ჯაზი ბრისტოლიდან თბილისში ჩამოდის
20 ოქტომბერი, 2014
1374
print

როგორც წინა სტატიაში გაუწყებდით, თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის აფიშაში ჩანიშნული 26 ოქტომბრის კონცერტი ივენთ ჰოლიდან თბილისის საკონცერტო დარბაზის ცენტრალურ სცენაზე გადაიტანეს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ დღეს ჩვენი მსმენელი ორი გენიოსის კონცერტს მოისმენს, მათზე დასწრების მსურველთა რაოდენობა კი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ „ისტერნ პრომოუშენმა“ დიდი დარბაზის კარი გახსნა. 26 ოქტომბერი ენდი შეპარდისა და როი ეიერსის დღეა, ჯაზფესტივალის დახურვის პატივი კი სტენლი კლარკსა და მის ბენდს ერგო.

საქსოფონისტი ენდი შეპარდი თბილისში სამ მუსიკოსთან ერთად ჩამოდის. ბრიტანელი საქსოფონისტი მიმდინარე ტურნეს სწორედ მათთან ერთად ატარებს. აღსანიშნავია, რომ ბენდი ბრისტოლელი მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული, ენდი შეპარდის კონცერტი კი თბილისსა და ბრისტოლს შორის არსებული მეგობრობის საიუბილეო თარიღსაც ეხმიანება. ბენდის ერთ-ერთი წევრი, გიტარისტი დენი ილეტი ამავდროულად Bristol International Jazz & Blues festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა. მან ამავე თარიღის აღნიშვნის მიზნით რამდენიმე თვის წინ ბექა გოჩიაშვილი თავის ფესტივალზე მიიწვია, ამრიგად ენდი შეპარდის ბენდის თბილისში სტუმრობა საპასუხო ჟესტია. მნიშვნელოვანია, რომ ბენდი შეასრულებს მუსიკას, რომელსაც ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ პირველად მოისმენენ, ამრიგად ამ კონცერტის გამოტოვება ნამდვილად არ შეიძლება.

თავად ენდი შეპარდი კი ვარმინსტერიდანაა, სადაც 1957 წელს დაიბადა და პირველი ინსტრუმენტიც აქ მოარჯულა. თავიდან პატარა ბარებში უკრავდა, კვირაში თითო ბენდს იცვლიდა, ერთხანს პარიზშიც კი გადავიდა და იქაურ ჯაზმენებს დაუმეგობრდა. ბრისტოლში 80-იანი წლებიდან ჩავიდა და იქაც მოძებნა ბენდი, 1989 წელს კი უკვე მეორე სოლოამბომი Introductions In The Dark ჩაწერა, რომელმაც ბრიტანეთის ჰიტ აღლუმებშიც შეაღწია. შემდეგ ყველაფერი ინერციით აეწყო: თანამშრომლობა ცნობილ მუსიკოსებთან ცოცხალი კონცერტები, სტუდიაში მუშაობა, ტურნეები და, ბოლოს, თბილისის ჯაზფესტივალი...

როგორც კი ენდი შეპარდი სცენას დატოვებს, მის ადგილს ვიბროფონისტი როი ეიერსი დაიკავებს. ამ კონცერტისთვის სულ სხვა განწყობა დაგჭირდებათ, რადგან ეიერსი და კომპანია ჯაზისა და სხვა საიდუმლო კომპონენტებისგან შემდგარ კოქტეილს გვიმზადებს. როი ეიერსი ეისიდ ჯაზის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა (რომელიც თავის მხრივ ჯაზს, ჰიპ-ჰოპს, სოულს, დისკოსა და ფანკს აერთიანებს) მას მოიხსენიებენ როგორც ნეოსოულის ნათლიას, ხოლო კომპოზიციები Everybody Loves The Sunshine, Don't Stop The Feeling, Running Away და Searchin დღემდე ყველა დროის ჰიტებად მიიჩნევა. ახალგაზრდა მსმენელს კი იმით დავაინტერესებთ, რომ ფარელ უილიამსი როი ეიერსს თავის ერთ-ერთ გურუდ მიიჩნევს.

თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალს, როგორც გითხარით, სტენლი კლარკი დახურავს. ხუთი „გრემის“ მფლობელი ბასისტი სცენაზე საკუთარ ბენდთან ერთად გამოვა, რომლის შემადგენლობაში ბექა გოჩიაშვილიც გახლავთ. სტენლი კლარკი ერთმნიშვნელოვნად ჯაზის ცოცხალი ლეგენდა გახლავთ. მის უკან თითქმის 40 წლიანი კარიერა დგას, რაც უამრავ საინტერესო ადამიანთან თანამშრომლობას, არა ერთ ჟანრში მუშაობას, სხვა და სხვა სტილი შემუშავებასა და თანამედროვე მუსიკაში შეტანილ უდიდეს წვლილს ნიშნავს. ნიშნავს იმასაც, რომ სტენლი კლარკი პირველი ჯაზმენია, რომელიც „როლინგ სტოუნმა“ წლის მუსიკოსად დაასახელა - ეს კი უკვე ისტორიაა. დეივ ბრუბეკი, დექსტერ გორდონი, ჩიკ კორეა, ჯილ ევანსი, ნატალი კოლი, დი დი ბრიჯუოთერი, სტენ გეცი, ჯორჯ დუკი, ალ დი მეოლა (თბილისის ჯაზფესტივალის კიდევ ერთი ჰედლაინერი) და უამრავი სხვა - ეს ის ადამიანებია, რომლებთანაც სტენლი კლარკს უმუშავია, ახლა კი მათ რიცხვს ბექა გოჩიაშვილის სახელიც შეემატა, რომელთან ერთადაც კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად 2014 წლის ალბომ Up-ში შესულ კომპოზიციებსაც შეგვისრულებს.

24 და 25 ოქტომბრის კონცერტების ბილეთები უკვე გაყიდულია, ამრიგად ვინც თადარიგი არ დაიჭირა, ამ საინტერესო მუსიკოსების მოსმენას ამჯერად ვერ შეძლებს. თუმცა დანარჩენი დღეების ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ. ჯაზფესტივალს ტრადიციულად საქართველოს კულტურის სამინისტრო და თიბისი სტატუსი წარმოადგენს, ეს უკანასკნელი კი მომხმარებელს კვლავ სთავაზობს საჩუქარს: TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ისა და TBC Status-ის მფლობელებისთვის ექსკლუზიური ფასი მოქმედებს (15-20%-იანი ფასდაკლება. შეღავათი მხოლოდ სალაროში შეძენილ ბილეთებზე ვრცელდება). ბილეთების ფასები და სხვა დეტალები იხილეთ ვებგვერდზე tbilisijazz.com.

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის