მზადება ვენეციის ბიენალესთვის
08 დეკემბერი, 2014
1825
print

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩვენი სახელონებო წრე ერთ საკმაოდ არასასიამოვნო საკითხს განიხილავდა - ცნობილი გახდა, რომ, წინასწარი დაანონსების მიუხედავად, 2014 წლის ვენეციის ბიენალე საქართველოს პავილიონის გარეშე ჩაივლიდა. რამდენიმე თვით ადრე კი კულტურის სამინისტრომ კონკურსიც გამოაცხადა და ფაქტობრივად სრული გარანტიაც მოგვცა, რომ ვენეცია და, მასთან ერთად, მთელი მსოფლიო, თანამედროვე ქართულ ხელოვნებას გაეცნობოდა. მაშინ კულტურის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვენეციის გარეშე პროექტების ავტორთა მხრიდან თანადაფინანსების ვერმოძიების გამო დავრჩით, „ბრალდებულები“ კი ხელს კულტურის სამინისტროსკენ იშვერდნენ და არც თუ უსაფუძვლოდ - ეს ხომ სწორედ ის სახელმწიფო უწყება გახლავთ, რომელმაც გაუხარჯავი თანხის ბიუჯეტში დაბრუნებით გაითქვა სახელი.

თუმცა ეს უკვე წარსული ამბავია, ახალი კი ის გახლავთ, რომ ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის მზადყოფნა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოთქვა, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კი კონკურსის პროექტების ოფიციალური კონკურსიც გამოაცხადა. ამრიგად კურატორებსა და ხელოვანებს წინ მთელი ერთი წელი აქვთ პროექტების მოსამზადებლად, შესაფუთად და მსოფლიოს წინაშე წარსადგენად.

2015 წლის 56-ე ბიენალე 9 ნოემბერს აიღებს სტარტს და 22 ნოემბრამდე გასტანს. ამჯერად ღონისძიების თემა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება“ (All the world’s futures) იქნება, ხოლო საქართველოს პავილიონი „არსენალეს“ საგამოფენო სივრცეში განთავდება. როგორც კულტურის სამინისტრო აცხადებს, ბიენალეში მონაწილეობის წესები უწყების ვებგვერდზე 9 დეკემბრიდან განთავსდება, ხოლო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 15 იანვარი გახლავთ. ასეთი მცირე ვადა იმითაა განპირობებული, რომ, როგორც წესი, თებერვლის ბოლოდან ბიენალე უკვე ოფიციალური პროგრამის შედგენას იწყებს, ამიტომ ორგანიზატორებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რა მასშტაბის რესურსები დასჭირდებათ.

საქართველოს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის დიდი გამოცდილება არ აქვს. ამ წყალზე მოტივტივე ქალაქში მხოლოდ ორჯერ ვართ ნამყოფი - 2009 და 2013 წლებში. ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეს ძალიან ცოტაა, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არც ისე კარგი შედეგი აქვთ. მაგალითად ესტონეთი ვენეციის ბიენალეს 6-ჯერ სტუმრობდა, აზერბაიჯანი - 4-ჯერ, ხოლო უკრაინა ჩვენსავით 2-ჯერ. რუსეთის გარდა ამ ჩამონათვალში სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის სახელწოდება არ იკითხება, ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე არც ისე ცუდად გვაქვს.

ბიენალე წელს 56-ედ იმართება, თუმცა მისი ისტორია გაცილებით ხანგრძლივია. მისი დაარსების იდეა ვენეციის კონსულ რიკარდო სალვატიკოს ჯერ კიდევ 1893 წელს გაუჩნდა, 1895 წლიდან კი ღონისძიება ვენეციის საერთაშორისო სამხატვრო გამოფენის სახელს ატარებს. პირველ ბიენალეს 16 ქვეყნის მხატვრები სტუმრობდნენ, ამჟამად კი მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს, თავად ბიენალე კი წლების განმავლობაში სხვა და სხვა სახელოვნებო მიმართულებით გამდიდრდა. დღეს ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური, პოპულარული და პრესტიჟული გამოფენაა, რომელსაც, იმედია, მომავალ წელს მაინც არ გამოვაკლდებით.

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
26 ივნისი, 2015 ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
27 მაისი, 2015 ქართული ფოტოგრაფიის დღე
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 მარტი, 2015 ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
13 იანვარი, 2015 ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება
09 სექტემბერი, 2014 მხატვრები აფხაზეთიდან ლეიდენის გალერეაში