გიგი უგულავას ბლოგი
14 იანვარი, 2015
2583
print

"ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში..."

 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დამთავრებიდან ერთ საათში საზოგადოებამ იხილა, მოისმინა პრეზიდენტ სააკაშვილის ეს ფრაზა. ამ გამოსვლას წინ ერთსაათიანი ემოციურად მძიმე, ცხოვრებით დაღლილი და გადამწვარი ადამიანების თათბირი უძღოდა, ახლა მას brainstorming-ს უწოდებენ. ამ თათბირის აღწერა დღეს არ წარმოადგენს ჩემს ამოცანას (ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, მემუარებისთვისაც ჯერ ადრეა). მოკლედ ვიტყვი, რომ ლოგიკურად არსებობდა სულ რამდენიმე სვლა:

1. რადგან პრეზიდენტი ისევ კონსტიტუციურად სრულუფლებიანი მმართველი იყო, მთავრობის ერთობლივი დაკომპლექტება ანუ კოალიციური მთავრობის შეთავაზება.

2. პრეზიდენტი გადადგა.

3. იმ სამართლებრივი პროცესის კონსტატაცია, რაც მოხდა. ოპოზიციამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები, ის აკომპლექტებს მთავრობას, ხოლო მმართველი პარტია გადადის ოპოზიციაში.

სააკაშვილის ამ ცნობილ განცხადებას თითქოს მიჯრით მოჰყვა გამარჯვებული კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მუქარანარევი მოწოდება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ.

ეს ისტორია ყველას კარგად გვახსოვს და თითქოს გასახსენებელიც აქ არაფერია, თუმცა ორი წელი და ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება საკმარისია გარკვეული ანალიზისთვის და დასკვნებისთვის.

სექტემბრის საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლა უპრეცედენტოა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტ-საჭოთა სივრცის და, მეტიც, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის უმრავლესი ქვეყნებისათვის. შესაბამისად, ეს მოვლენა ფართო, რეგიონულ კონტექსტში, "ვარდების რევოლუციის" ანუ ზოგადად "ფერადი რევოლუციის" ტოლფას მოვლენად უნდა შეფასებულიყო და ქვეყანა სრულიად ახალ სიბრტყეში გადაეყვანა. სინამდვილეში ეს აღმოჩნდა, როგორც კახა ბენდუქიძემ ორიგინალურად და ჩვეული პირდაპირობით აღნიშნა, "ნაბიჯი წინ, ოღონდ ქაქში ჩადგმული". რატომ აღმოჩნდა ასე? ამ კითხვაზე პასუხს ისევ 1 ოქტომბრის შეფასებაში თუ ვიპოვით.

საქმე ის არის, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერ, ოლიგარქ ივანიშვილისთვის 1 ოქტომბერი ე.წ. "კომუფლირებული რევოლუცია" იყო და არა "მშვიდობიანი ძალაუფლების გადაცემა არჩევნების გზით". კომუფლირებული, რადგან ფორმით მას საარჩევნო პროცესის ფორმა ჰქონდა, ხოლო ივანიშვილის წარმოდგენით, შინაარსს არაფერი საერთო არ აქვს მშვიდობიან საარჩევნო პროცესთან. ბიძინა ივანიშვილი დღემდე დარწმუნებულია და მისი მემკვიდრეც მოქმედებს, როგორც რევოლუციის შედეგად მოსული მთავრობა, ანუ რევოლუციური კანონებით.

ერთი შეხედვით, შესაძლოა, მათ ამ წარმოდგენაში დაეთანხმო კიდეც. საქმე ის არის, რომ ყოველ რევოლუციას ახლავს ერთი და მუდმივი ემოციური ფონი - შეუძლებლის შეძლება. ამ შეუძლებლის შეძლებას მისი შემომქმედები ბუნებრივად აჰყავს რევოლუციურ კვარცხლბეკზე. ასე რომ, როცა ზვიად გამსახურდიას დაუკავშირდა შეუძლებლის - საქართველოს დამოუკიდებლობის - შეძლება, მიხეილ სააკაშვილს - მარადიული და მარადმწვანე შევარდნაძის რეჟიმის შეცვლა - შევარდნაძის, რომელიც ფაქტობრივად 1973 წლიდან მართავდა ქვეყანას და მთელ თაობებს არც კი ენახათ საქართველო მის გარეშე - ასეთივე შეუსრულებელ მისიას ჰგავდა ძლევამოსილი და ძალაუფლების მასხივებელი სააკაშვილის დამარცხებაც. ამიტომაც ივანიშვილმა, რომელსაც ნულოვანი დემოკრატიული ინსტიქტები აქვს და არც 1 ოქტომბრის გეოპოლიტიკური კონტექსტი ესმოდა, პირველი ფრაზა ის წარმოთქვა, რა კონტექსტშიც თავის თავს მოიაზრებდა. სწორედ ამ კონტექსტმა - კომუფლირებულმა, მაგრამ მაინც რევოლუციურმა კონტექსტმა ათქმევინა მას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადადგეს. მას ალბათ ამ დროს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მომხდარი რევოლუციის ფონზე გადამდგარი შევარდნაძე ედგა თვალწინ. მისი წარმოდგენით და იმ ჟანრში, რა ჟანრშიც ის თავს გრძნობდა, ეს ბუნებრივი და ლოგიკური იყო. ამ დროს, ნაცვლად შევარდნაძის ცნობილი ფრაზისა - "სახლში! წავედი სახლში!" - გამოხტა (ამ ფონზე სხვა ფრაზას ვერც იხმარ) პრეზიდენტი სააკაშვილი და ამბობს : "ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში..."

სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე მე მასთან არ მისაუბრია და ამდენად ვერ ვიტყვი, გრძნობს თუ არა ის, რომ ეს ფრაზა ისტორიულია, ქვეყნისთვის ეგზისტენციალური და შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში მის მთავარ ფრაზად შევიდეს.

ეს ფრაზა, რომ "ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში", მეხივით გაისმა "კომუფლირებული რევოლუციის" კაბადონზე. რევოლუციური ჟანრი მოითხოვდა დამარცხებულის სრულ განადგურებას, გაქრობას, პოლიტიკური ველის სრულ მოსუფთავებას, დაფნის გვირგვინს. ასე მოხდა, როცა გაქრა კომუნისტური პარტია, ”მრგვალი მაგიდა”, ”მოქალაქეთა კავშირი”, ”აღორძინება”. ოპოზიციაში გადასვლა არავის უთქვამს, არავის გაუგია. აქამდე ყველა დამარცხებული ქრებოდა. "შეუძლებლის შეძლება" ანუ რევოლუცია აქამდე ნიშნავდა დამარცხებულის სრულ განადგურებას. მეტიც, ამის გარეშე ის აღარ არის რევოლუცია, არამედ რაღაც გაუგებარი "peacfull transition of power" ანუ არჩევნების გზით "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა". "ჭოლა, დოი, სად ხართ, დავიღუპეთ!" – (მანანა ბერიკაშვილის ცნობილი სასოწარკვეთილი კივილი სოფელ კოლაგიდან, 1 ოქტომბრის არჩევნების წინა ღამეს).

დაახლოებით ასეთი გაკვირვებული და სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, როცა ქუთაისის ახლადგახსნილ პარლამენტში არგამქრალი, ოპოზიციაში გადასული "ნაციონალური მოძრაობა" დახვდა.

ამ ფრაზით რეალურად სააკაშვილმა შეძლო დაემთავრებინა ის, რაც თავის მმართველობის ათი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. "ვარდების რევოლუციის" მერე საქართველო მეტწილად რევოლუციური ჟანრის წესებით იმართებოდა. მაგრამ, მისი სურვილი ან პოლიტიკური სიმწიფე და ალღო არ აღმოაჩნდა ბიძინა ივანიშვილს. სწორედ ამიტომ განვლილი ორი წელიწადი ჩვენ ვაკვირდებოდით ფორმისა და შინაარსის ჭიდილს, რამაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის არსებობითი ეროზია გამოიწვია.

საქმე ის არის, რომ, დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის გამო, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ლეგიტიმაციის წყარო ზოგადად დასავლეთი, ანუ, როგორც მას ყოველდღიურ ენაზე ვუწოდებთ, ამერიკა და ევროპაა. 1 ოქტომბრის შესახებ დასავლეთმა მიიღო სააკაშვილის მიერ შეთავაზებული თემა - ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ანუ მოკლედ: ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში. ეს ის ფორმაა, რომელიც ივანიშვილის სურვილის მიუხედავად განსაზღვრავს შინაარსს. ხოლო შიანაარსი არა პარტიების გაქრობაში, არამედ არჩევნების შედეგად მონაცვლეობაში მდგომარეობს. ივანიშვილი კი ვერ ერევა "კომუფლირებულ რევოლუციას".

ისტორიული კანონზომიერება და გამოცდილება აჩვენებს, რომ ფორმა და შინაარსი ვერ იქნებიან დიდხანს ასეთ დისონანსში ერთმანეთთან. სწორედ ამით აიხსნება ის სწრაფი ეროზია და დელეგიტიმაცია, რასაც ვაკვირდებით ივანიშვილ-ღარიბაშვილის რეჟიმის მაგალითზე. მოსწონს ეს ივანიშვილს თუ არა, 1 ოქტომბერი არ იყო რევოლუცია საქართველოში. უბრალოდ დღეს საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ამ "რევოლუციობანას თამაშმა" ქვეყანა მართლა შესაძლო რევოლუციისაკენ წაიყვანა. ამაზე დაფიქრება ღირს!

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი