2015-ის ჯაზსერია
10 დეკემბერი, 2014
1860
print

უკვე მეექვსე წელია, ჯაზფესტივალებს შორის პაუზას ჯაზსერიები ავსებს. კომპანია „ისტერნ პრომოუშენი“, როგორც საქართველოში ჯაზის უმსხვილესი იმპორტიორი, წელსაც მსუყე პროგრამას გვთავაზობს და ოთხ საუკეთესო კონცერტზე გვიწვევს. 2015 წლის ჯაზსერიის პირველი კონცერტი 15 თებერვალს გაიმართება, მისი მთავარი გმირი კი საქსოფონისტი კენი გარეტი და მისი ბენდი იქნება.

კენი გარეტის თბილისში სტუმრობიდან 11 წელი გავიდა. ის 2003 წლის თბილისის ჯაზფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო და Incognito-სა და Take 6-თან ერთად ავსებდა აფიშას. წელს გარეტი ბენდის შემდეგ შემადგენლობასთან ერთად ჩამოდის: კორკორან ჰოლტი (აკუსტიკური ბასი), მაკლენტი ჰანტერი (დრამი), ვერნელ ბრაუნი (ფორტეპიანო) და რუდი ბირდი (პერკუსია). ეს სწორედ ის მუსიკოსები არიან, რომელთან ერთადაც მისტერ გარეტი ტურნეს ატარებს. ამჟამად მთელი ბენდი ამერიკის ტერიტორიაზე მოგზაურობს, თებერვლიდან კი ევროპისკენ გადმოინაცვლებს და თბილისსაც სწორედ ამ დროს ესტუმრება. ბენდი კენი გარეტის ბოლო, „გრემის“ საუკეთესო ინსტრუმენტალური ალბომის ნომიაციაში წარდგენილ Pushing the World Away-ს მხარდასაჭერ კონცერტებს მართავს, რაც ნიშნავს, რომ მასში შესულ კომპოზიციებს ჩვენც მოვისმენთ.

დიზი გილესპისა და მაილს დევისის მოსწავლე, მესაყვირე უოლას რუნი თბილისში 20 მარტს დაუკრავს, მასთან ერთად კი დრამერი ლენი უაითი, ბასისტი ბასტერ უილიამსი და პიანისტი ვიქტორ გულდი ჩამოვლენ. „რუნის საყვირის ტონალობა, ტემბრი, ჟღერადობა და ხასიათი აუცილებლად მოგაგონებთ ადრეულ მაილს დევისს. უოლას რუნის ხშირად აკრიტიკებენ მაილს დევისთან მსგავსებაში, მაგრამ ეს მისი საუკეთესო „დანაშაულია“, რადგან დიდებული ტექნიკით საუკეთესოდ შეუძლია ზღაპარივით ლამაზი მელოდების გადმოცემა. მსმენელი კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიხვდება, რომ მის წინაშე თანმედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი დგას“, - წერს უოლას რუნის შესახებ ერთ-ერთი მუსიკალური გამოცემა.

18 აპრილს ივენთ ჰოლში „გრემის“ ნომინანტი პიანისტი ჯეფ ლორბერი და მისი ბენდი დაუკრავს. ფიუჟენი, სმუთ და კროსოვერ ჯაზი - ეს ლორბერისა და კომპანიის მუსიკაა და, როგორც ჯაზსერიის ორგანიზატორების გვპირდებიან, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცერტიც იქნება. 21 მაისს კი წლევანდელ ჯაზსერიას სამი „გრემის“ მფლობელი ბასისტი კრისტიან მაკბრაიდი და მისი ტრიო დახურავს.

მანამდე კი ჩვენს მსმენელს წინასაახალწლო კონცერტების სერია ელის. „24 საათმა“ უკვე დაგიანონსათ, რომ 17 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში მსოფლიოში ცნობილი, თითქმის 40 წლიანი ისტორიის მქონე კვარტეტი New York Voices-ის კონცერტი გაიმართება. ჯგუფი საშობაო-საახალწლო თემატიკის ყველაზე ცნობილ კომპოზიციებს შეგვისრულებს. კვარტეტისთვის მუსიკალურ ფონს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის ორკესტრი შექმნის, რაც უკვე ორმაგ სიამოვნებას ნიშნავს. მესამე მნიშვნელოვანი დეტალი კი ის გახლავთ, რომ კონცერტი საქველმოქმედოა, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.

ახალი წლის ღამეს კი თბილისის ივენთ ჰოლში ბრიტანული ჯგუფის, Mat Bianco-ს წარმოუდგენელი შოუ გაიმართება, რომელსაც მალე „ჯემიროქუაის“ წევრების ბენდი Groovesonix შეცვლის და დილამდე სცენაზე იდგება.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...