საახალწლო ქველმოქმედება ნიუ იორკული გარნირით
26 ნოემბერი, 2014
1457
print

 

ახალი წლის მოახლოვების შესახებ თოვლისა და საგზაო საცობების გარდა კიდევ ერთი და ყველაზე უტყუარი წყარო გვაუწყებს - ეს კალენდარია, დღეების ორგანიზების ყველაზე პოპულარული სისტემა, სადაც წითლად წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღებია მონიშნული. ახალი წელიც მათ შორისაა, თუმცა, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ამ დღესასწაულის აღნიშვნას ჩვენც რამდენიმე დღით ადრე ვიწყებთ (სხვა საქმეა, როდის ვამთავრებთ). წინასაახალწლო სამზადისი საქართველოში 2015 წლის დადგომამდე ორი-სამი კვირით ადრე დაიწყება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მასშტაბური და, რაც მთავარია, საქველმოქმედო ღონისძიება კი 17 დეკემბერს გაიმართება.

ამ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზის მთავარ სცენაზე ცნობილი ამერიკული კვარტეტის, New York Voices-ის ხმაშეწყობილი წევრები გამოვლენ, რომლებსაც პარტნიორობას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის ორკესტრი გაუწევს (დირიჟორი ვახტანგ კახიძე).

ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული, საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა კი მთლიანად საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება. თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობას მოხმარდება. ამრიგად, წინასაახალწლოდ ძალიან კეთილი საქმის გაკეთების საშუალება გაქვთ, რასაც ფონად არაჩვეულებრივი მუსიკა ექნება.

მსგავსი ტიპის კონცერტი ჩვენთან არასდროს ჩატარებულა, მთელ მსოფლიოში კი საუკეთესო წინასაახალწლო განწყობას სწორედ ამგვარი საღამოები ქმნის. New York Voices ცნობილი საახალწლო-საშობაო სიმღერების არანჟირებულ ვერსიებს შეგვისრულებს, სწორედ მათ, რომლებიც კვარტეტის 2013 წლის ალბომ Let It Snow-შია თავმოყრილი. ალბომი მართლაც საუკეთესო საახალწლო სიმღერების ნაკრებია, მათი უმეტესობა ყველასთვის ცნობილია, ვოკალური კვარტეტისა და სიმფონიური ორკესტრის შესრულებით კი ამ კომპოზიციების სრულიად სხვა ჟღერადობას აღმოაჩენთ. თბილისელი მსმენელი შემდეგ კომპოზიციებს მოისმენს: Let It Snow, Christmas Time is Here, O Come, O Come Emmanuel, We Wish You a Merry Christmas, I Wonder As I Wander, We Three Kings, Silent Night და სხვას.

Manhattan Transfer-ისა და Lambert, Hendricks & Ross-ის ტრადიციების გამგრძელებელ „გრემის“ მფლობელ კვარტეტს 27 წლიანი ისტორია აქვს. ამ წლების განმავლობაში კვარტეტმა შემადგენლობა ოდნავ შეიცვალა, თუმცა ხარისხის მხრივ ცვლილება არასდროს ყოფილა - შესრულების უმაღლესი ნიშნული კვარტეტის ყოველი წევრისთვის წმინდაა. რიტმ’ენ’ბლუზი, სვინგი, ბიბოპი, გოსპელი, ბოსა ნოვა - ეს იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც New York Voices მუშაობს, ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობა კი შემდეგია: კიმ ნაზარიანი, ლორენ კინანი, დერმონ მიდერი და პიტერ ელდრიჯი.

კვარტეტის ისტორია 1986 წლიდან იწყება, როდესაც სრულიად ახალგაზრდა დერმონ მიდერი, პიტერ ელდრიჯი, კიმ ნაზარიანი და კაპრის ფოქსი ერთმანეთს შეხვდნენ და ვოკალური ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. მალე მათ მეხუთე წევრი, სარა კრიგერიც შეუერთდა, 1989 წელს კი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით New York Voices გამოუშვეს. ალბომს სულ რამდენიმე დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ჯაზის კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება და მსმენელის სიმპატია დაემსახურებინა. 90-იანი წლების დასაწყისში ჯგუფიდან სარა კრიგერი წავიდა და მისი ადგილი ლორენ კინენმა დაიკავა, 1994 წელს კი New York Voices ოფიციალურად იქცა კვარტეტად და მას შემდეგ შემადგენლობა არ შეუცვლია.

ამ დროისთვის ჯგუფს ათზე მეტი ალბომი აქვს ჩაწერილი, გარდა ამისა, აქტიურად თანამშრომლობენ სხვა და სხვა შემსრულებლებთან. „გრემი“ სწორედ კოლაბორაციული ნამუშევრისთვის დაიმსახურეს - 1996 წელს ქაუნთ ბესის ორკესტრთან ერთად ჩაწერილი ალბომი Live at Manchester Craftsmen’s Guild წლის საუკეთესო ჯაზალბომად აღიარეს. ჯგუფი აქტიურად ასრულებს ცნობილი კომპოზიციების ქოვერებსაც, 1997 წელს კი პოლ საიმონის საუკეთესო სიმღერები ჩაწერეს და ალბომი New York Voices Sing the Songs of Paul Simon-იც გამოუშვეს.

New York Voices თბილისში კიდევ ერთი მისიით ჩამოდის: 16 დეკემბერს ჯგუფის წევრები ვოკალის მასტერკლასს ჩაატარებენ. უცხოელი მუსიკოსების მიერ ჩატარებული მასტერკლასები ჩვენთვის სიახლე არაა (როგორც წესი, ასე ჯაზფესტივალების სტუმრები ირჯებიან ხოლმე), თუმცა ვოკალში ამგვარი რამ პირველად ხდება. ასე რომ, ვისაც ვოკალური ხელოვნება აინტერესებს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...