ახალი პროექტი კინოეკრანიზაციებისთვის
16 იანვარი, 2015
1245
print

 ...მოკლედ, ამ ბოლო დღეებში სადაც გავიხედეთ, ყველაგან ქართული კინო დაგვხვდა. რაც მთავარია, მხოლოდ კარგი ამბებით, საერთაშორისო წარმატებებითა და დიდი მოლოდინებით. ვიდრე ამერიკის კინოაკადემია თავის საქმეს აკეთებს, ჩვენთან ახალი პროექტის პრეზენტაციას მართავენ - „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც რეალურ შედეგს ირიოდე წელიწადში მოგვცემს.

პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რეალური მუშაობა კი იანვრის ბოლოდან დაიწყება, როდესაც კულტურის სამინისტრო გამომცემლების, რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდუსერების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. სწორედ ამ შეხვედრაზე იგეგმება პროექტის პირველი ეტაპის ამუშავება - გამომცელობები (ასევე ცალკეული ავტორები) უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში შექმნილი და გამოცემული ნაწარმოებების პრეზენტაციას გამართავენ და სცენარისტებსა და პროდუსერებს შესთავაზებენ.

ამის შემდეგ მუშაობას სცენარისტები შეუდგებიან და მათ მიერ შერჩეული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარს შექმნიან. საუკეთესო ადაპტირებულ სცენარს 2016 წელს გამოავლენენ და წარმოებაშიც ჩაუშვებენ, რისთვისაც დამატებით ფინანსებს კულტურის სამინისტრო საკუთარი ბიუჯეტიდან გამოჰყოფს. როგორც, პროექტის ინიციატორები გვპირდებიან, ყველაფერი ამით არ დასრულდება - პროექტის ფარგლებში სცენარის განვითარების სრულ ეტაპს კიდევ ოთხი სცენარი გაივლის, თუმცა მათ გადასაღებად ფინანსები ავტორებმა თავად უნდა მოიძიონ (ნუ დაფრთხებით, რადგან სცენარის განვითარების პროცესი თავად გადაღებებზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რაც გარკვეულ ხარჯსაც მოითხოვს).

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საუკეთესო კინოსცენარს გერმანულად თარგმნიან და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წაიღებენ, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ეს კი სცენარს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, მით უფრო, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აქტიურად თანამშრომლობს ბერლინის კინოფესტივალთან.

ზოგადად ქართულ კინოს კინოეკრანიზაციების კარგი გამოცდილება აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეკრანიზაციაა პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინეც“ - ალექსანდრე წუწუნავამ ის ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით გადაიღო.

როგორც წესი, ლიტერატურული პირველწყაროს თაყვანისმცემლები კინოადაპტაციას არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ კინო ვერასდროს იმეორებს ტექტს. რეალურად ასეც უნდა იყოს - სულაც არაა აუცილებელი რეჟისორმა ნაწარმოების ილუსტრაცია გადაიღოს და არც მისგან უნდა გაიქცეს. ნებისმიერ შემთხვევაში ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის პრაქტიკა კინოს დაბადებიდან არსებობს და, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს კიდეც. ახალი პროექტის წყალობით კი დიდ ეკრანზე გადანაცვლების შანსი თანამედროვე ქართულ ლიტერატურასაც მიეცემა.

ia vekua
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან