სატელევიზიო გლობუსი
12 იანვარი, 2015
1568
print

წლევანდელ „ოქროს გლობუსზე“ ნერვიულობა და მღელვარება დასრულდა. ჰოლივუდის უცხოენოვან ჟურნალისტთა ასოციაციამ საკუთარი რჩეულები უკვე დააჯილდოა და მათ შორის არ არის ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, თუმცა საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა არა ნაკლებ გასახარია, ამიტომ ამ წარმარტებითაც დავკმაყოფილდეთ. რამდენიმე დღეში ისიც გვეცოდინება, მოხვდება თუ არა რომელიმე ქართული ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ასე რომ თემა ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას. „გლობუსზე“ ნომინირებული და გამარჯვებული ფილმების შესახებ წერა კიდევ მოგვიწევს, ამიტომ ამჯერად მხოლოდ სატელევიზიო პროექტებზე შევჩერდებით - „ოქროს გლობუსი“ ხომ ამ სეგმენტით უფროა ცნობილი.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა დრამატული სერიალის ნომინაციაში „სასიყვარულო ურთიერთობის“ (The Affair) გამარჯვება აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ სერიალს ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავდა („დაუტონის სააბატო“, „ბანქოს სახლი“, „კარგი ცოლი“, „სამეფო კარის თამაში“), ის ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სეზონს ითვლის. სერიალმა მართლაც ღირსეულად გაიმარჯვა. სიყვარული, ვნება, ლტოლვა, ღალატი, საიდუმლო კავშირები, ვალდებულებები და ძალიან კარგად დადგმული სექსის სცენები - ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მაყურებელმა სიამოვნება მიიღოს, ჟიურიმ კი ეჭვგარეშე დააჯილდოოს.

შესანიშნავია მთავარი როლის შემსრულებელი რუთ უილსონიც, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ დრამაში ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის მიიღო. კონკურენცია აქაც სერიოზული იყო, მისი მთავარი მეტოქე კი „სამშობლოს“ კლერ დეინსი გახლდათ, რომელსაც ამ სერიალში შესრულებული როლისთვის უკვე აქვს ორი „ოქროს გლობუსი“. ასევე შეიძლებოდა რობინ რაიტის დაჯილდოებაც „ბანქოს სახლიდან“, თუმცა რუთ უილსონისთვის გვერდის ავლა მართლაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ბანქოს სახლმა“ მაინც მიიღო თავისი - დრამაში მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი კევინ სპეისი ფრენსის ანდერვუდის არაჩვეულებრივი სახის შექმნისთვის დაფასდა. აქ მისი კონკურენტები „სასიყვარულო ურთიერთობის“ დომინიკ უესტი, „ნიკის“ კლაივ ოუენი, „შავი სიის“ ჯეიმს სპაიდერი და „რეი დონოვანის“ ლივ შვაიბერი იყვნენ. ეს უკანასკნელი მართლაც შესანიშნავია და, იმედია, მომავალ წელს მაინც გაუმართლებს.

კომედიურ სერიალებში „გულახდილობამ“ გაიმარჯვა, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის კი ამავე სერიალის მსახიობი ჯეფრი ტამბორი დააჯილოდეს, ხოლო ქალებს შორის „ქალწული ჯეინის“ მთავარი მსახიობი ჯინა როდრიგესი. სერიალებში მეორეხარისხოვანი როლებისთვის ქალებს შორის „დაუტონის სააბატოში“ მოახლე ანას როლის შემსრულებელმა ჯოან ფროგატმა გაიმარჯვა, ხოლო მამაკაცებს შორის მეტ ბომერმა, რომელიც ძალიან კარგ სატელევიზიო ფილმ „ნორმალურ გულში“ შიდსით დაავადებული გეის არაჩვეულებრივ სახეს ქმნის.

ოქროს გლობუსი“ პატივს მინისერიალებსაც მიაგებს. მართალია, გამარჯვებული „ფარგო“ კარგია, მაგრამ ამ ნომინაციაში „ნამდვილი დეტექტივის“ დაჩაგვრა უპატიებელია. ამ უკანასკნელმა სატელევიზიო პროდუქტის სრულიად ახალი ლეველი შემოგვთავაზა, ლამის კინემატოგრაფულ ხარისხს მიაღწია, ამიტომ მისი ჯილდოს გარეშე დატოვება ნამდვილად არ შეიძლებოდა. მეტიც, გამარჯვებულ „ფარგოს“ ბიტანული „დაკარგულიც“ (The Missing) კი სჯობს, თანაც ბევრად.

გაიმარჯვა „ფარგოს“ ბილი ბობ ტორნტონმაც - მართლაც ღორსეული არჩევანია, თუმცა ისევ და ისევ „ნამდვილი დეტექტივის“ მეტიუ მაკონაჰისა და „ნორმალური გულის“ მარკ რუფალოს გარჯის დავიწყებაც არ შეიძლება. ქალებს შორის კი ანალოგიურ ნომინაციაში მეგი ჯილენჰოლი გამოარჩიეს სატელევიზიო „პატივსაცემი ქალისთვის“

აქვე შეგახსენებთ, რომ „ოსკარი“ ნომინაციებს 15 იანვარს გამოაცხადებს. თვალ-ყური მაიდევნეთ - არ არის გამორიცხული საუკეთესო ხუთეულში ქართული ფილმიც მოხვდეს.

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2014 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება
16 მარტი, 2013 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საპარლამენტო კომიტეტში
02 მარტი, 2013 საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ ცვლილებებია
12 თებერვალი, 2010 MTV მუსიკალური აღარაა
22 სექტემბერი, 2009 ყველაზე ხანგრძლივი სერიალი დაიხურა