ბიუჯეტი 2014 შარშანდელ გზას დაადგა!
24 ოქტომბერი, 2014
2058
print

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე

რამდენიმე დღეც და საბიუჯეტო ცხოვრების 10 თვეც მიიწურება. დარჩენილია 6 სამუშაო დღე. ხარჯები გაწეულია 6, 722 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ ახლა სრულდება 9 თვის გეგმა, რომელიც 6, 748 მილიარდი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. ერთია დროში და ხარჯვაში ჩამორჩენა და მეორე სანახევროდ გაკეთებელი საქმე, რომელიც ასე ელის დამთავრებას. ნოემბერ-დეკემბერში უნდა დაიხარჯოს თვეში საშუალოდ ერთ მილიარდ ლარზე მეტი. ეს საეჭვოა, რომ მოხერხდეს, თანაც, თანხები რომც გადაერიცხოს მხარჯავ ერთეულებს, ისინი ვერ მოასწრებენ დარჩენილ პერიოდში გათვალისწინებული პროექტების განხორციელებას და მათი სამომავლოდ გადატანის აუცილებლობის წინაშე დადგებიან.

2014 წლის ბიუჯეტი აგრძელებს გასული წლის ბიუჯეტის პარადოქსულ ტრადიციებს: ფული არის და ვერ იხარჯება, ხარჯვა ხდება არარიტმულდ, საბიუჯეტო წლის განმავლობაში არათანაბარზომიერად, ძირითადი დატვირთვა მოდის ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რაც თავის მხრივ იწვევს ფულის მასის ზრდას, ძლიერ ზეწოლას ლარზე და ქმნის მისი დევალვაციის საფრთხეს.

2014 წლისიანვარ–სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობის 101 პროცენტი შეადგინა. მისი ოდენობა 6,504 მილიონ ლარი იყო. ამით აღმოიფხვრა ის გარღვევა, რომელიც შემოსავლების მობილიზების კუთხით არსებობდა მთელი რვა თვის განმავლობაში. ჩამორჩენა, ძირითადად, განპირობებული იყო უცხოური გრანტებისა და კრედიტების დაგვიანებით, რაც მთავრობის მიერ დაგეგმილი პროგრამების შეუსრულებლობით იყო გამოწვეული. ერთ თვეში მთავრობას იმდენი თანხა ჩაერიცხა საგარეო სესხებიდან , რაც არ ჰქონდა მიღებული მთელი რვა თვის განმავლობაში. ასევე სრულად შემოვიდა ამ პერიოდისთვის დაგეგმილი გრანტებიც. მთლიანობაში, სექტემბერში ერთ მილიარდ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხერხდა, რის შედეგადაც კვარტალური გეგმისგან ჩამორჩენა აღმოიფხვრა.

მიუხედავად ამისა, წინა თვეებში წარმოქმნილმა დისბალანსმა დაღი დაამჩნია ბიუჯეტის შესრულებას. კერძოდ, კვლავ მძიმე მდგომარეობაა თანხების დროულად ათვისებისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების კუთხით. ეს კი მრავალი მნიშვნელოვანი პროგრამის ჩავარდნას ნიშნავს.

2014 წლის იანვარი-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა შეადგინა 6, 183 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმიური მაჩვენებელის (6 748მილიონილარი) მხოლოდ 91.6 პროცენტია.

მიმდინარე წლის 8 თვეში დახარჯული იყო 5,3 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილ 4 თვეში უნდა ათვისებულიყო 3,8 მილიარდი ლარი, ანუ მთელი დაწოლა წლის ბოლო თვეებზე უნდა მოსულიყო. მთავრობა იმედს გამოთქვამდა, რომ დარჩენილ თვეებში ჩამორჩენას გაასწორებდა. შემოსავლების ნაწილში ეს მართლაც შეძლო, მაგრამ მიღებული თანხები ზედმეტი ნაშთის სახით საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ხაზინის ანგარიშებზე დაილექა, ხოლო როგორც ვერ ახერხებდა რესურსების დროულ ათვისებას, ისევე გაგრძელდა ეს ტენდენცია სექტემბრის თვეშიც.

9 თვის ხარჯვის სურათი ასე გამოიყურება: გეგმის მიხედვით გასავლების ოდენობა უნდა ყოფილიყო 7, 748 მილიარდი ლარი, რეალური შესრულება აღმოჩნდა 6, 183 ლარი, დანაკლისი -565 მილიონი ლარი, ანუ ბიუჯეტის ხარჯები გეგმას, როგორც ზემოთ აღინიშნა, თითქმის 9 პროცენტით ჩამორჩება.

ასიგნებების ათვისება ვერ ხერხდება სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განუხორციელებლობის გამო. მშენებლობებისათვის ხელაყრელი თბილი თვეების ფაქტორი ვერ იქნა ეფექტიანად გამოყენებული და შემოდგომა-ზამთარში კიდევ უფრო გართულდება ეს პროცესი. ამაში ცუდი ისიცაა, რომ ბიუჯეტის შემოსავლებში რადგან ხდება ნაშთების დაგროვება, იქმნება ილუზია ზედმეტი თანხის ქონისა და ჩნდება ცდუნება, გამოყენებული იქნას იგი ისეთი სფეროების დასაფინანსებლად, რომელსაც ექნება ინფლაციური ეფექტი.

ბიუჯეტში ნაშთის სახით არსებული თანხა თითქმის უტოლდება მთავრობის მიერ 2014 წლის სექტემბრამდე აღებულ საშინაო ვალს. აქაც პარდოქსული ვითარება იკვეთება-ხდება ვალის წინმსწრებად აღება საკმაოდ მაღალი პროცენტით და შემდეგ მისი გაყინვა ხაზინის ანგარიშებზე.

2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილი იყო 9,105 მილიარდი ლარის ოდენობით, აქედან 1,636 მილიარდი არის სესხი ( ანუ მთელი შემოსავლების 18 პროცენტი). 600 მილიონ ლარს იღებენ ვალად სახაზინო ვალდებულებების განთავსების გზით ქართული კომერციული ბანკებიდან, ერთ მილიარდ ლარზე მეტს კი უცხოეთიდან (საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად და სხვა საჭიროებებისათვის). ბიუჯეტიდან არათანაბარზომიერი ხარჯვის ფაქტორის გათვალისწინებით, შიდა ვალი საერთოდ რომ არ ყოფილიყო ამ პერიოდში აღებული,

დეფიციტი მაინც არ გაჩნდებოდა.

2014 წლის 1 იანვრისათვის ხაზინის ანგარიშზე რიცხული სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 287,2 მილიონი ლარი იყო. 2014 წლის 1 ოქტომბრისათვის მან 625, 9 მილიონ ლარს მიაღწია, ანუ 338 მილიონი ლარით გაიზარდა

ცალკე თემაა ბიუჯეტის შიდა ვალის აღების გზით დაფინანსების საკითხი. მისი ოდენობა წლითიწლობით იზრდება.

სახაზინო ვალდებულებების ემისიით აღებული სესხები მიმდინარე წლის ბოლოსთვის 1,3 მილიარდი ლარს გადააჭარბებს. ეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების დაახლოებით 11 პროცენტია. დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ მომავალი, 2015 წლის ბიუჯეტში შიდა ვალის ზრდა გათვალისწინებულია 400 მილიონი ლარის ოდენობით.

კიდევ ერთი პარადოქსი: მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა თანხების დროული ათვისება, ფინანსთა სამინისტრომ 9 თვეში 14 მილიონი ლარით მეტი ფასიანი ქაღალდები გაყიდა და გეგმას 2 პროცენტით გადააჭარბა ( ნაცვლად 490 მილიონი ლარისა, ისესხა 504 მილიონი ლარი).

2014 წელს მთავრობა აპირებს 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ემისიას. აქედან 310 მილიონი ლარით მოხდება ძველი ვალდებულებების გასტუმრება, ხოლო 600 მილიონი ლარით გაიზრდება შიდა ვალის მოცულობა. 9 თვეში ფინანსთა სამინისტრომ 359 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების და 444 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების ემისია მოახდინა, ანუ ჯამში 803 მილიონ ლარის ოდენობით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ობლიგაციები ორწლიანი, ხუთწლიანი და ათწლიანია და საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება ( საშუალოდ, იგი 11 პროცენტს აღემატება). მომავალი წლის ბიუჯეტში შიდა ვალის მომსახურებისას მხოლოდ საპროცენტო ხარჯები დაგეგმილია 68 მილიონი ლარის ოდენობით, რაც დამაფიქრებელია.

სახაზინო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო ბიუჯეტის დეფიციტის შევსება. მას თან ახლდა კორუფციული სკანდალები, რაც ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ ამ პროცესის საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებაში გამოიხატა. ამ ინსტრუმენტებით ვაჭრობა შეწყდა 2006 წელს და იგი მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში აღდგა. თავდაპირველად მისი განთავსება ფრთხილად და ზომიერ ფარგლებში წარმოებდა, მაგრამ ბოლო დროს ექსპანსიური ხასიათი შეიძინა.

სახაზინო ვალდებულებების ემისიის მეშვეობით შიდა ვალის ზრდის დინამიკა ბოლო წლებში ასე გამოიხატება:

2009 წელს - 270 მლნ. ლარი, ანუ მშპ-ს 1,5 პროცენტი, 2010 წელს - 456 მლნ. ლარი, ანუ მშპ-ს 2.2 პროცენტი, 2011 წელს-543 მლნ.ლარი, მშპ-ს 2 პროცენტი, 2012 წელს -587 მლნ.ლარი, ანუ მშპ-ს 2,25 პროცენტი, 2013 წელს - 737 მილნ.ლარი, ანუ მშპ-ს 2,8 პროცენტი, 2014 წლის ბოლოსათვის იქნება 1337 მლნ. ლარი, ანუ მშპ-ს 4,55 პროცენტი, ხოლო 2015 წელს - 1737 მლნ. ლარი, რაც საპროგნოზო მშპ-ს 5,46 პროცენტია. როგორც ვხედავთ, საშინაო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაშიც სწრაფად იზრდება.

ბიჯეტის დროში თანაბარ შესრულების პრობლემა არც საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გახდა შეუმჩნეველი. მის მიერ ახალი Stand by arrangement პროგრამის დამტკიცებისას მიღებულ დოკუმენტში, რომელიც მიმდინარე წლის 31 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ „მაშინ როდესაც მოკლევადიან პერიოდში ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, საშუალოვადიან პერიოდში პროგრამა მიზნად ისახავს დეფიციტის შემცირებას, იმისათვის რომ ფისკალურ პოლიტიკას ჰქონდეს საკმარისი არეალი ეკონომიკის დასასტაბილურებლად. საგადასახადო სისტემის მოდერნიზების გზით და ფონდის მხარდაჭერით გაუმჯობესდება შემოსავლების ამოღება. პროგრამის ფარგლებში მოხდება გამოშვებისა და გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირება, რასაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის უფრო თანაბარი შესრულება წლის განმავლობაში.“

მათაც მიაჩნიათ, რომ შარშან ზამთარში მომხდარი ლარის გაუფასურება სწორედ ბიუჯეტის არათანაბარმა ხარჯვამ განაპირობა.

ლარის დევალვაციამ და მისმა გამომწვევმა მიზეზებმა დაღი დაამჩნია მთელი 2014 წლის საფინანსო ცხოვრებას. მისი გამოძახილი იყო ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ძალიან მყიფე წონასწორობა იყო სავალუტო ბაზარზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეროვნული ბანკი უცხოური რეზერვების გაზრდას ვერ ახერხებდა მრავალი თვის განმავლობაში. ზოგადად, ბოლო წლებში ლარის მკვეთრი გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა უცხოური ვალუტის დიდი ოდენობით მიწოდების გამო. შარშან, მას შემდეგ, რაც ლარის დევალვაცია დაიწყო, მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მხოლოდ დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია ფულის ზედმეტი მასის სტერილიზაციისათვის. თუ ეროვნული ბანკის რეზერვები 2013 წლის ზაფხულში იყო 3,1 მილიარდი დოლარის ოდენობით, მის მოცულობა 2014 წლის ანალოგიური პერიოდისათვის 2,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტიდან ხარჯების დიდი რაოდენობით გაწევამ და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 632 მილიონი ლარის დანაკლისით შესრულებამ, რომელიც წინა პერიოდში დაგროვილი ნაშთებიდან გადაიფარავა, გამოიწვია ფულის მასის სწრაფი ზრდა და მისი სტერილიზაციის აუცილებლობა ეროვნული ბანკის მხრიდან. ნაშთიდან, რომელიც 2012 წლის დასაწყისისთვის ბიუჯეტში იყო დარჩენილი წინა მთავრობის დროიდან - თითქმის 900 მილიონი ლარის ოდენობით, ეროვნული ბანკის მთავრობის ანგარიშზე წლის ბოლოს დარჩა მხოლოდ 287 მილიონ ლარამდე. ანუ თუ მთავრობამ წინა წლის ბიუჯეტი დაგროვილი ნაშთებით დააბალანსა, მიმდინარე წელს ამას იგი შიდა ვალის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ახერხებს.

მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ხარჯების ფრთხილად გაწევა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შემოსავლების საკმაოდ დიდი ნაწილი, 1, 2 მილიარდი ლარი მოზიდულია უცხოური ვალუტით, საგარეო კრედიტებისა და გრანტების სახით, მათი ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია და მიმოქცევაში ერთბაშად გაშვება გამოიწვევს ფულის მასის ზრდას და წარმოშობს ინფლაციისა და ლარის დევალვაციის რისკს.

უმჯობესია ბიუჯეტის გეგმა ხარჯვით ნაწილში არ შესრულდეს, ვიდრე ბოლო ორ თვეში მოხდეს თანხების დიდი ოდენობით გადარიცხვა მხარჯველი ერთეულებისათვის, რაც ზემოთ აღწერილი მოვლენების პროვოცირებას გამოიწვევს.

რომან გოცირიძე
სხვა სიახლეები
03 ოქტომბერი, 2014 რომან გოცირიძე: საჯარო სამართლს იურიდიული პირებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ხაზინაში გადატანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს!