საქართველო VS ტონგა - დანარჩენი "მიხეილ მესხზე"
07 ნოემბერი, 2014
1439
print

გიგა გურასაშვილი

საქართველოსა და ტონგას შორის ხვალინდელი ტესტს, გნებავთ ჯახს ქართული სარაგბო თემისთვის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცხადზე ცხადია. სწორედ ხვალ, ”მიხეილ მესხზე” გამოჩნდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შესაძლებლობები, რომელიც ქართველთა ახალზელანდიელმა დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა ლიდერების ტრავმიანობის გამო ტონგასთან უნდა გამოსცადოს. „მესხზე“ გამოჩნდება, შეუძლია თუ არა გამწევი ძალის გარეშე დარჩენილ საქართველოს რეიტინგში მასზე წინ მდგომი და რეალურად ძლიერი გუნდის დამარცხება. ისეთი გუნდის, რომელსაც არაერთი ბობოლა გაუმწარებია და შაბათს, ისევე როგორც 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი უშუალო მექტოქეა.

ერთი სიტყვით, „ზღვის არწივებთან“ საბურთაოდ მილტონ ჰეიგის რაზმი გამოცდილი მოთამაშეებისა და ახალგაზრდა მორაგბეების ერთგვარი ნაზავია, რომლებსაც დიდი გამოცდა ელის.

ცხადია, ლიდერთა არყოფნა ნამდვილად დაგვეტყობა, მაგრამ ახალი სისხლის იმედიც გვაქვს, რომელიც ყველანაირად შეეცდება თავდაუზოგავ ბრძოლას.

ბორჯღალოსნები მზად არიან - „ზღვის არწივებიც“. მზადაა „მიხელ მესხიც“, რომელიც შაბათს 17 საათისთვის გულშემატკივარს ელოდება, იქამდე კი ერთი დღით ადრე ორივე ბანაკის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები ჩაატარეს.

თავდაპირველად ტონგელთა თავკაცი მატა ოთაი და გუნდის კაპიტანი ნილი ლათუ წარსდგნენ, მერე კი მასპინძელთა დამრიგებელი.

ტონგელებმა თავდაპირველად მორკინალები შეგვიქეს. მერე კი მანა ოთაიმ განაცხადა, რომ გასულ კვირას ბრიტანეთში ჩატარებულმა სამ დღიანმა შეკრებამ მის გუნდზე დადებითად იმოქმედა. ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში შეძლებისდაგვარად ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვიდა: “...წესით, ყველა კლუბი ვალდებულია, ნოემბერში მოთამაშეები გაათავისუფლოს, მაგრამ არ გვინდა ჩვენ მორაგბეები ვაზარალოთ. ამიტომაც გარკვეულ კომპრომისზე წავედით და ზოგიერთ კანდიდატზე უარი ვთქვით.  

აი, მსოფლიოს თასზე უკვე საუკეთესო შემადგენლობა გვეყოლება.

რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით მსოფლიო თასზე ჩვენს მომავალ თამაშზეც ვფიქრობთ, მაგრამ ხვალ ნამდვილად არ ვაპირებთ დაზვერვას ან ჩვენი პოტენციალის არასრულად ჩვენებას. ეს ხომ ტესტ-მატჩია?! ასე რომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გამარჯვებას ვეცდებით.

საქართველოს ნაკრებმა ძლიერი და მებრძოლი გუნდის სახელი დიდი ხანია უკვე მოიხვეჭა. ასეთ გუნდთან სახლში თამაში ძალიან რთული იქნება.“

სტუმრების შემდეგ საქართველოს ნაკრების პრესკონფერენციის დრო დადგა. პრესკონფერენცია კი მეტად უჩვეულოდ დაიწყო. უფრო სწორად, ქართველთა ახალზელანდიელმა დამრიგებელმა სურპრიზი შემოგვთავაზა - კითხვებს ქართულად უპასუხა!

„ჩემი გუნდი არის კარგ ფორმაში. ტონგა ძლიერი ნაკრებია და ჩვენ მათ სწრაფ, აგრესიულ თამაშსა და სწორ ტაქტიკას დავუპირისპირებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვა და სათამაშო დისციპლინა“, - პაუზებით, მაგრამ გასაგებად განაცხადა მილტონ ჰეიგმა და ამისთვის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა უცხოურ პორტალებზე ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტად შერაცხულ ტონგასთან დაკავშირებითაც ისაუბრა: „თუ მათ თვალში ტონგაა ფავორიტი მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო რეიტინგს უყურებენ, სადაც ტონგა მეცამეტე საფეხურზეა, საქართველო კი მეთხუთმეტეზე. ასე ვთქვათ, ასეთი შეფასებები არასამართლიანია.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მასპინძლები ვართ და არც ის თუ როგორ ვთამაშობთ საკუთარ კედლებში. ჩვენ ეს შარშან ნოემბერში დავამტკიცეთ (სამოასთან), მაგრამ ეს შარშან იყო და ახლა მთელი გუნდი მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ფიქრობს. პირადად ჩემთვის ფავორიტი საქართველოა.“

საქართველოს ნაკრები:

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.

ღერძი: 9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი: 11. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა: 16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. სანდრო თოდუა

საქართველოს რაგბის კავშირის ფოტოები

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი