უთავკაცოდ დარჩენილ საქართველოს ნაკრებს ცხადაძის სახით პატრონი მოუვლინეს
25 დეკემბერი, 2014
1210
print

გიგა გურასაშვილი

წლის ბოლოა და ყველა თავისას ითვლის. გამონაკლისი არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, რომელმაც დღეს 2014 წლის შემაჯამებელ საღამოზე ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა, იქამდე კი უთავკაცოდ დარჩენილს საქართველოს ნაკრებს მთავარ მწვრთნელად ბაქოს ”ინტერის” დამრიგებელი კახა ცხადაძე მოუვლინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და კახა ცხადაძეს შორის დღეს გაფორმებული ხელშეკრულება 1 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

საგულისხმოა ისიც, რომ ცხადაძე ნაკრებში მუშაობას ბაქოს "ინტერში” მუშაობის პარალელურად შეითავსებს.

ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ მოკლევადიანი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ საქართველოს ნაკრების (1991-1998) ყოფილ კაპიტანსა და სფფ-ს შორის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის მიხედვითაც ცხადაძე უმთავრეს გუნდს 2017 წლის ბოლომდე გაუძღვება, ამ შემთხვევაში “ინტერში” აღარ იმუშავებს და მხოლოდ საქართველოს ნაკრებით იქნება დაკავებული.

ერთი სიტყვით, ნაკრების ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელის დებიუტი 23 მარტს მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება, 29 მარტს კი ევრო-2016-ის შესარჩევს ჯგუფის ფავორიტ გერმანიასთან შეხვედრით გახსნის.

”ნებისმიერი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი პატივი და თანამდებობა ეროვნულ გუნდში მუშაობაა.

ვეცდები, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებას მივაღწიო და ქართველი გულშემატკივარი გავახარო. მინდა დასრულდეს ნაკრების უპერსპექტივობაზე საუბრები.  

...ასაკის მიუხედავად, ნაკრებში ყველა იმ ფეხბურთელს გამოვიძახებ, რომელიც კონკრეტული თამაშისთვის მზად იქნება”, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა.

ბაქოს "ინტერის" გარდა, კახა ცხადაძის სამწვრთნელო ნამსახურობათა ნუსხა ითვლის თბილისის "ლოკომოტივში" (2001-2002), თბილისის "დინამოში" (2005–2006), ბოლნისის "სიონში" (2006–2007), ბაქოს "სტანდარტსა" (2008) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში მუშაობას (2009).

რაც შეეხება 2014 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს, ასეთად ყაზანის ”რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია სცნეს, რომელსაც ამავე ნომინაციაში მეტოქეობას უწევდნენ თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია) და ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა).

წლის საუკეთესო ლეგიონერადაც კვირკველია დასახელდა. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი თბილისის ”დინამოს” ყოფილ ესპანელ თავდამსხმელ ჩისკოს ერგო, 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი თბილისის ”დინამოს” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილია.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი