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა კიდეც: „მე წარსულითა და წინაისტორიებით ვარ შეპყრობილი. ჩემი ნაწარმოებების მთავარი გმირი დროა, უმეტესად წარსული, წლებში ჩაკარგული, მივიწყებული და ზოგჯერ სამარცხვინოც. ამიტომაც ვწერ ხშირად ოკუპაციაზე, იმ ადამიანებზე, რომელთა სახელებიც ჩვენი მეხსიერებიდან დრომ წაშალა“.

ადვილად სავარაუდოა, რომ მალე ჩვენი გამომცემლობები პატრიკ მოდიანოს ნაწარმოებების თარგმნასა და გამოცემას დაიწყებენ, თუმცა თუ მანამდე გსურთ ამ ავტორს გაეცნოთ, მაგრამ პირად ბიბლიოთეკაში ვერ აღმოაჩენთ, მაშინ შეგიძლიათ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიაკითხოთ. აქ გიორგი ეკიზაშვილის მიერ თარგმნილ „დორა ბრუდერსა“ და ეკა ენუქიძის მიერ გადმოქართულებულ „უცნობ ქალებს“ ნახავთ, ხოლო ერთ-ერთ ინტერნეტპორტალზე უცნობი მთარგმნელის „ცირკი მოდის“ დევს.

ჯერჯერობით სულ ეს არის, რაც ნობელის პრემიის ახალ ლაურეატზე შეგვიძლია ვთქვათ, კინომოყვარულებისთვის კი დავამატებთ, რომ ლუი მალის „ლაკომბ ლუსიენის“ სცენარის თანაავტორი სწორედ დღევანდელი გმირი გახლავთ.

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული