მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
26 იანვარი, 2015
1906
print

დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში კიდევ ერთი საინტერესო გამოფენა იხსნება, რომელიც მოგვიანებით მუზეუმის საკუთრებაში დარჩება. ეს გახლავთ პროექტი მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ამ მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურულ საგანძურს სრულიად ახალ და განსხვავებულ სიცოცხლეს სძენს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 15 მხატვრის მიერ „ვეფხისტყაოსანის“ საკვანძო მომენტებზე შექმნილი 132 მხატვრული ნამუშევარი და 88 ორიგინალურად გადაწყვეტილი ტექსტი. პროექტის კურატორი ქეთი გალდავაძე გახლავთ, რომელმაც მხატვრებს სთხოვა, შექმნათ „ვეფხისტყაოსნის“ ნებისმიერი სცენის აღწერა, მაგრამ არა პირდაპირი ილუსტრაცია. მუშაობისას მხატვრებს სრული თავისუფლება ჰქონდათ, რადგან პროექტს არც ჟანრობრივი ჩარჩო დაუწესებია და არც შინაარსობრივი. მხატვრები ნამუშევრებს ოთხი თვის განმავლობაში ქმნიდნენ.

კონსტრუქცია, რომელზეც მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანია“ დამონტაჟებული, მთლიანობაში 74 მეტრის სიგრძისაა. ნამუშევრები დაყოფილია პოემის ე.წ. ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებად და სხვადასხვა ძირითად მომენტებს აერთიანებს. მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა მხატვრულ სტილში, მანერასა და ტექნიკაში მომუშავე მხატვრების სინთეზურ ნაერთს წარმოადგენს. მის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ქართული ხელოვნების ცნობილმა წარმომადგენლებმა: გოგი ალექსი-მესხიშვილმა, მიშა გოგრიჭიანმა, თამაზ ვარვარიძემ, თამარ კვესიტაძემ, თამუნა მელიქიშვილმა, ოთარ მურაჩაშვილმა, ია მჭედლიშვილმა, კოტე სულაბერიძემ, მაია სუმბაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, მამუკა ცეხლაძემ, რუსუდან ხიზანიშვილმა, უშანგი ხუმარაშვილმა, მამუკა ჯაფარიძემ და თემურ ჯავახიშვილმა. ნამუშევრები უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით იქნება წარმოდგენილი. ამრიგად მისი ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას შემდგომშიც ექნება.

მხატვრის წიგნების პროექტის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. ამ სერიის პირველ წიგნად რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მისი უდიდესი კულტურული ღირებულების გამო შეარჩიეს. სამომავლოდ, მხატვრის წიგნები ქართული ჰაგიოგრაფული ლიტერატურის რამდენიმე ძეგლის მიხედვით: ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ოთარ ჭილაძის, ასევე, ქართველი ფუტურისტებისა და სიმბოლისტების ნაწარმოებების თემებზეც შეიქმნება.

„ვეფხისტყაოსნის“ მხატვრის წიგნის ფორმატით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელება-რეალიზაცია და მხატვრების ნამუშევრების გამოფენების მოწყობა ხელს შეუწყობს ქართული კულტურის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას.

მხატვრის წიგნი (ე.წ. Artist’s book) სინთეზური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 10-იან წლებში ძმებმა ზდანევიჩებმა დაუდეს. მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 30-იან და 60-იან წლებში, ამ ხელოვნების მიმდევრები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, თენგიზ მირზაშვილი, მამია მალაზონია და სხვები.

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „ტაია ფილმსისა“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე