ბორჯღალოსნები ტონგას განახლებული სისხლით ხვდებიან
06 ნოემბერი, 2014
1284
print

გიგა გურასაშვილი

ქართული რაგბის დონის ერთგვარი განმსაზღვრელი ნოემრბის ტესტ-მატჩები იქნება. ეგაა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტონგასთან შაბათის შეხვედრას, ფაქტობრივად განახევრებული გუნდით ხვდება. უფრო სწორად, ტრავმების გამო მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მოწინავე ბორჯღალოსანთა დიდ ნაწილს ვერ ვიხილავთ.

საქართველო VS ტონგა. უკვე დიდი რაგბის მომასწავებელია, მაშინაც კი თუ ჰეიგის რაზმი ლიდერებს მოისაკლისებს. დიდი რაგბიო ვამბობთ და უფრო მეტი შთაბეჭდილებისთვის ერთხელაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს და ტონგას 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფში ერთმანეთში მოუწევთ ურთიერთბის გარკვევა. ფაქტობრივად, მსოფლიო თასს შინაურ კედლებში ავანსად ვიხილავთ. შინაურ კედლებს კი ”მიხელ მესხის” სტადიონისკენ მივყავართ, რომელიც შაბათს 17 საათზე საბურთაოდ მოეწყობა.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა დამრიგებელმა ნოემბრის ტესტებისთვის მზადება 26 ოქტომბერს ტულუზაში შეკრებით დაიწყო, სადაც სამი დღის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეების კონდიციებს აკვირდებოდა, 3 ნოემბრიდან კი შეკრება და წვრთნა "შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაგრძელდა.

სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 28 ბორჯღალოსანია. მათ შორის, ბევრია ისეთი, რომლებსაც ტრავმირებული მორაგბეების ჩანაცვლება მოუწევს, პლუს თავის გამოჩენის საშუალებაც ექნებათ.

ტრავმების გამო ვერ ვიხილავთ მამუკა გორგოძეს, დავით ზირაქაშვილს და შალვა სუთიაშვილს. ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას გადიან ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, თედო ზიბზიბაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ხინჩაგიშვილი.

ერთი სიტყვით, გამწევი ძალა ლაზარეთშია. მაგრამ არის მეორე მხარეც. მათივე ტრავმიანობის მიზეზით, მათივე შემცვლელების ნახვის შესაძლებლობა მიეცემა რაგბის ქართველ ქომაგს.

”წინ ძალზე რთული თვე გველის. აქედან გამომდინარე, მწვრთნელებმა ისეთი მოთამაშეები შევარჩიეთ, რომლებიც დიდი თამაშისთვის დამახასიათებელ ზეწოლას გაუძლებენ. ამასთან, ისე, რომ სათამაშო გეგმიდან არ ამოვარდებიან.

ამ ბიჭებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან თავიანთი პოტენციალის გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, - მილტონ ჰეიგის სიტყვები, ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის გარკვეულ ოპტიმიზმს უნდა ბადებდეს. - ხშირად გუნდში "ახლების" ენთუზიაზმი დანარჩენ მოთამაშეებს გადაედებათ ხოლმე. მეც ამის იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბრის სერიის განმავლობაში, ყოველი მათგანი თავდაუზოგავად ივარჯიშებს და გამორჩეულად ითამაშებს".

საქართველოში არიან ”ზღვის არწივებიც” (ტონგელთა მეტსახელი) და საქართველოსთან საბურთაოდ ავჭალის სარაგბო სტადიონზე ემზადებიან.

მთავარი მწვრთნელის, მანა ოთაის განცხადებით, თბილისამდე გუნდმა რამდენიმედღიანი შეკრება დიდ ბრიტანეთში გაიარა და საქართველოში კარგად მომზადებულნი ჩამოვიდნენ. 

ერთხელაც ვთქვათ, ტონგა 2015 წლის მსოფლიო თასის C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება. ისიც გავიხსენოთ, რომ საქართველოსა და ტონგას გზები აქამდეც გადაკვეთილა. ბოლოს ასეთი რამ 1999 წლის 28 მარტს მოხდა, როდესაც მსოფლიო თასის რეპეშაჟში თბილისში.ითამაშეს.  ის შეხვედრა ბორჯღალოსნებმა ერთი ქულის სხვაობით - 28:27 მოიგეს, მაგრამ ტონგაში 37:6 წაგებისთვის მსოფლიო საგზური ტონგელებს დარჩათ.

საქართველო-ტონგას ტესტ-მატჩამდე 48 საათით ადრე, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.

ღერძი: 9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი11. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. სანდრო თოდუა

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი