ფიფას თავის ტკივილი
26 ნოემბერი, 2014
1510
print

გიგა გურასაშვილი

2018 და 2022 წლების მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის გამოსავლენი ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით ეჭვები მატულობს, რაც ფიფას ეთიკის კომისიის წევრის და მასპინძელ ქვეყანათა არჩევასთან დაკავშირებული გამოძიების ხელმძღვანელის მაიკლ გარსიას დამსახურებით დიდ თავის ტკივილად იქცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსთვის.

ჩატარებული გამოძიების შედეგებს ეხმაურებ უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც, რომელიც კითხვებზე პასუხს მოითხოვს: ”პირადად მე მინდა, რომ მოხსენება სრულიად გამოქვეყნდეს, მაგრამ იმავდროულად ყოველივე ეთიკის კომიტეტის ნორმების შესაბამისობაში უნდა იყოს.

მასპინძელი ქვეყნის არჩევისას თუ რამე დარღვევა გამოვლინდა, ამ შემთხვევაში ახალი ხმის მიცემის პროცესი უნდა დაინიშნოს”, - აცხადებს პლატინი.

პლატინის ამ განცხადებას წინ უძღოდა ფიფას ეთიკის კომისიის წევრის და მასპინძელი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებული გამოძიების ხელმძღვანელის მაიკლ გარსიას მოხსენების ნაწილობრივი გამოქვეყნება, რამაც დაახლოებით ორი კვირის წინათ თავად მაიკლ გარსიას უკმაყოფილება გამოიწვია.

კერძოდ ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატის ხელმძღვანელის ჰანს-იოაჰიმ ეკერტის მოხსენებით ვიტყობთ, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესში დარღვევები არ გამოვლენილა. მოხსენებაო ვთქვით და ხაზი გავუსვათ, რომ მას თავად გარსია არ ეთანხმება. 

საქმე ისაა, რომ აშშ-ის ყოფილი პროკურორის მაიკლ გარსიას თქმით, ფიფას მიერ გამომზეურებული მოკლე მოხსენება შეიცავდა მრავალ არასრულ და მცდარ მტკიცებულებებს მისი გამოძიებიდან. 

თავის მხრივ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი იმაზე საუბრობს თუ რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მაიკლ გარსიას, ასე ვთქვათ, მოხსენების სრული ვერსიის გამოქვეყნება: ”ფიფა მოხსენების გამოქვეყნებით დაარღვევდა არამარტო თავის წესებს, არამედ შვეიცარიის კანონმდებლობას.

შეგვატყობინეს, რომ მოხსენება ხელმისაწვდომი იქნება თუ კი მასში ნახსენები თითოეული პირი ამის თანხმობას მოგვცემენ და უარს იტყვიან ნებისმიერი შესაძლო იურიდიული ქმედებებისგან”.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ უეფას პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პედრუ პინტუმ მიშელ პლატინის დაახლოებით მსგავსი წინადადება გაახმოვანა. მისი სიტყვებით, უეფას პრეზიდენტი მოხსენების სრულიად გამოქვეყნების იდეას უჭერს მხარს თუ, რა თქმა უნდა, იმავდროულად არ დაირღვევა კონფიდეციალურობა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მოხსენება 430 გვერდისგან შედგება და მასში დიდი ალბათობით ის ინფორმაციაა, რომლის გამოქვეყნებისგანაც თავს იკავებს ფიფა.

ამასობაში მაიკლ გარსიას მოთხოვნას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი, რომელიც ფიფას გარსიას მიერ შესწავლილი საქმის სრული მოცულობით გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

”ფიფას ასეთი საქციელი ორგანიზაციის დამოუკიდებლობაში და მის გამჭვირვალობაში ეჭვის შეტანის მაპროვოცირებელია.

გარსიას მოხსენების სრულიად გამოუქვეყნებლობით, ფიფა რისკავს ზიანი მიაყენოს არამარტო საკუთარ ავტორიტეტს, არამედ მთლიანად ფეხბურთის რეპუტაციას”, - BBC-თან საუბარში, ფიფას გონიერებისკენ მოუწოდებს საჯიდ ჯავიდი.

განცხადებებში გაცილებით რადიკალურია გერმანიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელი და დორტმუნდის ”ბორუსიას” ყოფილი პრეზიდენტი რეინხარდ რაუბალი, რომელიც მიიჩნევს, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატის ხელმძღვანელის მოხსენების სრული მოცულობით გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, უეფა ფიფას შემადგენლობიდან გამოსვლაზე უნდა დაფიქრდეს.

”გამოძიების ყველა მონაცემი სრულად უნდა გამოქვეყნდეს. ფიფასთვის ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ნდობის შესანარჩუნებლად. ფეხბურთის მმართველ ორგანოზე ზემოქმედებისთვის ფიფას შემადგენლობიდან უეფას გამოსვლაც შესაძლებელია. ასეთი ვარიანტი სერიოზულად უნდა განიხილოს. ფაქტია, რუსეთისა და ყატარის განაცხადებთან დაკავშირებული გამოძიებები ფიფას საფუძვლებს არღვევს. ისტორიაში ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა”, - რაუბალს ციტირებს The Telegraph.

აქვე აღვნიშოთ, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიო თასის მასპინძლის სტატუსი, შესაბამისად, რუსეთსა და ყატარს 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში ფიფას აღმასკომის ხდომაზე მიენიჭათ.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი