Band Aid ებოლამ ახლებურად ააჟღერა
19 ნოემბერი, 2014
1205
print

გიგა გურასაშვილი

დანარჩენი მსოფლიოსთვის და ესეც პირობითად, აფრიკა სიღატაკესთან, შიმშილთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, შავი კონტინენტის ასე ბოლომდე გაწირვაც არ მართებს მსოფლიოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრი კარგის და ცუდის ექსპორტი სწორედ აფრიკიდან ხდება. ცუდის შემთხვევაში კი ყველაზე ცუდი, რაც პირველი გვახსენდება ეს შიდსია, დღეს კი მსოფლიო ებოლას ვირუსითაა დაზაფრული, რომელიც იმავე მსოფლიოს სასიკვდილოდ იმეტებს.

ებოლას ვირუსი ინტერნაციონალურია და არა ლოკალური. ამიტომაც მის წინააღმდეგ მსოფლიო საზოგადოებრიობა გაერთიანდა. გაერთიანდნენ როგორც სპორტსმენები ისე შოუბიზნესის წარმომადგენლები.

ახლა სწორედ მუსიკოსებზე გვინდა ვთქვათ, რომლებიც Band Aid -ის საქველმოქმედო აქციათა სერიის ინიციატორის ცნობილი მუსიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ბობ გელდოფის თაოსნობით ლონდონის ნოთინგ-ჰილის ხმის ჩამწერ Sarm West Studios-ში ისევე როგორც 30 წლის წინათ, გაერთიანდნენ და 1980-იანების ჰიტი  Do They Know It's Christmas? ებოლას ვირუსთან საბრძოლველად და პირველ რიგში კი აფრიკის დასახმარებლად ახლებურად ააჟღერეს.

ჩანაფიქრმა გაამართლა. გაამართლა ჩანაწერმაც. სინგლმა გაყიდვიდან ხუთ წუთში მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტს (!) მოუყარა თავი.

1984 წლის მუსიკალური ბილიკის ახალი ვერსიის მიზანი სწორედ ებოლას ვირუსით დაზარალებულთათვის სახსრების მოძიებაა.

Do They Know It's Christmas?-ის ჩაწერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს U2-ის ფრონტმენმა ბონომ, Coldplay-ს სოლისტმა კრის მარტინმა, Seal, Queen-ის დრამერმა როჯერ ტეილორმა, პალომა ფაიტმა, შინედ ო’კონორმა, რიტა ორამ, ანგელიკ კიჯომ...

1984 წლის ორიგინალური აქციის ინიციატორის მიჯ ურის და ბობ გელდოფის თქმით, სინგლის გაყიდვიდან მიღებული ფული აღმოსავლეთ აფრიკაში ვირუს ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად გადაირიცხება.

აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ტრადიციულად უარი თქვეს Band Aid-ის აქციაში მონაწილეობაზე. ასეთები კი ძმები ნოელ და ლაიამ გალაჰერები და Blur-ის სოლისტი დეიმონ ალბარნი არიან.

სხვათა შორის, საქველმოქმედო სინგლის ჩასაწერად ბობ გელდოფმა ადელსაც უხმო, მაგრამ მან მისი ამგვარი ინიციატივა უყურადღებოდ დატოვა.

საგულისხმოა ისიც, რომ სიმღერის ახალი ვერსიისთვის კომპოზიციის ტექსტი ხელახლა გადაწერეს, რათა ”იმ გამოწვევებისთვის გაესვათ ხაზი, რომლის წინაშეც დღეს დგას აფრიკა”.

”ვიცით, რომ შეიძლება ვირუს ებოლას გადამტანები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ გვყავს ექიმები, მედდები, გვაქვს წამლები და სახელმწიფო სტრუქტურები, გვაქვს ფული. აფრიკაში კი ადამიანები კვლავაც კვდებიან, რადგან ძალიან ღარიბები არიან. ეს სრულიად მიუღებელია”, - აცხადებს გელდოფი.

აქვე გავიხსენოთ, რომ 1984 წელს Band Aid-ის ორიგინალური სინგლის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ბონო, დევიდ ბოუი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ მაიკლი, Duran Duran, Kool & the Gang, ბოი ჯორჯი, სტინგი, ფილ კოლინზი და ბევრი ცნობილი შემსრულებელი. მაშინ ამგვარი საქველმოქმედო აქციით მიღებული სახსრები ეთიოპიაში შიმშილით დაზარალებულებულ მოსახლეობას გადაერიცხა.

სიმღერის კიდევ ორი ვერსია გამოიცა 1989 და 2004 წლებშიც.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის