ჯაზსერია ჯაზის დღის გარნირით
20 იანვარი, 2015
1348
print

ერთი თვეც არ დარჩა იმ დღემდე, როდესაც თბილისში ტრადიციული ჯაზსერია აიღებს სტარტს. მაისის ჩათვლით ჯაზის და ზოგადად კარგი მუსიკის მოყვარულებს ოთხი დაუვიწყარი კონცერტი ელით, თუმცა შუალედში კიდევ ერთი სიურპრიზი იგეგმება - 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს,  რუსთაველის თეატრში ლეგენდარული რონ კარტერის ტრიოს კონცერტი გაიმართება.

ჯაზსერიას 15 თებერვალს საქსოფონისტ კენი გარეტის კვინტეტი გახსნის, რომლის შემადგენლობაშიც თავად ფრონტმენის გარდა კორკორან ჰოლტი (აკუსტიკური ბასი), მაკლენტი ჰანტერი (დრამი), ვერნელ ბრაუნი (ფორტეპიანო) და რუდი ბირდი (პერკუსია) შედიან. ამჯამად კენი გარეტი ტურნეშია, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოგზურობს, თებერვლის მეორე ნახევრიდან კი აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლებს და თბილისშიც შემოივლის. ბენდი გარეტის ბოლო, „გრემის“ საუკეთესო ინსტრუმენტალური ალბომის ნომიაციაში წარდგენილ Pushing the World Away-ს მხარდასაჭერ კონცერტებს მართავს, ამრიგად მისი უახლეს კომპოზიციებს ჩვენც მოვისმენთ.

აღსანიშნავია, რომ კენი გარეტი თბილისში უკვე ნამყოფია. ის 2003 წლის ჯაზფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. მანამდე კი საკმაოდ საინტერესო შემოქმდებითი გზა აქვს გავლილი. დაიბადა ამერიკის ინდუსტრიულ ქალაქ დეტროიტში, სადაც მუსიკისთვის იშვიათად თუ იცლიან, თუმცა კენის გაუმართლა - საქსოფონზე დაკვრა მისი მამის ჰობი გახლდათ. შთამბეჭდავია გარეტის კარიერის საწყისებიც - 1978 წელს დუკ ელინგტონის ორკესტის წევრი გახდა, შემდეგ მელ ლევისის ბენდში გადაინაცვლა, იყო დანი რიჩმონდის კვარტეტის წევრი და ასე მივიდა სოლო კარიერის საწყისებამდეც.

პირველი სოლო ალბომი Introducing Kenny Garrett 1984 წელს ჩაწერა. ჩანაწერს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა, კრიტიკოსებმა კი ერთხმად აღნიშნეს, რომ მსოფლიო ჯაზს ახალი, თვითმყოფადი მუსიკოსი შეემატა, რომელიც აუცილებლად დატოვებდა კვალს. ასეც მოხდა - წლების შემდეგ კენი გარეტი ერთ-ერთ საუკეთესო საქსოფონისტად მიიჩნევა, რაშიც სულ მალე ჩვენი მსმენელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება.

კარიერის განმავლობაში კენი გარეტს ჯაზის არა ერთ ლეგენდასთან უთანამშრომლია: მაილს დევისი, არტ ბლეიკი, ფრედი ჰაბარდი, მარკუს მილერი, ჯონ მაკლაფლინი, ჰერბი ჰენკოკი და სხვები. 2008-2009 წლებში კი ჩიკ კორეასთან, ჯონ მაკლაფლინთან, კრისტიან მაკბრაიდთან და ბრაიან ბლეიდთან ერთად სუპერ ბენდი Five Peace Band ჩამოაყალიბა და მსოფლიო ტურნეშიც გაემგზავრა. ბენდის მიერ ჩაწერილი ალბომი Five Peace Band — Live 2010 წელს ”გრემის” პრემიის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება ჯაზსერიის დანარჩენ კონცერტებს: მესაყვირე უოლას რუნი თბილისში 20 მარტს დაუკრავს, 18 აპრილს „გრემის“ ნომინანტი პიანისტი ჯეფ ლორბერი და მისი ბენდი, 21 მაისს კი წლევანდელ ჯაზსერიას სამი „გრემის“ მფლობელი ბასისტი კრისტიან მაკბრაიდი და მისი ტრიო დახურავს.

ახლა კი რაც შეეხება ჯაზის საერთაშორისო დღის კონცერტს: ეს დღე 30 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქში დიდი ვარსკვლავების კონცერტები იმართება. თბილისი ამ დღესასწაულს მესამედ უერთდება, მისი მთავარი გმირი კი, როგორც უკვე გითხარით, ბასისტი რონ კარტერი იქნება, რომელიც სცენაზე პიანისტ დონალდ ვეგასა და გიტარისტ რასელ მალოუნისთან ერთად გამოვა.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ჯაზსერიის თითო კონცერტის ბილეთი 70 ლარი ღირს, სრული აბონემენტი 220 ლარი ჯდება, რომლის შეძენის შემთხვევაშიც ავტომატურად გახდებით რონ კარტერის კონცერტის ბილეთის მფლობელიც - ანუ ამ ფასად ხუთ კონცერტზე შეძლებთ დასწრებას. გარდა ამისა, მოქმედებს ჯაზსერიის ტრადიციული სპონსორის, თიბისი სტატუსის ფასდაკლების სისტმაც: ბილეთების TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ის და TBC Status-ის ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი (15-20%-იანი ფასდაკლება).

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის