უკეთესი შენ თქვი
28 იანვარი, 2015
1860
print

ნიკა რურუას აზრით...

 თაკო სალთხუციშვილი

 მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს

კარგი იქნება, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს, იმიტომ, რომ მარიხუანა ძალიან მსუბუქ ნარკოტიკად ითვლება და ბევრ ევროპულ ქვეყანაში დეკრიმინირებულია. ამის ლეგალიზაციისთვის ჯერ საქართველო მზად არ არის, მაგრამ რეიდები და ადამიანების ასეთი ფორმებით დასჯა, თავისთავად არანაირ დანაშაულს არ ამცირებს. პირიქით, ზრდის და ამ დროს დანაშაულს სახელმწიფო სჩადის. ჯერ ერთი, ეს სერიოზული კორუფციის საფრთხეს შეიცავს და ამასთან, რეიდების გამო ჩვეულებრივ მოქალაქეს უჩნდება ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიც არის გადაადგილების პრობლემა, პირადი თავისუფლების შეზღუდვა. ზოგადად არადემოკრატიული ნორმაა. ეს ხდება მხოლოდ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე. თავისუფალი ქვეყნისთვის ჩვეულებრივი რამ არ არის. თუ კონკრეტულად რამე დანაშაულია ჩადენილი და სახელმწიფო სპეცოპერაციას ატარებს, ეს ნორმალურია, მაგრამ ამის ნორმად ქცევა არ არის ნორმალური.

ამასთან, გაცილებით მეტი საფრთხეა ბიო ნარკოტიკი, რომელიც რაღაცნაირად აღწევს საქართველოში და როგორც ვიცით, ამ ნარკოტიკის მოხმარების ბევრი ფაქტი ფატალური შედეგით დასრულდა. სახელმწიფო შავ ბაზარზე ამ ნარკოტიკის მოძრაობას ვერ ეწინააღმდეგება. სერიოზული საფრთხეა, სრული ქიმიკატია და მისი ხელმისაწვდომობა და რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ახალგაზრდები ადვილად მოიპოვებენ. ვიცით, რომ ბიოსგან ადამიანი კვდება და მარიხუანისგან ადამიანი არასოდეს მოკვდება. ამას სწორი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება სჭირდება. მის მოხმარებაზე ნამდვილად არ უნდა იყოს წლობით ციხეში ჩასმის სასჯელი, დიდი-დიდი სახელმწიფო მომხმარებლის გაფრთხილებით შემოიფარგლოს. პირადად მე ყველანაირი მორიდების გარეშე ვამბობ, რომ დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ. ადამიანის ციხეში ჩასმა იმიტომ, რომ მან მეგობრებთან ერთად მარიხუანა მოწია, სრული სიგიჟეა. მეორე მხრივ, ლეგალიზაციისთვის მზად არ არის ქვეყანა, რადგან დიდი უმუშევრობაა და შესაბამისად ცდუნება იმისა, რომ ახალგაზრდები დიდი დოზით მიეძალონ ნარკოტიკებს, მეტია.

საბედნიეროდ, მე თვითონ ყველა ნარკოტიკზე ალერგიული ვარ, ისე, რა თქმა უნდა, მარიხუანა გამისინჯავს.

რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, ძალოვნები ამტკიცებდნენ, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უკონტროლო ფორმას მიიღებდა და თან პოლიტიკურად არაპოპულარული იქნებოდა. ამ წუთას, რამდენადაც ვიცი, ნაცმოძრაობაში დეკრიმინალიზების მომხრე ადამიანები არიან, თუმცა სჯობია, ეს თვითონ მათგან გავიგოთ.

მოკლედ, ყველაფერი კარგადაა გასათვლელი და აუცილებელია რაღაც პოლიტიკის მოფიქრება, რომელიც ჩვენნაირი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად რაციონალური იქნება. ასევე აუცილებელია სარეაბილიტაციო ცენტრების გაკეთება საქართველოში მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის, რომელთა რიცხვიც საგრძნობლად იზრდება. დღეს მძიმე ნარკოტიკი უფრო ადვილად შემოდის საქართველოში, ვიდრე შემოდიოდა წინა წლებში და უკვე ბევრია დამოკიდებული ოპიუმზე, ჰეროინზე, სუბოტექსზე. ამისგან თავის დაღწევის კანონიერი გზები კი საქართველოში ფაქტობრივად არ არის.

პრეზიდენტი vs პრემიერი

პრეზიდენტის და პრემიერის ურთიერთობაზე ჩემი აზრი მკვეთრად ნეგატიურია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთს ძალიან არასახელმწიფოებრივად ექცევა. ამის პირველი გამოვლინებაა ის, რომ პრეზიდენტს, ფაქტობრივად, უშიშროების საბჭოს პარალელური სისტემა შეუქმნეს, რაც ძალიან ცუდია. ორი უშიშროების საბჭო ერთ ქვეყანაში არასერიოზულია. არადა, უშიშროების საბჭოს ძალიან სერიოზული ფუნქცია აქვს. ის პრეზიდენტის მრჩეველი ორგანოა და მისი დუბლირება პრემიერ-მინისტრის აპარატისთვის საჭირო არ იყო. თუ მაინცდამაინც, მას შეუძლია აიყვანოს მრჩეველები. ამასთან, მთავრობის სახით აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პრემიერია და მას ამის გაკეთება არ სჭირდებოდა. არადა, გააკეთეს, იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო დაემცირებინათ. მერე პერმანენტული არგამოცხადება და ამ არგამოცხადებით პრეზიდენტის დამცირება, როდესაც იგი პარლამენტში გამოდის თავისი შემაჯამებელი სიტყვით, ასევე ძალიან არასახელმწიფოებრივი და სულმოკლე ნაბიჯია. ამით პრემიერი და მთავრობა ისევ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ მათ თვალში პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს. ამ დროს ეს ასე არ არის. კონსტიტუციაში თუ ჩავიხედავთ, პრეზიდენტი ძალიან სერიოზული ფიგურაა - დიდი ლეგიტიმურობის პატრონი. ის პირდაპირ ხალხის მიერ არის არჩეული. ამიტომ ბევრად მეტი ლეგიტიმურობა გააჩნია, ვიდრე სხვა ნებისმიერ მთავრობის წევრს. ის ხალხის წარმომადგენელია - პირდაპირი გზით არჩეული, ამიტომ არ შეიძლება მისი ასეთი დამცირება. პირველ რიგში, ეს სახელმწიფოსთვის არის ცუდი - მარგველაშვილს არაფერს დააკლებს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და საქართველოს კი დაასუსტებს. ამ ურთიერთობაში ბრალი, ჩემი აზრით, მთავრობასა და პრემიერს მიუძღვით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ კონსტრუქციული იყოს და იმავეთი ვერ პასუხობენ მთავრობიდან. ამ ყველაფრის მიზეზი მარგველაშვილზე ბიძინა ივანიშვილის შეცვლილი აზრია. ბიძინა იყო მისი პროტაგონისტი. მარგველაშვილი ჩვენ, მთელ საქართველოს სწორედ მან წარგვიდგინა, როგორც კარგი კანდიდატი პრეზიდენტობისთვის და ზუსტად ამიტომ მიიღო ამდენი ხმა. შემდეგ მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ და დღეს სწორედ ამის საპირისპიროს ამტკიცებს ივანიშვილი და მისი, ასე ვთქვათ, არაფორმარული გზებით მართული მთავრობაც. ბიძინა, ბუნებრივია, ამ მთავრობის უპირობო უფროსად და ხელმძღვანელად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ოფიციალური პოსტი არ უკავია, ანუ, ფაქტობრივად, არანაირ გადაწყვეტილებაზე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არავისთან არის. ეს ძალიან ცუდი მოდელია, საშიშია. როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ერთი და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი არის მეორე, დემოკრატია ამ დროს აღარ მუშაობს. გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებას დაუსჯელად შეუძლია ათასი სისულელე გააკეთოს. ივანიშვილი დღეს რომ მარგველაშვილის გულშემატკივარი იყოს ისე, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მათ ამ პიროვნული განწობიდან გამომდინარე ექნებოდათ გენიალური ურთიერთობა ერთმანეთთან. სამწუხაროდ, დღევანდელ მმართველებს ყველაფერი ასე პიროვნულ დონეზე აქვთ დაყვანილი და არად აგდებენ სახელმწიფოებრივ ინსტიტუციონალურ ინტერესებს, როგორიც არის ინტერესი იმისა, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ყველანაირი ასეთი სულმოკლე და არასერიოზული მიზეზების ხელშეშლის გარეშე. მარგველაშვილი ივანიშვილის კონტროლიდან გავიდა (როგორც ეს ივანიშვილმა ჩათვალა), მე ასე არ ვფიქრობ. მგონია, რომ მარგველაშვილი მეტწილად ლოიალურია ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ივანიშილმა არ მოიწონა მისი რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები. მაგალითად, პრეზიდენტის სასახლეში გადაბარგება და თავისი ფუნქციების იქიდან შესრულება. მარგველაშვილი ამ წუთას დისფავორში, ანუ არაკეთილგანწყობილთა ჯგუფში ჩაწერილი ადამიანია. შესაბამისად ექცევიან მას მისი მთავრობის წარმომადგენლები ღარიბაშვილის თამადობით.

წინა წლის შეჯამება

წინა წელს, ცემა-ტყეპის გარდა, ბევრი სისულელის კანონად ქცევა მოხდა. ცემა-ტყეპა დამაგვირგვინებელი აკორდი იყო.

პირველი ეს არის ე.წ. ვიზების კანონი, რომელიც მათ, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდათ, ურთულებს აქ დარჩენას. რაღაც პერიოდით ვალდებულია წავიდეს ის საკუთარ ქვეყანაში, საკონსულოში აიღოს საქართველოს ვიზა და შემდეგ დაბრუნდეს, მაშინ, როცა ამას აკეთებდა აქ, ადგილზე. და საერთოდ, ბევრ ქვეყანასთან უვიზო ურთიერთობა გააუქმეს. ჩვენ გვქონდა ეს პრაქტიკა და ამას ქვეყნისთვის ეკონომიკური შემოსავალი, კულტურული და პოლიტიკური პლუსები მოჰქონდა.

მეორეა ძალიან ცუდი კანონი ფარული მოსმენების შესახებ. ფაქტობრივად, მიიღეს კანონი, როცა უკანონოდ შეუძლიათ კანონიერად მოგისმინონ. თავისი ახირების და პოლიტიკური მიზნების გულისთვის შეუძლიათ კანონიერად გვისმინონ. ეს ძალიან საშიში და ტოტალიტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანთვისებაა, რაც დააკანონეს.

მესამე - მაგალითად, მათ გაართულეს იარაღის გაფორმების წესი. მოქალაქეს იარაღის გაფორმება უნდა შეეძლოს, იმიტომ, რომ თავისუფალ ქვეყანაში მარტო სახელმწიფო არ უნდა იყოს, ვისაც იარაღი აქვს. შეგნებული, კანონმორჩილი მოქალაქეც რაღაც დონეზე უფლებამოსილია იქონიოს იარაღი.

წინა წლის ასევე ძალიან ცუდი ტენდენცია იყო ის, რომ დანაშაულმა და სისასტიკემ იმატა, განსაკუთრებით - ქალების მიმართ. ესეც აშკარად მოსაგვარებელი საკითხია. ადრე ნაკლებად ხდებოდა. ასე მოკლე დროში აკუმულირებული ამდენი დანაშაული - და ნამდვილი სტატისტიკა ამაზე მეტყველებს - არ ხდებოდა. ეს განაპირობა იმან, რომ პოლიტიკა აქვთ არაშორსმჭვრეტელი. ეს განაპირობა ე.წ. ბესელიას ამნისტიამ, რომლის შედეგადაც უამრავი საშიში დამნაშავე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების მტერი, ჩვენი ქვეყნის მტერი, რუსეთის აგენტები მოინათლნენ პოლიტპატიმრებად და ამხელა უმართავი მასა ქუჩებში გამოუშვეს. ეს ხალხი რამდენიმე თვეში თავის პირველად საქმიანობას დაუბრუნდა. ბუნებრივია, რამდენიმე ათასი კრიმინალი ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის დაძაბვას ხელს უწყობს. მერე ციხეებზე სახელმწიფოს კონტროლი შესუსტდა - ის ისევ ორგანიზებულმა დანაშაულმა გადაიბარა. ციხეებში ისევ ხდება ფულის აკრეფა, გამოძალვა, პატიმრების ერთი ჯგუფის შევიწროვება მეორეს მხრიდან. ისევ ხდება უკანონო გავლენების გადანაწილება და ა.შ. ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც უკვე რთულია ახალი ვუწოდოთ, ორი წელია ისინი ქვეყანას მართავენ...

ეკონომიკური დაღმასვლა?! –ბიუჯეტის გარღვევაა. ჩვენ ეს სიტყვა ბოლო ათი წლის განმავლობაში დაგვავიწყდა. ის ორი წელი კი, როდესაც ქვეყანა “ოცნებამ” მართა, ის დროა, როდესაც ეს ტერმინი – „გარღვეული ბიუჯეტი“, „არშესრულებული ბიუჯეტი“ გაგვახსენდა...

საყდრისი

არ შეიძლებოდა ასეთი ველური გზით, პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქება. ეს უნდა გაკეთებულიყო ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ არსებობს სამეცნიერო დასკვნა იმის თაობაზე, რომ აქ იყო ოქროს მოპოვების უძველესი მტკიცებულება. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ადრე, დაახლოებით ორი-სამი ათასი წლის წინ ქრისტეშობამდე, საქართველოს ტერიტორიაზე მაღალკულტურული განვითარებული ცივილიზაცია ოქროს აწარმოებდა. ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უნდა დაგვეცვა და სანამ მისი განადგურება მოხდებოდა, ეს ობიექტი შეგვესწავლა. თუმცა ეკონომიკურმა, ფინანსურმა ლობისტურმა ინტერესმა იმარჯვა და, როგორც ვიცით, საყდრისი ასე უცერემონიოდ ააფეთქეს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე ინფორმირებული იყო ამ ობიექტის მნიშვნელობის თაობაზე. კონკრეტულად ერთი კომპანიის ინტერესებისთვის ყველაფერი გვერდზე გადაიდო. ნამდვილი ბარბაროსობაა და აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია რუსულია და მათი მხრიდანაც ნიშანდობლივია, როგორ ეპყრობიან ისინი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ ამაში ხელი შეუწყო.

საქართველოს მთავრობას რუსეთთან მაამებლური და მავნებლური ურთიერთობა აქვს. მაამებლური იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა საქართველოს მთავრობის მიერ სრული კრახით დამთავრდა. ამ პოლიტიკის განმავლობაში რუსეთმა არა მხოლოდ არ გააუმჯობესა რამე, არამედ გააუარესა - გააკეთა რეალური იურიდიული მცდელობა აფხაზეთის ანექსირების და ასევე მცოცავი ოკუპაცია განავრცო. როგორც ვიცით, მავთულხლართები გადმოიწია აქეთ და ოკუპაციის არეალი გაიზარდა. ეს ყველაფერი რეზულტატია უნიათო საგარეო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. მაგალითად, იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებებს აკეთებს, საქართველოს ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი უცხოურ პრესას ეუბნება, რომ ცუდი იდეა იქნება, თუ დასავლეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწოდებს. ღარიბაშვილის ეს სიტყვები პირდაპირი რუსული მესიჯის გამეორება იყო – „არ დაეხმაროთ უკრაინას დასავლეთი, რადგან ეს რუსეთს უფრო გააღიზიანებსო“. ეს იყო მოღალატური საქციელი უკრაინის მიმართ და შესაბამისად, საქართველოს ინტერესების მიმართ. დღეს რუსეთის წარუმატებლობა უკრაინაში საქართველოს წარმატებას ნიშნავს. თუ რუსეთმა უკრაინაში თავისი გაიტანა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, და შეიძლება მეტიც, ისევ რუსეთის სამიზნე აღმოჩნდება.

ამ მთავრობას ვურჩევდი, ნაკლები ზიანი მიეყენებინოს საქართველოსთვის თავისი არაკომპეტენტურობით. სხვას ვერაფერს ვურჩევ გამომდინარე მათი ძალიან მწირი უნარ-ჩვევებიდან, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ოპონენტების დევნაში და საქართველოს ინტერესების დაზიანებაში გამოიხატება.

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია