ფრანგულ სარაგბო მოედნებზე ქართველი მწვრთნელები გამოჩნდნენ
16 იანვარი, 2015
1254
print

გიგა გურასაშვილი

ათეულობით ქართველი მორაგბე ეზიარა ფრანგულ სარაგბო სკოლას. ქართველი მორაგბეები ფაქტობრივად ყველა დონეზე ფედერალ - 1, Pro D2 და Top 14-ში თამაშობენ, უთამაშიათ და ითამაშებენ, მაგრამ ალბათ ბევრმა არ უწყის იმის შესახებ, რომ ფრანგულ ოვალურ სამყაროში მობურთალების გარდა ქართველი მწვრთნელებითაც ინტერესდებიან. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე დავით ბოლღაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ნახევრადპროფესიულ ფედერალ 1-ის ბინადარ ”ლილის” (Lille Métropole Rugby Club) მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ამასთან ეს ის კლუბია, რომლის რიგებშიც გიორგი ჩხაიძე და გიო სორდია ირიცხებიან.

ფრანგული ინტერნეტ გამოცემები წერენ, რომ კლუბის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კრესპის ადგილი ”ლილის” სათადარიგო გუნდის 35 წლის ქართველ დამრიგებელ დავით ბოლღაშვილს ჩააბარეს. კრესპის განთავისუფლების მიზეზად კი მოთამაშეების მხრიდან არასათანადო პატივისცემას ასახელებენ. გარდა ამისა, იმასაც აღნიშნავენ, რომ კრესპი ლიდერის თვისებებით არ გამოირჩეოდა.  

ერთი სიტყვით, ”ლილი”, რომელიც Pro D2-ში დასაწინაურებლად იბრძვის, არჩევანი ქართველ დავით ბოლღაშვილზე გააკეთა.

”ლილის” გუნდში ათწლიანი თამაშის შემდეგ, დავით ბოლღაშვილი, რომელმაც 2011 წელს პარიზის ”მარკუსის” სარაგბო აკადემიის პროფესიული მწვრთნელის დიპლომი მიიღო, კლუბის ხელმძღვანელობამ მეორე გუნდის მწვრთნელად დანიშნა. სეზონის დასაწყისში მას პირველი გუნდის დამხმარე მწვრთნელის ადგილიც შეუთავსეს, ხოლო სამი დღის წინათ უმთავრესი გუნდის მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს. 

დავით ბოლღაშვილი რაგბს 12 წლის ეზიარა. თამაში თბილისის ”უნივერსიტეტში“ დაიწყო, 1998 წლიდან საქართველოს ნაკრების სრულუფლებიანი წევრი გახდა, რომლის რიგებშიც 33 კეპი მოიხვეჭა და ორჯერ კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა გუნდს. მის ნამსახურობათა ნუსხაშია ევროპის ერთა თასი, 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე ასპარეზობაც. საქართველოს ნაკრების მესამე ხაზელი პარალელურად საქართველოს შვიდკაცა რაგბის ღირსებასაც იცავდა. მისი ფრანგული ვოიაჟი კი 2000 წლიდან იწყება, სადაც ”ლილისა” და ”მაზამეს” მაისურით არაერთი მატჩი ჩაატარა.

დავით ბოლღაშვილის არ იყოს, კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ვიქტორ დიდებულიძემაც, რომელიც დღეს პარიზულ კლუბ "მასის" ოლივიე ნიესთან ერთად უდგას სათავეში.

კლუბი, რომელიც ელიტურ, მეორე დივიზიონ Pro D2-ში ასპარეზობს და 35 ქულით მე-9 ადგილზეა, უმთავრეს საზრუნავად დივიზიონში დარჩენა აქვს.
"ვიქტორ დიდებულიძე საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი იყო და არაერთი კეპი აქვს მოხვეჭილი ეროვნულ გუნდში. მან ბრწყინვალედ იცის რაგბის ავანჩავანი. სანამ "მასიში" აღმოჩნდებოდა, ჯერ საფრანგეთის სამხრეთში, "ტარბს" მიაშურა. ის არის ქართველი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი სამშობლო და "მასი", - ცოტა ხნის წინათ ვიქტორ დიდებულიძესთან აღებული ინტერვიუს წინასიტყვაობაში წერდა  ფრანგული პრესა, რომელსაც შემოკლებული სახით ჩვენც გთავაზობთ.
”სპორტის მიმართ განსაკუთრებული ჟინი მქონდა. სწორედ ამიტომაა, როცა თამაშს თავი დავანებე, მწვრთნელობას მივყავი ხელი. რაგბის გარეშე ყოფნა არ შემეძლო. არ შემეძლო შუა გზაზე გაჩერება. 
- როგორი იყო გზა ”მასიმდე”?
- საქართველო 29 წლისამ დავტოვე. იმ დროს ქართველ მორაგბეებს საფრანგეთსა და მსოფლიოში კარგად არ იცნობდნენ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ლევან ცაბაძესა და გია რაფავასთან ერთად, რომელსაც კლოდ სორელის დახმარებით, ფრანგულ კლუბებში თამაშის საშუალება მოგვეცა. მოგვიანებით კლოდ სორელი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. 
პირველი ფრანგული გუნდი, რომლის მაისურიც მოვირგე "მონპელიე" იყო, რომელიც მაშინ მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. იქ ერთი სეზონი გავატარე, მერე კი სამშობლოში დავბრუნდი. საბოლოოდ საფრანგეთისკენ გეზი 1999 წელს ავიღე - იმ წელს მეორე დივიზიონში მოთამაშე "ტარბში" ჩავირიცხე, სადაც სამი წელიწადი დავყავი. მერე ერთი სეზონი "ნიმში" გავატარე. შემდეგ იყო "ვალანსი", 2004 წელს კი "მასიში" ჩავირიცხე. 2008 წლიდან გუნდის მწვრთნელი ვარ (შერკინების მწვრთნელია. რედ.).
- ათი წელიწადია, "მასიში" ხართ. ყველაზე მეტად რა მოგწონთ ამ კლუბში ან ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?
- აქ ყველაზე მეტად მეგობრული ატმოსფერო მხიბლავს. ჩვენთვის ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთნი ვართ მაშინაც როცა ვაგებთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. 
ყველაზე სასიამოვნო ის იყო, როდესაც მეორე დივიზიონის საგზური პირველად მოვიპოვეთ. გასაკვირი არაა, ჩვენ ხომ სამი წელიწადი ვიბრძოდით ელიტაში დასაწინაურებლად.
- რამდენი კეპი გაქვთ მოპოვებული ეროვნულ ნაკრებში?
- ზუსტად არ მახსოვს, 49 თუ 50. პირველად ნაკრებში 1993 წელს ვითამაშე უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. მაშინ სათადარიგო ვიყავი და მოედანზე მეორე ტაიმში შევედი. 30 წუთი ვითამაშე, მაგრამ ის მატჩი დღევანდელივით მახსოვს. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი