უვარგისი მდედრობითი სქესი
10 ოქტომბერი, 2014
1820
print

ეკატერინე ლოლუა

გენდერული თანასწორობა საქართველოში „ნასესხები“ ტერმინია და მნიშვნელობა უმრავლესობისთვის გაუგებარია. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ, როცა თანამედროვე სამყაროში ცდილობენ თავის დამკვიდრებას. გენდერული თანასწორობა ჩვენს ქვეყანაში ცვალებადი ტერმინია და მისი გამოყენება საჭიროებისამებრ, კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებით ხდება. ქალის და მამაკაცის კონსტიტუციური თანაბარუფლებიანობა, შავით თეთრზე დაწერილი, უზენაესი კანონია, რომელიც რიგით წარწერად რჩება. რეალურად კი ქალი დღემდე სუსტ სქესთან ასოცირდება და მის უფლებებს მხოლოდ პირობითად ჰქვია „უფლება“.

გენდერული ბალანსის რღვევის ერთადერთი და უმთავრესი მიზეზი გენდერული სტერეოტიპებია. ვერც პოლიტიკა, ვერც კულტურა და ვერც რელიგია ისე ვერ ვნებს ქალს, როგორც დამკვირდებული სტერეოტიპები; სქესის გამო მიწერილი უფლება-მოვალეობები და „სავალდებულო“ მახასიათებლები. ვითომ ძველი არ გვყოფნიდეს, ფსევდო-ლიბერალური ორგანიზაციები დღემდე ატარებენ ზედაპირულ კვლევებს ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებების გამოსაკვეთად. კვლევებს, რომლებიც იმთავითვე სექსისტური იდეოლოგიითაა გაჟღენთილი და მომართულია ქალებისა და მამაკაცების აბსოლუტურად განსხვავებულ არსებებად წარმოჩენისკენ. ასეთი ტიპის კვლევებში ადამიანები სქესის მიხედვით იყოფიან ორ ჯგუფად, რადიკალურად განსხვავებული თვისებებით, უნარებითა და მსოფლმხედელობით. არსებობს შედარებით არაპოპულარული სიღრმისეული კვლევებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სქესს და ორივეს, ქალსაც და მამაკაცსაც გააჩნიათ ერთნაირი პოტენციური მონაცემები შეასრულონ ერთი და იგივე საქმე.

საქართველოში გენდერულ პრობლემებზე დავა იმბეცილური არგუმენტების დაპირისპირებას ვერ გასცდა. როგორც კი ქალი ხმას აიმაღლებს და თანასწორუფლებიანობაზე იწყებს საუბარს პასუხობენ „წადი და მაღაროს მუშად იმუშავე თუ თანასწორობა გინდაო“. ერთი ხელის მოსმით ყოფენ „ქალის“ და „კაცის საქმეს“ ერთმანეთისგან. სინამდვილეში ნებისმიერი საქმის კეთებას სჭირდება ინტელექტუალური და მექანიკური უნარები, რომელიც მამაკაცსაც და ქალსაც თანაბრად გააჩნია. დამტკიცებულია, რომ არ არსებობს საქმიანობა, რომელსაც მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები გაართმევენ თავს. ქალს თავისუფლად შეუძლია მართოს ტრაქტორი, იმუშაოს მაღაროში, მშენებლობაზე ზიდოს აგური და სხვა მძიმე მასალა და იმუშაოს ფიზიკურად. ხოლო თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს, რომ თანასწორობის მომხრე ქალი პირდაპირ მძღოლად, ან აგურის მზიდავად გავუშვათ, არამედ იმას, რომ მიეცეს საშუალება თავისით აირჩიოს პროფესია და დასაქმდეს იმით, რაც შეუძლია და მოსწონს. არ უნდა იდევნებოდეს ის გენდერული კუთხით. მამაკაცი არ უნდა იყოს პრივილეგირებული მხოლოდ სქესის გამო.

HR.GE ვაკანსიების საძიებელი ინტერნეტ გვერდია, სადაც კომპანიები და ორგანიზაციები საჭირო კადრებს ეძებენ დასასაქმებლად. მათ, გამოცხადებულ ვაკანსიებზე მითითებული აქვთ აუცილებელი მახასიათებლები, განათლება და სამუშაო გამოცდილება. ხშირად გენდერული სტერეოტიპების გამო კადრების ძიებისას ურცხვადაა მითითებული, რომ კომპანია/ორგანიზაცია მამრობითი სქესის აპლიკანტებს ანიჭებს უპირატესობას. ასეთ დაყოფას, ძირითადად, წამყვან პოზიციებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე ნახავთ. დამკვიდრებული აზრით, მამაკაცებს უკეთ გამოსდით მართვა და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობა. საზოგადოებაში იმდენად გამჯდარია ეს მოსაზრება, რომ ვაკანსიების გამოცხადებისას მინიჭებულ გენდერულ პრიორიტეტში შეიძლება პრობლემას საერთოდ ვერ ხედავენ და ამას გენდერულ დისკრიმინაციად არ თვლიან.

„ქალი კუხნაში“ ადრე ხუმრობა მეგონა და ამ ფრაზის მიღმა არსებულ რისკებს სულაც არ აღვიქვამდი სერიოზულად. ზოგადად, სქესთა შორის ბალანსის დარღვევა და პატრიარქალური აღზევება ჩვენს ქვეყანაში ქალების პასიურობისა და რეალობასთან შეგუების ბრალი მეგონა. ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად ვხდები გენდერული ჩაგვრის მსხვერპლი, მიუხედავად არაპასიური პოზიციისა. მამაკაცთან ერთად მაღაზიაში შესულს არ მისმენენ და ჩემს გვერდით მდგომი მამაკაცის სიტყვას ელოდებიან. მანქანებსა და სპორტზე საუბრისას ხშირად მიჭრიან სიტყვას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის და რადგან ქალი ვარ, არ შემშვენის ამ თემებზე საუბარი.

ერთხელ, ტექნიკის მაღაზიაში ძალიან გარკვევით ჩამოვაყალიბე თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს და რატომ მინდა კონკრეტული პროდუქტი, და არა ის, რაც „ქალებს მოსწონთ ძირითადად“. თუმცა ჩემი სიტყვა ვის აღელვებს, მე ხომ მამაკაცი მახლავს და ის ხომ უფრო კომპეტენტურია ტექნიკაში?! დიახ, ქალს არ აქვს უფლება იცოდეს ოპერატიული მეხსიერება, მისი საქმე ხომ „კუხნაა“. თითქოს სიტყვაც არ მითქვამს, კონსულტანტი ჩემს გვერდით მდგომ მამაკაცს მიუბრუნდა და ჰკითხა, აიღებთ „ამ“ პროდუქტს, გოგონები დიდად ვერ ერკვევიან, მხოლოდ გაგონილის სჯერათ და ჭკვიანურსაც ვერაფერს გირჩევენ, თავად გადაწყვიტეთო.

ხშირად მიფიქრია, რა ბედნიერები არიან სკოლის ბავშვები და სტუდენტები, რომლებსაც გენდერული ბარიერები არ ექმნებათ სასწავლო დაწესებულებებში და განათლების მიღების თანასწორი უფლება აქვთ. თუმცა, ძალიან ვცდებოდი და თურმე არც სასწავლო დაწესებულებებშია გენდერული ბალანსი დაცული.

19 სექტემბერს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრს, სსიპ „აიტი“-ს ვეწვიე სახელმწიფო პროფესიულ კურსებზე დასარეგისტრირებლად. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც ფასიან მოკლევადიან კურსებს, ასევე სახელმწიფო პროფესიულ გრძელვადიან კურსს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. მე უფასო კურსებზე დასარეგისტრირებლად მივედი. ძალიან მინდა კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების შესწავლა. რეგისტრაციისთვის აუცილებელ პროცედურას გავდიოდი (პირად მონაცემებს ვკარნახობდი რეგისტრატორს), როდესაც „ვიღაც“ ქალი შემომიჩნდა, ჩვენ კომპიუტერული გრაფიკის კურსებიც გვაქვს და გოგონები იქ ეწერებიანო. ვცადე ზრდილობიანად ამეხსნა, რომ არ მაინტერესებდა ვინ სად ეწერება და მე ქსელები და სისტემები უფრო მიზიდავს, თუმცა ქალი არ მომეშვა, დამისვა ისეთი უცნაური კითხვები, როგორიცაა, ვიცი თუ არა, რომ გოგო ვარ, რატომ გადავწყვიტე მათთან მისვლა, საერთოდ რა განათლება მქონდა მიღებული მანამდე და რატომ ვარ ამბიციური. გარწმუნებთ, არც ერთი შეკითხვის დასასმელი საბაბი არ მიმიცია. ბოლოს გამომიცხადა, რომ ჩემი ადგილი ამ კურსებზე არ არის რადგან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ვარ, განმიცხადა, რომ თავად იყო დასაქმების მენეჯერი, მე არ დამასაქმებდა და უახლოეს მომავალში დამიმტკიცებდა, რომ იქ ჩემი ადგილი არ არის. მე მორჩილად ვუსმინე, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების უფასო კურსებზე დავტრეგისტრირდი და ტერიტორია დავტოვე.

ერთი შეხედვით, საწადელს მივაღწიე და იმ ქალის, ქ-ნი თამარის საუბარი უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა, მე აქ უდიდეს პრობლემას ვხედავ. ვხედავ გენდერული კუთხით განათლების უფლების შეზღუდვას. შეიძლება მე, ეკატერინე ლოლუამ ამ ქალის სიტყვები არაფრად ჩავაგდე, პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე, მაგრამ ვიღაც შეიძლება ამ სტერეოტიპულ აზროვნებას ემსხვერპლოს და სასურველი განათლება მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღოს, რომ ეს „ქალის საქმე არაა“. ვიღაც შეიძლება დაფიქრდეს: „თუ მე ვერ დავსაქმდები არჩეული პროფესიით, მაშინ ხომ არ სჯობს არჩევანი შევცვალო?!“ ერთი ტრაგედია ის არის, რომ ამ სასწავლებელში „ვიღაც“ გაკადნიერდა და თავს უფლება მისცა სქესის მიხედვით ერჩია სტუდენტისთვის პროფესია, მეორე და უარესი ტრაგედია კი ის არის, რომ ეს ადამიანები საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სახელმწიფო პროგრამას კურირებენ და სახელმწიფოს სახელით ეწევიან გენდერულ დისკრიმინაციას.

დღეს ბევრმა, შესაძლოა, ამ ისტორიაში დიდი ტრაგედია ვერ დაინახა, თუმცა ხვალ, როცა მას გენდერული კუთხით მიაწერენ უფლება-მოვალეობებს, შეზღუდავენ და შეავიწროვებენ, მიხვდება, რომ სწორედ ვერბალური პატრიარქალური ამოძახილები ქმნიან გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც შემდეგ მკვიდრდება საზოგადოებაში და წეს-ჩვეულების სახეს იღებს. ყოველი ჩვენი სიტყვა - ჩვენსავე წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული, და თუ ერთხელ ქალს წამოსცდა, მე ნაზი არსება ვარ და შეშის ჩეხვა არ შემიძლიაო, ახლა ეს საქვეყნოდ დამკვიდრებული წესია, რომ შეშის ჩეხვა ქალის საქმე არ არის. წინადადება, რომელიც იწყება სიტყვებით „ზოგადად, ქალები“ და გულისხმობს ქალებს, როგორც ერთ ქვაბში მოხარშულ ფენომენს, ყოველთვის ახალი გენდერული სტერეოტიპის ჩანასახია.

 

 

სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი