სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
24 ნოემბერი, 2014
1503
print

ამ ფესტივალს ძალიან პატარა ისტორია აქვს, სულ რაღაც სამი წლისაა, მაგრამ უკვე შეძლო არა მხოლოდ აუდიტორიის შემოკრება, არამედ საერთაშორისოს სტატუსს შეძენაც. საუბარია თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალს ,,ნიღაბზე“, რომელიც ტრადიციულად წლის მიწურულს იმართება. მესამე „ნიღაბი“ სტარტს 2 დეკემბერს აიღებს და 10 დეკემბრამდე გასტანს, მის პროგრამაში კი ათამდე სპექტაკლის სახელწოდება იკითხება.

„ნიღაბი“ მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერაა დაარსებული, ღონისძიებას კი სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს. როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნათია გუჯაბიძე ამბობს, ფესტივალი სტუდენტების შემოქმედებითად განვითარებას, თვალსაწიერის ზრდას, კომუნიკაციასა და ახალი გამოცდილების მიღებას უწყობს ხელს. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რის გამოც „ნიღაბის“ აფიშა წლიდან წლამდე იზრდება და სპექტაკლების ხარისხიც მატულობს.

გაგაცნობთ ფესტივალის პროგრამას: ფესტივალის გახსნის დღეს, 2 დეკემბერს, სცენაზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი გამოვა, 3 დეკემბერს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; 4 დეკემბერს საკუთარ ნამუშევარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ჰიგია“ წარმოადგენს, ხოლო 5 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტის სპექტაკლს ვიხილავთ; შემდგომ დღეს სპექტაკლს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგვიდგენს, ხოლო 7 დეკემბერს თურქეთიდან ჩამოსული სტუდენტური დასი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დადგმას 8 დეკემბერს ვნახავთ, უკრაინელი სტუდენტები და აზიური გუნდი კი ჩვენთვის 9 დეკემბერს ითამაშებენ.

ფესტივალის წამყვანი მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იქნება, ხოლო სტუდენტურ ნამუშევრებს ჟიურის შემდეგი შემადგენლობა განსჯის: რეჟისორები გოგი თოდაძე და გოჩა კაპანაძე, მსახიობები ია სუხიტაშვილი, კახა მიქიაშვილი და ნანული სარაჯიშვილი, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და ერთიც თბილისის მერიის წარმომადგენელი.

ჟიური ათი ნომინაციის გამარჯვებულს გამოავლენს, დაჯილდოებისა და დახურვის ცერემონიალი კი 10 დეკემბერს თიბისი ბანკის ცენტრალური ოფისის გალერეაში გაიმართება.

2012 წელს დაარსებული „ნიღაბი“ პირველ წელს მხოლოდ ექვსი უმაღლესი სასწავლებლის დასს მასპინძლობდა, შარშან კი მათი რაოდენობა ათამდე გაიზარდა და თურქული და აზერბაიჯანული დასებიც შემოიმატა. ფესტივალის წესების მიხედვით, მასში მონაწილება მხოლოდ მოქმედი სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ დასებს შეუძლია, ჟიური კი არა საუკეთესო სპექტაკლს ან რეჟისორს, არამედ მხოლოდ მოყვარული მსახიობების ნამუშევარს აფასებს.

ia vekua
სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“