”სამყურებთან” წაგება ”ავივაზე” დავტოვოთ, წინ ”საკურებია”
17 ნოემბერი, 2014
1277
print

გიგა გურასაშვილი

საქართველო VS ირლანდია ისტორიას, ბორჯღალოსნების ”სამყურებთან” წაგება კი დუბლინურ ”ავივას” დარჩა. მქართველთა ახალზელანდიელი დამრიგებლის რაზმა 7:49 წააგო, მაგრამ დაგვრჩა გამოცდილება, რომელიც გაისად ინგლისურ მინდვრებზე მეტად წაგვადგება.

ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან წარმატების არანაირი შანსი რომ არ გვექნებოდა, ეს დუბლუნურ ბურთაობამდე ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით. ისიც ვიცოდით, რომ  ბობოლებთან წაგებაში დასაძრახი არაფერი იქნებოდა.

ეგაა, შესუსტებული საქართველო ”ავივაზე” უფრო შესუსტდა ორჯერ გასინბინებამ საერთო სურათი უფრო დაამძიმა, რასაც თან დაერთო ლაშა მალაღურაძის ტრავმა. 13 კაცით კი (ყველა შეცვლა უკვე განხორციელებული იყო) ბობოლა ირლანდიასთან იმავე ძალით რომ ვეღარ შევებრძოლებოდით ამას ვხვდებოდით ჩვენც და ის 45 ათასი გულშემატკივარიც, რომელმაც ”ავივაზე” მეორე დონის საქართველოსთან ტესტ-მატჩი დააფასა.

”სამყურებმა” ბორჯღალოსნებთან შერკინებამდე ერთი კვირით ადრე სამხრეთაფრიკელები დაამარცხეს. იმ გუნდიდან ირლანდიამ ქართველებთან საბურთაოდ მხოლოდ ორი მორაგბე დაიტოვა, დანარჩენებს კი სათადარიგოებიდან უხმო. ირლანდია მეორე ნომრებითაც ირლანდიაა და ესეც ვიცით. ისიც ვიცით, რომ ირლანდიას კაცნაკლული არათუ საქართველო, სხვა ნებისმიერი მათსავით ბობოლა გუნდიც ვერ გაუწევს სათანადო წინააღმდეგობას.

”სამყურებისთვის” ბევრად მარტივია ძირითადი 15-ეულის სრულფასოვანი შეცვლა, ვიდრე საქართველოს ნაკრებისთვის ისეთი დანაკლისის შევსება, როგორებიც მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი არიან, რომლებსაც თავიანთი გამოცდილებით და ოსტატობით გუნდის გაძღოლა და მასში სხვაგვარი მუხტის შეტანა შეუძლიათ.

საქართველოს ნაკრებში მილტონ ჰეიგის მოსვლამდე ერთ-ერთი მოთხოვნა სათადარიგო სკამის  გაზრდა იყო. ამ მხრივ ახალზელანდიელის ხელში მნიშვნელოვანი წინსვლაა, რაც ერთი კვირის წინათ ტონგასთან ჯახში, ერთი კვირის თავზე კი მსოფლიო რეიტინგის მეხუთე საფეხურზე მყოფ, დღეს განახლებული რეიტინგით კი მესამეზე აღზევებულ (!) ირლანდიასთანაც გამოჩნდა.

საქართველოს რაგბის კავშირის გვერდის დახმარებით ქართველთა დამრიგებელ მილტონ ჰეიგსაც მოვუსმინოთ, რომელიც ირლანდიასთან შეხვედრას აფასებს: ”ცხადია კარგი გაკვეთილი მივიღეთ. რაქში თამაშისას მეტი ყურადღების გამახვილებაა აუცილებელი დისციპლინაზე. ორი ყვითელი სწორედ ამ მდგომარეობაში მივიღეთ და ამის გამო დავზარალდით კიდეც. ამ დონეზე თამაშისას ხსენებული უზუსტობების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. 

ასეთი გარჯისთვის ბიჭების მადლიერი ვარ! მათ მთელი შეხვედრის განმავლობაში გულით ითამაშეს და მოედანზე სრული შემადგენლობით თუ კაცნაკლულნი - ბოლომდე იბრძოდნენ”.

ბორჯღალოსნები თბილისში სამშაბათს გამთენიას ბრუნდებიან. ნაკრები ”შევარდენის” სანაკრებო ბაზას მიაშურებს და იაპონიის ნაკრებთან ნოემბრის მესამე და ბოლო ტესტისთვის მზადებას შეუდგება.

ბორჯღალოსნებისა და “საკურების” გზები ბოლო 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე ”მესხის” სტადიონზე გადაიკვეთა. მაშინდელი შერკინება იაპონიის გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ, რევანშს ველოდებით. 

საქართველო იაპონიას ამჯერადაც ”მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი