წიგნების საახალწლო სუფრა
25 დეკემბერი, 2014
1337
print

მართალია, წლის ამ მონაკვეთში გასტრონომიული საზრდო უფრო პრიორიტეტულია, ბევრისთვის სულიერისთვისაც მოიძებნება დრო და, რაც მთავარია, ფინანსები. ამ უკანასკნელის დახარჯვა კი წიგნის საახალწლო ფესტივალზე შეგიძლიათ, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 25–28 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში ტარდება.

ფესტივალი დღეს გაიხსნა, მოლის ცენტრალური ტერიტორია კი 30-ზე მეტ გამომცემლობასა და წიგნის გამავრცელებელ ორგანიზაციას აქვს ათვისებული.

კარგია. როგორც იქნა, ჩვენს ქვეყანაში ახალი წელი ოდნავ მაინც გასცდება სუფრასა და საესტრადიო კონცერტებს და აქცენტი გაცილებით უკეთეს ფასეულობებზე გაკეთდება. კარგია ისიც, რომ ფესტივალი თბილისის მიღმაც გავრცელდა და ღონისძიებაში ქვეყნის სხვა და სხვა ქალაქში მოქმედი წიგნის მაღაზიებიც ჩაერთო. მაგალითად, თუ თქვენს ქალაქში არის მაღაზიები: „ბიბლუსი“, „ლიბრა“, „პროსპერო“, „წიგნები ვაკეში“ და „წიგნები ბათუმში“, მაშინ იცოდეთ, რომ ავტომატურად ფესტივალის მონაწილე ხდებით, რადგან აქაც ისეთივე ფასდაკლებები მოქმედებს, როგორც თბილისი მოლის დახლებზე.

წიგნის ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად ახალი გამოცემების პრეზენტაციებიც იმართება, რისთვისაც, უმჯობესი იქნება, თუ თქვენთვის საინტერესო გამომცემლობების ვებგვერდებს მიადევნებთ თვალს, თუმცა აქ მაინც შევეცდებით გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ: დღეს საღამოს გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ ახალ გამოცემებს წარმოადგენენ. ესენია დამწყები ივა ფეზუაშვილის „ვცადე“ და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ მომზადებული ღია ბარათების სერია „ღვინის ქვეყანა“ და „ციდან დანახული საქართველო“. „ინტელექტის“ პავილიონში ასევე შეიძენთ ირაკლი სამსონაძის „ლეას საათს“, „ყურთბალიშს“, „ღრუბელი, სახელად დარინდასა“ და პიესების კრებულს; აქვე ნახავთ ზაზა ბიბილაშვილის, ირაკლი ლომოურის, ზურაბ ლეჟავას, ზვიად კვარაცხელიას (მაგალითად, მის „ფორმა #100-ს“, რომელიც წელს რომანის ნომინაციაში „საბას“ მფლობელი გახდა), ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ირაკლი ჩარკვიანის, ლაშა თაბუკაშვილის, ირაკლი კაკაბაძის, ცირა ყურაშვილის, ირაკლი ჯავახაძისა და სხვათა ნაწარმოებებს. ცხადია, აქვეა უახლესი თარგმანებიც.

26 დეკემბერს კი „ინტელექტი“ ნუგზარ შატაიძის ფილმებად ადაპტირებული ორი ნაწარმოების პრეზენტაციას აწყობს (ეროვნულ კინოცენტრში): „კუნძული“ და „მოგზაურობა აფრიკაში“ გიორგი ოვაშვილმა უკვე აქცია ფილმებად, ახლა კი ფილმების წაკითხვის საშუალება გეძლევათ.

ამავე დღეს გამომცემლობა „საქწიგნი“ ზაზა ბატელიშვილის მოგონებებისა და ნანა ცინცაძის კრებულების პრეზენტაციას გეგმავს, ხოლო იგივე „ინტელექტი“ ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსს“ წარმოგვიდგენს.

27 დეკემბერს გამომცემლობა „სიესტა“ ოთარ ჯირკვალიშვილის წიგნის პრეზენტაციაზე გიწვევთ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით პოეტ და ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილის მიერ წლების განმავლობაში შეკრებილი „ლიტერატურული ProFile-ის” წარდგინება გელით. ეს გახლავთ ეკასა და თანამედროვე ქართველი ავტორების დიალოგებისა და შემოქმედებითი პორტრეტების კრებული, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობ ავტორებს სულ სხვა რაკურსით გვაცნობს.

ამავე დღეს იგეგმება გამომცემლობა „ოჩოპინტრეს“ ძალიან საინტერესო გამოცემა - მზია შარაშიძის „თბილისის ზოოპარკის ამბების“ მკითხველისთვის გაცნობა. ავტორი ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია და მისი ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორიც. სწორედ ის წერს ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სტატუსებს, რომლებშიც ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს. ეს კრებული უთუოდ დააინტერესებს ბავშვებსაც და ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარიც იქნება.

კარგი საბავშვო სერია აქვს „დიოგენესაც“, მათ შორის „ვინი პუუჰის“ ახალი გამოცემაც. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ალან მილნის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოების ახალი თარგმანი, რომელიც ძველისგან განსხვავებით არა რუსულიდან, არამედ ორიგინალიდანაა შესრულებული.

არ გამოტოვოთ 28 დეკემბერის საფესტივალო დღე - თბილისის მოლში „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ ბესტსელერებს გამოავლენენ და გამარჯვებულებსაც დააჯილდოებენ, ასევე გაიმართება პაატა შამუგიას კრებულ „შიზოგადოებისა“ და გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ პრეზენტაცია.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული