ბორჯღალოსნებმა სეზონი დაალელოვეს
30 დეკემბერი, 2014
1392
print

გიგა გურასაშვილი

ქართულ სპორტულ სამყაროში ყველაზე ბოლოს წელი მორაგბეეებმა შეაჯამეს. 2014 წელი ქართველი მობურთალებისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იყო. იქით ერთა თასის მოგება და მსოფლიო თასზე გასვლა, მერე IRB თბილისის თასი, შემოდგომაზე კი ნოემბრის ტეტს-მატჩები. შიგადაშიგ ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი და საკლუბო ბურთაობა.

ერთი სიტყვით, საგულშემატკივროდ საკმარისი მიზეზი გვქონდა. და ახლა, როდესაც წელი დასრულებულია, უინტერესო არც ის უნდა იყოს თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული, ვინ დაიკავებდა ერთგვარ სიმბოლურ ნაკრებში ადგილს, ვინ გახდებოდა საუკეთესო მელელოვე და მექულე, ვინ მწვრთნელი...

მაშ ასე, მერაბ შარიქაძე 2014 წლის საუკეთესო მორაგბეა! “აკადემიის” აღზრდილი 21 წლის მორაგბე ეროვნულ გუნდში 2012 წლიდან გამოჩნდა და ასაკის მიუხედავად, ბოლო ორი სეზონია ბორჯღალოსანთა ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. განვლილი სამი წლის განმავლობაში 28 კეპი მოიხვეჭა და პლუს შვიდჯერ დაალელოვა მეტოქე. გამორჩეული იყო ისეთ გუნდებთან თამაშში, როგორებიც სამოასა და იაპონიის ნაკრებები არიან. გასული სეზონი შარიქაძემ Pro D2-ის “ბურგ-ან-ბრესში” გაატარა, მიმდინარე სეზონში ამავე დივიზიონის “ორიაკში” გადავიდა და 9 მატჩში 1 ლელო გაიტანა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჯილდო დამსახურებულად ერგო.

საქართველოს ჩემპიონატის 2013/2014 წლების სეზონის საუკეთესო მორაგბე “ლელო სარასენსისა” და ეროვნული ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე სცნეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა კლუბის ჩემპიონობაში. გამორჩეული იყო ნაკრებშიც: 34 თამაშში 4 ლელო. ერთ-ერთი საუკეთესო იყო “თბილისის კავკასიელების” შემადგენლობაშიც. ასე რომ, საუკეთესო ფაქტობრივად უკონკურენტოდ გახდა.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაშიც საუკეთესო ქვეყნის ჩემპიონ “ლელო სარასენსის” დამრიგებელი ლევან მაისაშვილი გახდა.

9 ლელოთი მელელოვის ტიტული არავის დაუთმო “არმიას” გარემარბმა ალექსი ტუჩაშვილმა, ხოლო 223 ქულით საუკეთესო მექულის ჯილდო “ლელო სარასენსის” ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა დაისაკუთრა.

რაგბის კავშირის რჩეული ქალი მორაგბე ანა პოღოსიანია, ხოლო გასული სეზონის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახდა.

ასევე ტრადიციულად ტრადიციულად, დასახელდა 2013/2014 წლების სეზონის სიმბული ნაკრები:15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. გიორგი სანიკიძე, 2. დავით ხიდეშელი, 3. დავით გურგენაძე, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გუჯა სურგულაძე, ბექა ბიწაძე.

”ესაა ყველა იმ ადამიანის ჯილდო, ვინც აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთით ქართულ რაგბიში მოღვაწეობს. 2014 წელი კარგი იყო, ხოლო 2015 გარდამტეხი იქნება. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ჩვენი ოთხ წლიანი მუშაობის შედეგი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართველ ხალხს მომავალი წლის ოქტომბერში (2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისში გაიმართება მსოფლიო თასი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას) კიდევ ერთხელ გაახარებს”, - აცხადებდა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.

ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღით ადრე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რაგბის კავშირი წლის საუკეთესო ფედერაციად აღიარა.

დაჯილდოვების ცერემონის ბოლოს გიორგი ნიჟარაძემ შეკრებილთ ერთი სამწუხარო ამბავი ამცნო - ნაკრებს ემშვიდობება ბორჯღალოსანთა კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი. მან ნაკრების კვართი 73-ჯერ მოირგო, 13-ჯერ იყო გუნდის კაპიტანი და ჯამში 24 ლელო დადო. გიორგი ნიჟარაძემ დადო პირობა, რომ ის აუცილებლად დასაქმდება საქართველოს რაგბის კავშირში. ამასთან, მაჩხანელს გადასცა წმინდა გიორგის მედალიონი, რომელზეც ირაკლი მაჩხანელის სახელი და გვარი, ასევე მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაა ამოტვიფრული. ქართველ მორაგბეთაგან მსგავსი საჩუქარი აქამდე მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჰქონდა მიღებული და ახლა მას მეორე ირაკლი დაემატა.

”სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში ეროვნული გუნდის მაისურით რომ ვთამაშობდი. მომავალ მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების უდიდესი გულშემატკივარი ვიქნები - ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ”, - აცხადებდა მაჩხანელი, რომლის ოფიციალური გაცილება 2015 წლის ერთა თასზე რუსეთთან მატჩისთვის იგეგმება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი