”ლილის” ქართველი დამრიგებელი: ”გუნდზე, რომელმაც სამოას და იაპონიას მოუგო, უკვე დროა სხვა ტონით ილაპარაკო”
21 იანვარი, 2015
1395
print

რამდენიმე დღის წინ ფრანგული სარაგბო კლუბის ”ლილის” მთავარ მწვრთნელად დავით ბოლღაშვილის დანიშვნაზე ერთ-ერთი პირველები ვიუწყებოდით, დღეს კი საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით მასთან ინტერვიუს გავეცნოთ, რომელიც რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის ასევე საინტერესო უნდა იყოს. ასე რომ...

- თავიდან "ლილის" სათადარიგო გუნდის მწვრთნელი ვიყავი და მთავარ გუნდში ასისტენტად ვმუშაობდი. ჩემი გუნდი "ესპუარების" გათამაშებაში პლეი ოფში გავიყვანე. ძირითადი გუნდიც თითქოს ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ სტაბილურობა აკლდა, ხშირად მოსდიოდა ჩავარდნები. კლუბის პრეზიდენტმა რომ ნახა, რაოდენ კაგად ვუგებდით მე და მეორე მწვრთნელი ერთმანეთს, გადაწყვიტა, უფროსი მწვრთნელი თანამდებობიდან გადაეყენებინა. მის ნაცვლად კი მე დამნიშნა, რათა "ლილის" ძირითადი გუნდი ზუსტად იმ ტაქტიკით მეთამაშებინა, რომლითაც სათადრიგოები ასპარეზობდენ.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე ითამაშა?

- დიახ, გასულ უქმეებზე სტუმრად ვითამაშეთ "ლიბურნთან" და 3:10 წავაგეთ. ცოტა უამინდობამ შეგვიშალა ხელი, ცოტა იღბალმაც გვიმტყუნა. ოთხი საჯარიმო ვერ გავიტანეთ. მეტოქემ კი ლელო დაფარების შემდეგ გაგვიტანა. ისე ჩვენც მთლად კარგად ვერ ვითამაშეთ. არ ვარ კმაყოფილი.

- გუნდის ხელმძღვანელებმა მიზნად რას დასახეს?

- წლეულს აუცილებლად უნდა გავიდეთ ფლეი ოფში და იქ ელიტურ, მეორე დივიზიონში (Pro D2) გადასვლისთვის ვიბრძოლოთ.

- მეორე დივიზიონი პროფესიული ლიგაა, სადაც გუნდი კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. აქვს "ლილს" სათანადო ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა?

- "ლილს" შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს. ახლახან საფეხბურთო კლუბის ძველი სტადიონი გადმოგვცეს, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს. ასეთი არენა პირველ დივიზიონში მოთამაშე ბევრ გუნდს არ აქვს. ამდენად, ეს პრობლემა მოგვარებულია. ფინანსურად კი, არც ახლა ვართ ცუდად. თუმცა, თუ მეორე დივიზიონში გადასვლას შევძლებთ, მეტი თანხის მოზიდვა იქნება შესაძლებელი. ერთი სიტყვით, ჩვენ ვეცდებით რანგით მაღალ დივიზიონში გადავბარგდეთ, მაგრამ თუ ვერ შევძელით, არც ეს იქნება კატასტროფა. მომავალ წელს ისევ ვეცდებით და ასე შემდეგ.

- "ლილში" ორი ქართველი თამაშობს, გიორგი ჩხაიძე და გიო სორდია...

- ორივე ძირითადის მოთამაშეა. გიორგი ჩხაიძე ძალიან კარგ ფორმაშია, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მორაგბეა. სორდიამ ახლახან მხარი იტკინა, მაგრამ ვფიქრობ, სერიოზული არაფერია. იმედი მაქვს, მწყობრში მალე ჩადგება.

- ფედერალ 1 დივიზიონის გუნდის მწვრთნელობას სპეციალური ლიცენზია სჭირდება...

- დიახ, სათანადო კურსები "მარკუსში" გავიარე, რომელიც საფრანგეთის რაგბის განვითარების ცენტრია. გამოცდა ჩავაბარე და ფედერალ 1 დივიზიონის გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობის უფლება მომეცა. ახლა კიდევ ერთ კურსს გავდივარ, რომლის შემდეგაც ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდის მწვრთნელობის უფლებასაც მივიღებ.

- საფრანგეთში ქართველი მწვრთნელები მომრავლდნენ. თქვენ, ვიქტორ დიდებულიძე, გია ლაბაძე და ზურაბ მჭედლიშვილი. ალბათ, საქართველოს ნაკრებს ქართველ მწვრთნელთა შტაბი ეყოლება...

- რა თქმა უნდა, ყველა ქართველი მორაგბის ოცნებაა საქართველოს ნაკრებს ემსახუროს. ამაზე ფიქრობენ მწვრთნელებიც, მაგრამ იქამდე გამოცდილება უნდა შევიძინოთ. კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ნელ-ნელა ეე დროც მოვა.  ნაკრებში ძალიან კარგი თაობა მოდის და ძალიან კარგი იქნება თუ მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ.

- რომ შევადაროთ ახლანდელი ნაკრები იმ გუნდს, რომლის ღირსებასაც თქვენ იცავდით, წინ ვართ წასული? 

- დიახ, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ცოტა გარემარბებში გვიჭირს, შერკინება კი სრული შემადგენლობით ელიტაში თამაშობს. ვფიქრობ, ამ ხარვეზსაც ეშველება. ძალიან კარგი მორაგბე გამოჩნდა - მერაბ შარიქაძე. სხვაც ბევრია საინტერსო მოთამაშე. ერთი სიტყვით, გუნდზე, რომელმაც სამოას და იაპონიას მოუგო, უკვე დროა სხვა ტონით ილაპარაკო.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი