მილიარდერები და მათი ბურთი და მოედანი
12 ნოემბერი, 2014
1853
print

გიგა გურასაშვილი

Eurosport-მა სხვათა ფინანსების დათვლაში გაწაფული ამერიკული ჟურნალის ”ფორბსის” ბოლო მონაცემების მიხედვით უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი გამოხშირა და მასში მხოლოდ ისინი დატოვა, რომლებსაც ფეხბურთთან აქვთ კავშირი.

გამოხშირვის მექანიზმით კი ვიტყობთ, რომ ათეულს მიღმა დარჩნენ ერიკ ტოჰირი, პიტერ ლიმი, ძმები გლეიზერები და რომან აბრამოვიჩი.

10. იონ ფრედრიკსენი (”ვოლერენგა”)

ასაკი: 70 წელი

კაპიტალი: 12,5 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ნავთობის გადაზიდვა

სატანკერო ფლოტის პატრიარქად შერაცხულ ნორვეგიელ იონ ფრედრიკსენს უყვარს ფეხბურთი და არ უყვარს გადასახადების გადახდა. ამიტომაც მას არ აქვს ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეობა. მის საიდენტიფიკაციო საბუთებს შორის მხოლოდ კვიპროსის მოქალაქის პასპორტია, ფირმა კი დარეგისტრირებული აქვს ბერმუდაზე.

მოარული ხმებით ფრედრიკსენს ნორვეგიული ”ვოლერენგასთვის” რაღაც გროშების დახარჯვა დიდ სიამოვნებას აღარ ანიჭებს და სამიზნეში ინგლისის პრემიერლიგის კლუბები ამოუღია.

9. ლაქშმი მიტალი (”ქუინს პარკ რეინჯერსი”) 

ასაკი: 64 წელი

კაპიტალი: 14,4 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ფოლადით ვაჭრობა
ინდოელმა ბიზნესმენმა სამშობლოში მრეწველობა ახალ საფეხურზე აიყვანა, მერე კი ინგლისს მიაშურა და დივიდენდებით ტკობას მიჰყო ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ ლაქშმის ქპრ-ს აქტივების მხოლოდ მესამედი ეკუთვნის, კლუბის აქციონერთა საბჭოში დიდად აფასებენ მის ფინანსურ აქტიურობას. ეგაა, მისი ამგვარი მხარდაჭერა ლონდონურ კლუბს პრემიერლიგაში ფეხის მოსაკიდებლად ვერ ეხმარება.
8. ფრანსუა პინო (”რენი”)

ასაკი: 78 წელი

კაპიტალი: 14,6 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ხის გადამუშავება

ფრანგმა კაპიტალის დაგროვება ხე-ტყის გაყიდვით დაიწყო, დღეს კი მისი სახელი ევროპის ბრენდებთან - Gucci და Yves Saint Laurent ასოცირდება, ასევე Christie’s აუქციონთან.

”რენის” შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ფეხბურთი მას იმაზე მეტად არ აინტერესებს, როგორც ეს ფრედრიკსონის შემთხვევაშია. თუმცაღა საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი 15 წელზე მეტია ფრანსუა პინოს მფარველობის ქვეშაა.

7. პოლ ალენი (”სიეტლი”)

ასაკი: 61 წელი

კაპიტალი: 17,1 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: IT

ბილ გეითსის პარტნიორი, რომელიც Windows 8 შექმნასთანაა კავშირში, ბილ გეითსისგან განსხვავებით სპორტს დაჰფოფინებს.

დღეს პოლ ალენი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთის უმთვარესი სპორტული მაგნატია. ფაქტია, მის საკუთრებაშია საკალათბურთო გუნდი ”პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” და საფეხბურთო კლუბი ”სიეტლ სიჰოქსი”. არცთუ ისე დიდი ხნის წინ მისი დაინტერესების სფეროში მოექცა მეიჯორ ლიგის (MLS) კლუბი ”სიეტლ საუნდერსი”.

6. ალიშერ უსმანოვი (”არსენალი”)

ასაკი: 61 წელი

კაპიტალი: 18,6 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: პოლიეთილენის პაკეტები

პოლიეთილენის პარკები ეძახე და 1980-იან წლებში მისი წყალობით უსმანოვნა მნიშვნელოვან სასტარტო კაპიტალს მოუყარა თავი.

ალიშარ უსმანოვი მესამე წელიწადია რუსეთის უმდიდრესი ადამიანის სახელით სარგებლობს. ამასთან, მეტალურგიისა და ტელეკომუნიკაციების განვითარების წყალობით საბანკო ანგარიშებს უფრო ზრდის. ეგაა, ლონდონელთა წარმატებები, უსმანოვის წარმატებების ადეკვატური არაა.

5. ჯორჯ სოროსი (”მანჩესტერ იუნაიტედი”)

ასაკი: 84 წელი

კაპიტალი: 24 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა

ღატაკი უნგრელი ბიჭის ისტორია, რომელმაც უოლ სტრიტის წყალობით მიაღწია წარმატებებს, ცალკე საუბრის თემაა. საუბრისა, სადაც არ იქნება ნახსენები სიტყვა ”სპორტი”. ”მანიუს” მიმართ სოროსის ინტერესები წმინდა კომერციულია. ორი წლის წინათ დროულად შეძენილი აქციები მისთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლუბის სათავეში გლეიზერების მისვლამ, რამაც ”იუნაიტედის” აქციებს მეტი ფასი შესძინა.

4. მანსურ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი (”მანჩესტერ სიტი”)*

ასაკი: 43 წელი

კაპიტალი: 31,5 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ოჯახური ბიზნესი

შეიხ მანსური არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველი სამეფო ოჯახის წევრია და ამით ყველაფერია ნათქვამი: მისი მომავალი პრაქტიკულად დაბადებისთანავე იყო გაწერილი.

2009 წელს არაბმა შეიხმა ”სიტის” აქციათა სრული პაკეტი გამოისყიდა, მოგვიანებით კი თავის საფეხბურთო კოლექციას ავსტრალიური ”მელბურნს სიტი”  და ამერიკული ”ნიუ იორკ სიტი” შემატა.

3. ამანსიო ორტეგა (”დეპორტივო”)

ასაკი: 78 წელი

კაპიტალი: 58,6 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ტრიკოტაჟის გადამუშავება

ჩვეულებრივი თერძის მორიგი ჰოლივუდური ისტორია, რომელმაც ბედის განგებით  Zara, Bershka, Pull & Bear თუ სხვა ესპანური ტექსტილის გიგანტებით მსოფლიოს მომარაგება დაიწყო.

როგორც ესპანელთა უმეტესობას, ორტეგასაც უყვარს ფეხბურთი, გულშემატკივრობით კი ლა კორუნიას ”დეპორტივოს” გულშემატკივრობს.

მისი ფეხბურთისადმი დამოკიდებულება ხშირად კლუბის ფინანსურად ხელის გამართვაში გამოიხატება, მაგრამ გუნდის გაკოტრებისგან დასახსნელად ორტეგას რატომღაც თავი არ გამოუდვია. 

2. ნასერ ალ ხელაიფი (პსჟ) *

ასაკი: 41 წელი

კაპიტალი: 65 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ოჯახური ბიზნესი

ზუსტად არავინ იცის რამდენი ფული აქვს ალ ხელაიფის, თუმცაღა მისი პატრონაჟობის ქვეშ მყოფი კომპანიის Qatar Sports Investments შესაძლებლობები 60 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ყატარელი მილიარდერი, რომელიც სხვათა შორის დღეს 41 წლის გახდა, შეიძლება ითქვას, ჩამოთვლილთა შორის ყველაზე მეტადაა ჩართული სპორტში. ამის დასტურად კი იმას ვიტყვით, რომ ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელია, პლუს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაში.

1. კარლოს სლიმი (”პაჩუკა”, ”ლეონი”, ”ოვიედო”)

ასაკი: 74 წელი

კაპიტალი: 78 მილიარდი დოლარი

სტარტაპი: ფასიანი ქაღალდები

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პლანეტის მეორე უმდიდრეს ადამიანთან, რომელმაც ”ფორბსის” მოწინავეთა რეიტინგში მოხვედრამდე პირველი ნაბიჯები 12 წლისამ გადადგა, როდესაც მისთვის პირველი აქციები შეიძინა.

ზედიზედ ოთხი წელია მსოფლიო უმდიდრეს ადამიანთა ნუსხას ედგა სათავეში, მაგრამ გაზაფხულზე პირველობა ბილ გეითს (82,3 მილიარდი) გადაულოცა.

მის ხელთაა მექსიკის ყველა კარის გასაღები, მათ შორის ფეხბურთის. მექსიკის უმაღლესი ლიგის ორი კლუბი მისი წყალობით არსებობს. კარლოს სლიმის ფეხბურთისადმი სიყვარული ევროპასაც მოსწვდა, როდესაც 2012 წელს ესპანური ”ოვიედო” ვალებისგან იხსნა და სიცოცხლე გაუხანგრძლივა.

შერნიშვნა: ფიფქით ღნიშნულ არაბ მილიარდერთა კაპიტალის შეფასება ”ფორბსისთვისაც” შეუძლებელია. ამიტომაც რეიტინგის შედგენისას ინტერნეტიდან ამოღებულ არაოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნო.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი