ტონგელთა "სიპი ტაუმ" ბორჯღალოსნებზე გაჭრა
08 ნოემბერი, 2014
1555
print

გიგა გურასაშვილი

ტონგელებმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან ნოემბრის ტესტ-მატჩი საბრძოლო რიტუალით "სიპი ტაუთი" გახსნეს, ბორჯღალოსნებმა - წაგებით. შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე მილტონ ჰეიგის რაზმმა არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით მობურთალ „ზღვის არწივებთან“ დაცვით ითამაშეს, დიდი ენერგია შეალიეს და ამის საზღაურად დიდი გამოცდილება შეიძინეს.

ტონგელები ქართველებზე ძლიერები აღმოჩნდნენ და ეს უდაოა. ფაქტობრივად ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ბოლოსკენ, ძალაგამოცლილ ბორჯღალოსნებზე შეტევებიც გაამძაფრეს.

მილტონ ჰეიგის გუნდისთვის შედეგიანი პირველი ტაიმი გამოდგა. მერაბ კვირიკაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული ჯარიმების წყალობით ტაიმი 6:3 მოვიგეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ვერას გავხდით და 3:20 წავაგეთ, ორივე ტაიმის ჯამში კი 9:23.

დღევანდელმა თამაში ისტორიაში იმითაც ჩაეწერა, რომ შეხვედრის 63-ე წუთზე შეხვედრის ფრანგმა მსაჯმა პასკალ გოზერიმ ვიდეორეფერი მოითხოვა. ასეთი რამ კი ქართული რაგბის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ეგაა, ვიდეორეფერიდან დაახლოებით ორ წუთში ტონგელებმა ლელოთი გვიპასუხეს. ხუთ წუთში მეორე ლელოც მიითვალეს, ბოლო წუთზე კი მესამედაც აიღეს ბორჯღალოსანთა ჩასათვლელი მოედანი. საგულისხმოა ისიც, რომ სამივე ლელო მარჯვენა ფლანგიდან გარღვევებს მოჰყვა. 

ტონგასთან წაგების მიზეზებზე ბორჯღალოსანთა დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ყოველივეს მიზეზი უბურთოდ თამაში იყო: “პირველი ტაიმისგან განსხვავებით მეორეში ცუდად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და არც სწრაფი თამაში გამოგვივიდა. ტონგელთა მწვრთნელის მიერ მეორე ნახევარში განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა.

წაგების მთავარი მიზეზი უბურთოდ თამაშია, რის გამოც ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. გასახდელში ბიჭებს სწორედ ბურთის შენარჩუნება ვთხოვე, მაგრამ დღეს ეს არ გამოვიდა. წნეხის ქვეშ ვიყავით და ბურთის მოშორებაზე უფრო გვიწევდა ფიქრი, ვიდრე მის შენარჩუნებაზე. მომდევნო შეხვედრა ირლანდიასთან გვაქვს და შეცდომების გამოსწორებას უნდა

ტონგასთან დაცვა და შერკინება ძალიან კარგი იყო, დერეფანი გასაუმჯობესებელია.

ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდს, ჩვენც გვყავს გამორჩეული მორაგბეები და ახალგაზრდებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა ისინიც საუკეთესოები გახდნენ.

ახლა მთავარია წაგება დავივიწყოთ და ირლანდიასთან თამაშზე ვიფიქროთ. ბიჭებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება და იქ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.

ტონგას ნაკრებში სწრაფი მორაგბეები არიან და მსოფლიო თასზეც მხოლოდ მოსაგებად გამოვლენ, მაგრამ იქ სულ სხვა თამაში იქნება. გპირდებით, ინგლოსში ჩვენი ნაკრები ბევრად უფრო გაუმჯობესებული იქნება”.

წინ გაცილებით რთული შეხვედრა გველის. 16 ნოემბერს დუბლინში „ავივა სთედიუმზე“ ირლანდია ტესტ-მატჩით გველოდება, დუბლინური შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე კი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ იაპონიას ვუმასპინძლებთ.

საქართველო - ტონგა 9:23 (6:3)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი (23. სანდრო თოდუა 72), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 74), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 75); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 67), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 70), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 67), 4. კოტე მიქაუტაძე (19. გიორგი ნემსაძე 74), 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი (20. ლაშა ლომიძე 29-40), 8. გიორგი ჩხაიძე (20. ლაშა ლომიძე 67).

3 ჯარიმა: კვირიკაშვილი

1 სინბინი: თხილაიშვილი (74)

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტევიტა ჰალაიფონუა, 13. სიალე პოატაუ, 12. ჰემანი პაეა (23. ოტულეა კატოა 62), 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორათი (22. ლატიუმე ფოსიტა 62), 9. სონატანე ტაკულუა (21. ტანიელა მოა 61); 1. ტევიტა მაილაუ (17. სიუა ჰალანუკონუკა 54), 2. ალეკი ლუტუი (16. ალვის ტაიონე 70), 3. სილა პუაფისი (18. პაეა ფაჰანუნუ 54), 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. ჯო ტუჰინეაუ (19. ლისიატე ფაჰაოსო 77), 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ (20. ჰეილ თი’პოული 77), 8. ვილიამ მაჰაფუ.

3 ლელო: მოა (1, 2), ლილო

1 გარდასახვა: ფოსიტა

2 ჯარიმა: მორათი

რეფერი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

კიდეებზე: ენდრიუ მაკ’მენემი (შოტლანდია), ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)

ვიდეო რეფერი: კარლო დამასკო (იტალია)

ავთანდილ ჭყვიშელის ფოტოები

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი