ბორჯღალოსნები ირლანდიაში ირლანდიასთან ტესტისთვის ემზადებიან
11 ნოემბერი, 2014
1333
print

გიგა გურასაშვილი

ტონგასთან წაგებული ტესტ-მატჩის (9:23) შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელმა დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, ”ამ შეხვედრას და ანგარიშს ვივიწყებთ და ირლანდიასთან თამაშზე ვფიქრობთ. ბიჭებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება და იქ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ”.

ბორჯღალოსნებს ირლანდიასთან ტესტისთვის ხუთი დღე აშორებთ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ირლანდიასთან საბურთაოდ კვირიდან მოყოლებული ირლანდიაშივე, დუბლინში ემზადება.

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა აღდგენითი პროცესი გაიარეს. პირველი ირლანდიური დღე მწვრთნელებმა და შეგირდებმა ტონგასთან შეხვედრის ანალიზისთვის გამოიყენეს, დღეიდან კი ვარჯიშს შეუდგნენ.

სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ეგაა, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩი, რომელშიც ”ტულუზამ” ”ბორდოს” სძლია (21:20), ნაკრების პირველხაზელს მუხლის ტრავმის გამიზეზებად დაუჯდა. ასე რომ, ირალანდიასთან ტესტ-მატჩიც მის გარეშე ჩაივლის.

ცუდია ისიც, რომ ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და თბილისში დაბრუნებამ მოუწია.

კარგი კი ისაა, რომ კარგ ფორმაშია და ირლანდიასთან შესახვედრად აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებულმა მაჯის ტრავმამ გამოატოვებინა.

"შაბათის დაძაბული მატჩისა და ირლანდიაში გადმოფრენის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ. გუშინდელი დღე ტონგას წინააღმდეგ გამართული მატჩის განხილვას დავუთმეთ და გავაანალიზეთ რამდენიმე სისტემური შეცდომა რაც ირლანდიასთან უნდა გამოვასწოროთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კარგად მოვემზადოთ, რადგან ირლანდიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ფაქტია, რეიტინგში მეხუთე ადგილი უკავია“, - განაცხადა ბორჯღალოსანთა ახალზელანდიელმა დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა.

ბობოლა ირლანდიელებთან უმძიმესი ბრძოლა რომ გადაგხვდება ცხადია. არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ იქ რამე წარმატებას მივაღწევთ. აქ მთავარია, მსოფლიო თასისთვის მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა, რათა ინგლისში საუკეთესო გუნდით წარსდგნენ ბორჯღალოსნები და ამაღლებული სათამაშო ოსტატობა გამოავლინონ.

ირლანდიას კი ბევრიც არაფერი აქვს დასამტკიცებელი. საქართველო VS ტონგას დასრულებიდან ცოტა ხანში ”სამყურებმა” სამხრეთ აფრიკასთან ტეტსი 29:15 მოიგეს. მოიგეს იქ, სადაც საქართველს უმასპინძლებენ - ”ავივა სთედიუმზე”.

ერთი სიტყვით, ირლანდიასთან ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკაში ჩვენს სასარგებლოდ ცვლილებას არ ველით, კარგ გაკვეთილს კი მივიღებთ.

ურთიერთშეხვედრათა ისტორია კი სამ შეხვედრას ითვლის. აქედან პირველ ორში ”სამყურებმა” დიდი უპირატესობით იმარჯვეს. მესამეში და ბოლო შეხვედრაში 2007 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ მსოფლიო რაგბის ყურადღება მიიპყრო. იმ ისტორიულ შეხვედრაში ბორჯღალოსნები მინიმალური სხვაობით 10:14 დამარცხდნენ, რაც რეალურად ”სამყურებისთვის” წაგების ტოლფასი იყო.

2007 წლის მსოფლიო თასიდან შვიდი წელი გავიდა. ირლანდია დღეს მსოფლიო რეიტინგის ხუთეულშია, პლუს ექვსი ერის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც 16 ნოემბერს ერთა თასის მოქმედ ჩემპიონ საქართველოს უმასპინძლებს.

რაგბის ქართველ გულშემატკივართა გასაგონად იმასაც ვიტყვით, რომ ირლანდიელებთან ქართველების ბურთაობა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველო:

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ლიონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), სანდრო თოდუა (ლელო), დავით კაჭარავა (ენისეი).
#11-14: მურაზ გიორგაძე, ირაკლი მაჩხანელი (ორივე - არმაზი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#15: გიორგი აფციაური (აია), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

საქართველოს რაგბის კავშირის ფოტოები

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი