”ოაზისისადმი” ნოსტალგიას ნოელ გალაჰერი ავსებს
29 ოქტომბერი, 2014
1226
print

გიგა გურასაშვილი

ბრიტანული როკ-ჯგუფის ”ოაზისის” დაშლის შემდეგ მის თაყვანისმცემლებს ერთგვარი კომპენსაციის სახით მისი ყოფილი გიტარისტი ნოელ გალაჰერი (Noel Gallagher ) მოევლინათ.

მართალია, გალაჰერი დიდი ხანია სცენაზე არ გამოჩენილა, მაგრამ უყურადღებობის ნაკლებობას არასდროს განიცდიდა და ხშირად ამის ხელშემწყობი თავადვე იყო.

ბოლო დღეებში გალაჰერის სახელი მუსიკის მოყვარულთათვის ერთგვარ ჰედლაინადაც იქცა. წერენ, ნოელი სცენას უბრუნდებაო.

ურუნდება ნოსტალგიური სახელწოდების მქონე ახალი ალბომის Chasing Yesterdays-ის მხარდამჭერი სოლო კონცერტით, რომელზე დასასწრები ბილეთები ინტერნეტის მეშვეობით არც მეტი, არც ნაკლები... 10 წუთში (!) გაიყიდა.

მეტი შთაბეჭდილებისთვის დავსძენთ, რომ კონცერტი გაისად მარტში უნდა ჩატარდეს. ასე რომ, ”ოაზისის” ყოფილ გიტარისტს ანშლაგი აქედანვე გარანტირებული აქვს.

გალაჰერის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს შორის, რომლებსაც პირველებს სურდათ ნოელის ახალი სიმღერებით ”ცოცხალი” შესრულებით დამტკბარიყვნენ, ცხადია გაწბილებულებიც აღმოჩნდნენ - მოთხოვნამ შეთავაზებას გადააჭარბა.

ექვსი კონცერტი! ექვსივე ბრიტანეთში: ბელფასტში, დუბლინში, ნოტინგემში, გლაზგოში, მანჩესტერსა და ლონდონში 3-დან 10 მარტის ჩათვლით ანშლაგით წარიმართება. მოთხოვნის გათვალისწინებით არც ისაა გამორიცხული , რომ კალენდარში სხვა ქალაქები და თარიღები გახდეს მოსანიშნი, მათ შორის, ბრიტანეთის მიღმაც. ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით ევროპაში გადასვლისა და,  შესაძლოა, ორივე ამერიკაში სტუმრობის პირობას დებს გალაჰერი.

ოქტომბრის დასაწყისში ბრიტანელმა როკმენმა  მეორე სოლო ალბომის - Chasing Yesterdays 2015 წლის 2 მარტს გამოშვება დაანონსა. ამ ალბომის ”ბილიკებზე” 10 კომპოზიცია იქნება ჩაწერილი, მათ შორის In The Heat Of The Moment, რომელიც ლონგფლეის დაანონსებასთან ერთად 17 ოქტომბერს წარუდგინეს მსმენელს, ორიოდე დღის წინათ კი ამავე სინგლის ეკრანიზების მომსწრეც გავხდით.

საინტერესოა ისიც, რომ Chasing Yesterdays-ის გაფართოებული საკოლექციო გამოცემა გამდიდრებული იქნება სამი ბონუს-ბილიკით: Do The Damage, Revolution Song და Freaky Teeth.

ისიც საგულისხმოა, რომ Chasing Yesterdays-ის პროდიუსირებას ნოელ გალაჰერმა დამოუკიდებლად მიჰყო ხელი, რამდენადაც მისი დიდი ხნის, ასე ვთქვათ თანამებრძოლი დეივ სარდი (”ოაზისის” ყოფილი პროდიუსერი), რომელიც ჯერ კიდევ ”ოაზისის” დროიდანაა ცნობილი, მიუწვდომელი აღმოჩნდა.

”შემოქმედებითი თავისუფლებით ვტკბებოდი, მაგრამ იმავდროულად დიდი პასუხისმგებლობის გააზრებით დისკომფორტს ვგრძნობდი”, - მოგვიანებით აღიარა როკმენმა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ Chasing Yesterdays 2011 წელს გამოშვებული ალბომის Noel Gallagher's High Flying Birds-ის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც ბოლო ასწლეულის ყველაზე წარმატებული როკ-დებიუტად იყო შერაცხული - გამოშვებიდან ერთ თვეში ბრიტანეთში ”პლატინის” სტატუსამდე დაწინაურდა. ამასთან, სადებიუტო ალბომის ხუთმა კომპოზიციამ: The Death of You and Me, AKA... What a Life!, If I Had a Gun..., Dream On და Everybody's on the Run ბრიტანული ალტერნატიული ჩანაწერების მოწინავე ათელში დაიმკვიდრა ადგილი.

და ბოლოს, ”ოაზისის” სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჯგუფი ძმების - ლაიამ და ნოელ გალაჰერების ჩხუბის შემდეგ 2009 წელს დაიშალა.

ნოელ გალაჰერის ”ოაზისთან” შეერთების ასე ვთქვათ, გაზაფხულზე წაყენებული პირობაც გავიხსენოთ, რომლის მიხედვითაც მისთვის საამისოდ 500 მილიონი გირვანქა სტერლინგიც საკმარისი იქნება. მაშინ მისთვის ჩვეული მანერით თქვა კიდეც, რომ თუ ეს ვერ მოხერხდა, ნახევარ მილიარდ პრეზერვატივზეც თანახმა იქნებოდა.

Chasing Yesterdays:

1. Riverman'
2. In The Heat Of The Moment
3. The Girl With X-Ray Eyes
4. Lock All The Doors
5. The Dying Of The Light
6. The Right Stuff
7. While The Song Remains The Same
8. The Mexican
9. You Know We Can't Go Back
10. Ballad Of The Mighty I

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის