საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
23 დეკემბერი, 2014
1634
print

ქართული საჭიდაო სამყარო მორიგი ხმაურიანი არჩევნებისთვის ემზადება. ემზადება რა, ჭიდაობის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღეა, პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვი კი კალეიდოსკოპურად იცვლება.

ერთი რამ უდაოა, ლუკა კურტანიძის პრეზიდენტის თანამდებობიდან იძულებით გადადგომისა თუ წასვლის შემდეგ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება.

მათ შორის პირველმა, ვინც პრეზიდენტობის სურვილი განაცხადის შეტანით დაადასტურა ვეტერანი მოჭიდავე მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუაა. ტიტულოვან ფალავანს მალევე ფეხდაფეხ მიყვნენ ევროპის მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია და პარლამენტარი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი გელშავილი.

კანდიდატთათვის ოფიციალური განაცხადის წარმოსადგენად დაწესებული ვადის მიწურულს კი პრეზიდენტობის სურვილი კიდევ ორმა ვეტერანმა - გოგი მაკასარაშვილმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა გურამ საღარაძემაც გამოთქვეს. ეგაა, საღარაძემ მალევე გადაიფიქრა და განაცხადი უკან გაიტანა.

ამასობაში, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ხელისუფლების მხრიდან უკანონო ზეწოლის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელი სახით ჩვენც გთავაზობთ:
...

დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად უკანონო ზეწოლის ფაქტების საწინააღმდეგო ზომების მიღება.
პირველი საკითხის გარშემო სიტყვით გამოვიდა გიორგი მაკასარაშვილი. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცალკეული შტოების მცდარ გზაზე მყოფი წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელიც სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას გაგვაცნეს, მხარს უჭერენ ბ-ნ ვალერი გელაშვილის კანდიდატურას და გვირჩიეს, რომ დაგვეჭირა მისთვის მხარი. 
მათ ავუხსენით, რომ ვალერი გელაშვილს სრული უფლება აქვს, დემოკრატიულ არჩევნებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ გელაშვილის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც, მათ შორის, ჭიდაობის სამყაროს დიდი ნაწილის მიერ წამოყენებულ კანდიდატებსაც აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 
ამ პასუხის შემდეგ ადგილი აქვს აშკარა უკანონო ზეწოლას ამ ბატონების მხრიდან, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ითხოვენ ბ-ნ რომან რურუასგან, მოხსნას თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის არჩევნებიდან. ამ მიზნით მათი მხრიდან მიღებულ იქნა სხვადასხვა ზომა, რომელთა გაჟღერებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ. 
ასეთივე ზეწოლას ვერ გაუძლო ბ-ნმა გურამ საღარაძემ, რომელმაც დადგენილ ვადებში უკვე გაიტანა თავისი განცხადება უკან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე. 
ყოველივე ეს ხდებოდა და ხდება ჩვენი სამუშაო ჯგუფის წევრების თვალწინ. საჭიროების შემთხვევაში ამას დავადასტურებთ.
სამუშაო ჯგუფს მიაჩნია, რომ ამ ბატონების მოქმედება მიუღებელია. იგი ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ ნორმებს და ემსგავსება წინა ხელისუფლებების დროინდელ უკანონო მეთოდებს. 
ამ ქმედებებით მათ უნდათ გადახაზონ "ქართული ოცნების" საყოველთაოდ ცნობილი პოსტულატი, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ საქართველოში "სამაგალითო დემოკრატია". მათი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საჭიდაო სამყაროს წარმომადგენელთა ნებას, რომლის მიხედვითაც, სურვილი აქვთ, პრეზიდენტად იხილონ დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული პრეზიდენტი.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიღებულ იქნას დემოკრატიული არჩევნების დამცავი დამატებითი ზომები, კერძოდ:

1. კიდევ ერთხელ გასაჯაროვდეს, რომ პრეზიდენტის არჩევის სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატად განცხადების შეტანისა და უკან გამოსატანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 20 დეკემბერს, 18.00 სთ-ზე. ამ ვადაში განცხადება შემოიტანა 5-მა კანდიდატმა. 
ესენი არიან: რომან რურუა, მანუჩარ კვირკველია, გიორგი მაკასარაშვილი, გურამ საღარაძე და ვალერი გელაშვილი. დადგენილ ვადებში უკან გაიტანა საკუთარი განცხადება გურამ საღარაძემ. 
ამრიგად, სამუშაო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატებად დაარეგისტრირა 4 კანდიდატი: რომან რურუა, მანუჩარ კვირკველია, გიორგი მაკასარაშვილი და ვალერი გელაშვილი. ისინი ავტომატურ რეჟიმში შევლენ საარჩევნო ბიულეტენში.
ჩვენი მოქმედება გამომდინარეობს სამართლიანობის პრინციპიდან და არ ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას.

2. იმისთვის, რომ გამოირიცხოს რაიმე სახის ზეწოლა კანდიდატებზე, არჩევნები ჩატარდეს სპეციალურად შემუშავებული წესით, რომლითაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფასთან ერთად, გამოირიცხება პრეზიდენტობის კანდიდატებზე შემდგომი ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის აზრი და მიზანშეწონილობა.

3. შემდგომშიც განხორციელდეს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ "ქართული ოცნების" მთავარი მიღწევის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დაცვას და აგრეთვე, ერთ-ერთი საზოგადოებრივი სექტორის, ამ შემთხვევაში, ჭიდაობის ფედერაციის გაძლიერებას;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდეს საინფორმაციო საშუალებებით. 

სამუშაო ჯგუფის წევრები:
1. მერაბ ღუდუშაური
2. გიორგი მაკასარაშვილი
3. ვასილ ქარსელაძე
4. დიმიტრი გელაშვილი
5. თამაზ მაჭავარიანი
6. ნოდარ მოდებაძე
7. დავით გობეჯიშვილი
8. თემურ ყაზარაშვილი
9. ბაკურ გოგიტიძე
10. გიორგი ლომიძე
11. მანუჩარ კვირკველია

ფალავანთა კლუბი

22.12.2014.

P.S. დღის ბოლოს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა რომან რურუამ. ასე რომ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი - მანუჩარ კვირკველია, ვალერი გელაშვილი და გიორგი მაკასარაშვილი შემორჩა.

პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ ფედერაციის გაძღოლა ძალიან შრომატევადი საქმეა.

სხვათა შორის, დღის პირველ ნახევარში საკუთარი კანდიდატურის შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით საუბრისას რურუამ გარკვეულწილად მიანიშნა, რომ მას სხვა საქმეც აქვს და რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში არ უნდა ჭიდაობას ყურადღება დააკლოს.

ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს გაურკვეველია, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის თავდაპირველი სურვილი.

ერთი სიტყვით, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამუშაო ჯგუფის ეს განცხადება და საღამოს უკვე რურუას ეს გადაწყვეტილება, გარკვეულ ეჭვებს მაინც აღძრავს. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
27 დეკემბერი, 2013 ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის