ზურაბ ჟვანია: ”ინგლისის მსოფლიო თასზე ჩვენი სამიზნე ტონგა იქნება”
20 იანვარი, 2015
1029
print

საქართველოს ნაკრების პირველხაზელი ზურაბ ჟვანია ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილია. მერე კარიერა ქუთაისის "აიაში" განაგრძო. სწრაფი და შერკინებაში საკმაოდ მყარად მდგომი მალე მოექცა სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში. სამი წლის წინათ საფრანგეთის ერთ-ერთმა გრანდმა "სტად ფრანსემ" მიიწვია და პირველი წელიწადი სათადარიგო გუნდში გაატარა.

იმ პერიოდში პარიზულ კლუბს მცირე ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ამასთან ახალი პრეზიდენტი მოვიდა სათავეში. დღესდღეობით გუნდი, რომელშიც ზურასთან ერთად ბორჯღალოსანი დავით ქუბრიაშვილი თამაშობს, 50 ქულით საფრანგეთის Top 14-ის ლიდერია. ზურა კლუბის სრულფასოვანი წევრია. მეტიც, რამდენიმე კვირის წინათ ის პირველობის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში სერიოზულ წინსვლა გქონდათ. თუმცა, ორი ლელოს დადებისა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შემდეგ, ძირითად შეადგენლობაში მომდევნო ტურში აღარ იყავით.

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. მწვრთნელები ხშირად მიმართავენ როტაციას. ბოლო თამაშებში მართლაც კარგად გავისარჯე. გუნდის თავკაცები კმაყოფილნი არიან. პრეზიდენტიც შემხვდა მატჩის შემდეგ და მომილოცა.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თქვენს მიერ დადებული ლელოები თანაგუნდელებს განსაკუთებით უხარიათ. რაღაც სხვანაირ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩინენ...

- ძალიან მეგობრული გუნდია. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თან ისე გამოვიდა, რომ ორივე ლელო პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა. ამიტომაც აღნიშნეს და მომილოცეს განსაკუთრებით. შეიძლება ითქვას, რომ მიეჩვივნენ ჩემს ლელოებს. ბოლო მატჩში მეტოქის ლელოში არ შემიღწევია და თამაშის მერე, ცხადია, ხუმრობით, კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, როგორ მოხდა ლელო რომ ვერ დადეო.

ფრანგი კომენტატორები ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ თქვენს აქტიურ თამაშს...

- დიახ, თან ზურაბის თქმა უჭირთ და "ზუზუს" მეძახიან. ცხადია, ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ყველაფერი კიდევ წინ მაქვს. კლუბმა ახლახან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გამიფორმა. უფრო სწორად 2+2 სისტემით ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი.

- “ჩელენჯ კაპის” გათამაშების ბოლოსწინა ტურის მატჩში "ბუქარესტთან" შერკინების კვაჭის პოზიციაზე ითამაშეთ...

- არა, შერკინების ბურჯი ვარ და ახლა ჩემს ასაკში პოზიციის გამოცვლა არ იქნება სწორი. მეტიც, ვფიქრობ, შეუძლებელია. უბრალოდ, შერკინების კვაჭადაც შემიძლია თამაში, ბურთს დერეფანში ნორმალურად ვაგდებ. კლუბის ძირთადი კვაჭი დაშავებულია და მთხოვეს მის ადგილზე ამჯერად მე მეთამაშა. ნაკრებზეც იგივეს ვიტყვი. თუ ჩვენს ეროვნულ გუნდს დაჭირდება შერკინების კვაჭადაც ვითამაშებ.

- წლეულს საქართველოს ნაკრები მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიო თასზე. როგორ ფიქრობთ, რა შედეგის ჩვენება შეუძლია ჩვენს ეროვნულ გუნდს ინგლისში?

- მართალია მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება თითქოს იოლად მოვიპოვეთ, მაგრამ მარტო ის, რომ პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის ვართ, უკვე დიდი მიღწევაა. ინგლისში ჩვენი სამიზნე ტონგას ნაკრები იქნება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს გუნდი დავამარცხოთ.

კიდევ ერთი მატჩი ნამიბიასთან დაპირისპირებისას უნდა მოვიგოთ, თუმცა იოლი არც ეს იქნება. არგენტინას ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ეს გუნდი სერიოზულ პროგრესს განიცდის და მათთან მოგება ძალიან გაგვიჭირდება.

ახალი ზელანდიის ნაკრები სულ სხვა თემაა. ამ შეხვედრაში სრულიად უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან თამაშით ვისიამოვნოთ.

rugby.ge

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი