ბორჯღალოსნებს ბობოლა ირლანდიასთან ტესტი 7:49 დაუჯდა
16 ნოემბერი, 2014
1340
print

გიგა გურასაშვილი

„ჩვენთვის დიდი პატივია მომავალ მატჩში მონაწილეობა და ვიცით, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და კარგად ვითამაშოთ“, - ირლანდიასთან დღევანდელ ტესტ-მატჩამდე აცხადებდა ბორჯღალოსანთა ახალზელანდიელი დამრიგებელი მილტონ ჰეიგი.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბობოლა ირლანდიასთან ტესტი ერთი კვირის წინათ ტონგასთან ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით ლაღად დაიწყო, "სამყურებს" დიდი ბრძოლაც გაუმართა და საკუთარ ჩასათვლელ ხაზთან კედელივით აღიმართა, ირლანდიას კი ფონს გასასვლელად სამი ჯარიმა დაუთმო.

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერთან და ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან პირველი ტაიმი იმავე ჯარიმების წყალობით 0:9 წააგო. ერთი ჯარიმის დარტყმის საშუალება მერაბ კვირიკაშვილსაც მიეცა, მაგრამ უხერხული კუთხიდან დარტყმულმა ძელებს შორის ვერ გაიარა.

ბოლო წუთზე კი მორიგი ჯარიმისთვის ინგლისელმა მსაჯმა ჯეი პი დოილმა გიორგი ბეგაძე გაასინბინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმს კაცნაკლული დაიწყებდა.

ირლანდიასთან რომ უშანსოდ ვიქნებოდით, ამას წინასწარ შეგუებულები ვიყავით, უმთავრესი მიზანი იმ გამოცდილების შეძენა იყო, რომელსაც ასე ვსაჭიროებთ ბობოლა გუნდებთან ბურთაობით.

გამოგვდიოდა მჭიდროდ თამაში, მოწოდების სიმაღლეზე იყო შერკინება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შერკინებაში მეტოქე დავჯაბნეთ, სხვა დანარჩენში კი ირლანდიელთა ოსტატობა გამოდგა კარგი სანახავი.

მილტონ ჰეიგის რაზმმა მეორე ტაიმში ირლანდიელთა შეტევებს ვეღარ გაუძლო. ამას დაერთო სინბინებიც და ბოლოს ტრავმაც.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაანონსებული გიორგი ბეგაძის 10-წუთიან გაძევება იმით გაგრძელდა, რომ მეორე ტაიმის ორ წუთში მასპინძლებმა პირველად გადაკვეთეს ქართველთა ჩასათვლელი ხაზი, 50-ე წუთზე კი მეორედ. ექვს წუთში საქართველოს ჯერიც დადგა - გიორგი ნემსაძემ მოედანს დაბრუნებული ბეგაძის პასი შეიფერა და ირლანდია დაალელოვა, მერე კვირიკაშვილმა გარდასახვაც მიაყოლა და 23:7.

ჩვენს შემთხვევაში ანგარიშის გაზრდა შეუძლებელი აღმოჩნდა, ირლანდიამ კი სტუმართა ლელოს ოთხით უპასუხა, შუალედში კი დიმიტრი ბასილაია გაასინბინეს, რამაც ისედაც კარგად მობურთალ მეტოქეს უპირატესობა მისცა. ამას დაემატა ისიც, რომ ერთ-ერთი იერიშისას დაგვიშავდა ლაშა მალაღურაძე, რომელიც საკაცით გასაყვანი გახდა. შეცვლების ლიმიტის ამოწურვის გამო ბორჯღალოსნებს 13 კაცის ამარა მოუწიათ თამაშის გაგრძელება.

ამ შემთხვევაში ირლანდიასთან არათუ საქართველოს, ნებისმიერ ბობოლა გუნდი ვერ გაუწევდა „სამყურებს“ წინააღმდეგობას. ფაქტია, ირლანდიამ ერთი ლელოს გარდა ყველა დანარჩენი მაშინ მიითვალეს, როდესაც ბორჯღალოსნები კაცნაკლულები იყვნენ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მასპინძლებმა „ავივაზე“ 49:7 გაიმარჯვეს.

ირლანდია - საქართველო 49:7 (9:0)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე (23. მურაზ გიორგაძე), 13. დავით კაჭარავა (კაპ), 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე), 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე), 3. დავით ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა) 4. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი) 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე), 8. დიმიტრი ბასილაია.

მსაჯი: ჯეი-პი დოილი (ინგლისი)

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი