გიგი უგულავას ბლოგი
02 თებერვალი, 2015
3481
print

"ბოლო ჟამის მქადაგებელი"

ლევან ვასაძის ჭმუნვების პასუხად

 რომ არა პატიმრობა, ისიც მარტო საკანში, არა თუ რაიმის დაწერას, არამედ წაკითხვასაც კი ვერ და არ მოვახერხებდი ლევან ვასაძის მიერ ხელწერილი სტატიისა სახელად "გარყვნილების პროპაგანდის ანატომია".

სტატიის შინაარსი სრულიად ბანალური და არაორიგინალურია, რუსულ ენაზე. რუსი რელიგიური ავტორების ზღვაა ნაწარმოებებისა, წიგნებისა თუ ბროშურებისა, რომლებიც სიტყვა-სიტყვით გადმოცემენ "დასავლურის მომაკვდინებელი გარყვნილების" გავრცელების შესახებ. უბრალოდ ეს ნაწარმოებები, როგორც წესი, "დასავლეთის" მხილების შემდეგ რუსეთს, როგორც მართმადიდებლობის ანუ კაცობრიობის გადარჩენის მქონე მისიის ერად წარმოაჩენს, რაც ბუნებრივად "русский мир", ანუ ერთმორწმუნე ერების გადარჩენისთვის ბრძოლით იწყება. ამ ბრძოლას ჩვენ ყოველდღიურად უკრაინაში ვაკვირდებით. ბატონი ვასაძე ასე შორს არ მიდის. ის ამ დიდი აღმოჩენის მხოლოდ პირველ ზოგადსაკაცობრიო "ცივილიზაციურ" ნაწილს გვთავაზობს. საერთოდ მის მიერ შეფერებული რაინდული, თითქოს უკომპრომისო, პათოსის სტატია გაჯერებულია ასევე უკვე კარგად აპრობირებული კონიუნქტურით - პრაგმატულად ჯობია რუსეთი არ ვახსენოთ. ამ კონიუნქტურას კიდევ ერთი თანამედროვე მოღვაწე ქართველის არჩილ გოგელიას თქმით "პროქართული პოლიტიკა" ჰქვია. ორივე შემთხვევაში "რეალპოლიტიკის" ენაზე ამ მიმართულებას საქართველო რუსეთის პოლიტიკური ორბიტისკენ მიჰყავს. სტატიიდან კარგად იკითხება ის ტკივილები, თუ რატომ არ ასრულებს ბოლომდე ბატონი ვასაძე თავის გადმოქართულებულ ნარატივს. მას გიჟის გარდა არ სურს რომ რუსეთუმეობა დასწამონ. ამ მიზნით მან საქართველო ოდისევსივით სტილისა და ქარბორბალას შორისაც კი გააძვრინა და სანუკვარ ტრინაკრიაშიც კი მიაბრძანა, "რომლის დასახელებასაც ეტიმოლოგიურად სამის ერთოჯახობა ახასიათებს ელინთა წარმართულ აზროვნებაშიც კი". ასე მთავრდება სტატია. ამ ბოლო ფრაზიდანაც კი კარგად იკითხება, რომ ძველი ბერძნული მითოლოგიის მონათვლის ინსპირაციის წყაროც მორიგი დუგინია - ელინთა წარმართობაზე - პროპაგანდული ხაზგასმით. თუმცა, ჩემი აზრით შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანი ის ზიზღით განმსჭვალული პათოსია, რომელიც თავის სულისკვეთებით ჰიტლერის "mein kampf"-ს (ჩემი ბრძოლა) მოგაგონებს. არაფერს ვამბობ იმ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რომლებსაც ის ოპონენტების და მისთვის მიუღებელი ადამიანების მიმართ ხმარობს. სწორედ ამ პათოსმა და ალბათ მაინც ციხეში დროის უსაზღვროებამ გადამაწყვეტინა, დამეწერა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა იმ ღირებულებებისა და იდეალების შესახებ, რომელთათვისაც "არა თუ სიცოცხლე, სიკვდილიც ღირს" (უინსტონ ჩერჩილი).

მოკლედ აღვწეროთ ბატონი ვასაძის ვერსიით საქართველო და მისი გამოწვევები. საქართველოს მთავარი გამოწვევა თურმე ყოფილა ლიბერალიზმი, "რომელიც არ არის იდეოლოგია, ეს არის რელიგია, რომელიც კაცობრიობისთვის სხვადასხვა სახელით არის ცნობილი და რომლის მიმდევართა საერთაშორისო ქსელიც ბოლო ათწლეულებია უკვე თითქმის სრულიად აკონტროლებს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას, მედიასა და ბიზნესს"... "თავად იდეოლოგიის მშობელი საიდუმლო რელიგიის მიზანი არის მსოფლიოს ხალხთა ყველა მთავრობის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება და დამორჩილება და ამის გვირგვინად ამ მთავრობის ერთიანი ხელმძღვანელის მეფის დასმა". ამ ყველაფრის შემდეგ თურმე "მოხდება ზებუნებრივი ცვლილება და ისინი, ამ რელიგიის მიმდევრობით, ფიზიკურად უკვდავნი გახდებიან". ამის შემდეგ თურმე დამყარდება მკაცრად იერარქიული საზოგადოება და ერთგვარი "ჰარმონია" დამყარდება, "ბატონი იქნება ბატონურად, ხოლო მონა - მონურად". ამ იდეოლოგიის მსახურებს ბატონი ვასაძე "ფანატიკურ მატერიალისტებს" უწოდებს. ეს ფანატიკური მატერიალიზმი თურმე ებრძვის და დასცინის ყველა რელიგიას და "მოუწოდებს კაცობრიობას განთავისუფლდეს ყოველგვარი რელიგიისა, იდეოლოგიისა, ტრადიციისა და ოჯახისაგან". "ე.წ. "ადამიანის უფლებების" დროშით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ოჯახის ინსტიტუტის სრული განადგურება". "ოჯახის ნგრევისა და გარყვნილების ზვავისებური მოძალების ფონზე არნახულ მასშტაბებს იძენს პედოფილია, რომელიც უკვე პოლიტიკურ მოძრაობად იჩენს თავს დასავლეთში იმავე "ადამიანის უფლებების" კონტექსტში. თურმე, არც მეტი არც ნაკლები, "პავლიკა მოროზოვის ინსტიტუტი ასე ფართოდაა დანერგილი დასავლეთის საგანმანათლებლო სისტემაში".

თითქოს დასავლეთში შეგნებულად ხორციელდება ბავშვების მშობლებისთვის ჩამორთმევა. "მათი დიდი ნაწილი ბავშვთა სახლებში იზრდება და სულ უფრო ხშირად ხდება მათი გაშვილება ე.წ. "ერთსქესიან ოჯახებში". ბატონი ვასაძე ხშირად ციფრებს იშველიებს. ასე მაგალითად, ერთსქესიან ოჯახებს თურმე ორი მილიონი ბავშვი უშვილებიათ. ისიც "მამათმავლებს ბიჭები, ხოლო დედათმავლებს - გოგოები". არც ერთი ციფრი და სტატისტიკა არაა გამყარებული შესაბამისი კვლევის მითითებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ავტორი ან უბრალოდ სხვადასხვა მდარე გამოცემების პლაგიატს გვთავაზობს ან უბრალოდ გვატყუებს.

აქვე მინდა ბატონ ლევანს ვურჩიო, უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაო" წაიკითხოს. ამ რომანში კარგადაა აღწერილი ამგვარი კონსპიროლოგიური ნაწარმოებების დაწერის, გადაწერის და წარმოშობის შესახებ. გარდა იმისა რომ გაერთობა, შესაძლოა გადახედოს, ოდნავ იუმორითაც კი შეხედოს იმ ტექსტებს, რომლებისაც ისე სჯერა, როგორც ბევრს ბებიაჩვენის თაობაში "პრავდის" ან გადაცემა "ვრემიასი".

მოკლედ, როგორც ხედავთ, ბატონი ვასაძის წარმოდგენით საქართველოს და მსოფლიოს ერთადერთი პრობლემა გარყვნილი დასავლეთია და ლიბერალიზმია. კვლავ არც ერთი სიტყვა რუსეთზე. სავარაუდოდ ჩვენ და რუსეთს დასავლეთის მავნე ზემოქმედება ერთნაირად გვემუქრება და ალბათ ერთიანი ფრონტითაც უნდა ვიბრძოლოთ.

მსოფლიოს ასეთ მუქ აპოკალიფტურ ფერებში დახატვა რელიგიურ მიმდინარეობებში ყველა დროს იყო გავრცელებული, განსაკუთრებით ასეთი "ბოლო ჟამის მქადაგებლები" მრგვალი თარიღების, ასწლეულების თუ ათასწლეულების მომიჯნავე ან რაიმე გლობალური თუ ლოკალური კატასტროფების, ომების პერიოდში მრავლდებიან. ადვილი მისახვედრია - ასეთ პირობებში ადამიანი და საზოგადოება მეტად გახსნილია ასეთი მოძღვრების მისაღებად.

რადგან ბატონი ვასაძე ბოლო 30 წელს მიიჩნევს განსაკუთრებით აქტიურ პერიოდად ლიბერალიზმის მსოფლიო ბატონობისა, მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ მსოფლიო და მისი ძირითადი ტენდენციები ხსენებულ პერიოდში.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბოლო 30 წელიწადში მსოფლიო "ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ას დოლარზე ნაკლები შემოსავლებით ცხოვრობდნენ 1981 წლიდან 40%-დან 2004 წლისთვის 18%-მდე შემცირდა და 2015 წლისთვის 12% იქნება" (ფარიდ ზაქარია "პოსტამერიკული მსოფლიო"). "პირველად ისტორიის მანძილზე ჩვენ მოწმენი ვართ რეალური გლობალური ზრდისა".

ცივი ომის დასრულებიდან ორი ათწლეულია ჩვენ ვცხოვრობთ პარადოქსულ სიტუაციაში. რეალობა, რომელსაც ვუყურებთ ტელევიზიით და ვკითხულობთ გაზეთებს, საშინელი ძალადობისა და სიგიჟის სურათს გვიხატავს. სინამდვილეში ომი და ორგანიზებული ძალადობა ბოლო ორი ათწლეულია დრამატულად შემცირებულია. მერილენდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარებისა და კონფლიქტების მენეჯმენტის ცენტრის კვლევის მიხედვით (ავტორი Ted Robert Gurr): "ომიანობის ზოგადი მაჩვენებელი 1980 წელთან შედარებით 60% არის შემცირებული და 1950 წლის შემდეგ 2004 წელს თავის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია". ძალადობა ცივი ომის დროს 1950 და ადრეული 1990 წლებამდე იზრდებოდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ომიანობა სახელმწიფოებს შორის და სახელმწიფოებს შიგნით დრამატულად შემცირდა და ცივი ომის პირველ ათწლეულს გაუთანასწორდა. ჰარვარდის პროფესორი სტივენ პინკერი ამტკიცებს, რომ "დღეს ჩვენ შესაძლოა ჩვენი პლანეტის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო პერიოდში ვცხოვრობთ". საინფორმაციო ტექნოლოგიების რევოლუციამ, რომელიც უკანასკნელ ათწლეულებში მოხდა, სამყარო და მისი აღქმა თითოეული ადამიანის მიერ კვლავ ბრტყელი გახადა და ერთ ტელეფონში ჩატია.

დღეს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მომხდარი ამბავი breaking news არის თქვენ ტელეფონში, რაც ბუნებრივად იწვევს განცდას, რომ ამა თუ იმ ძალადობის მსხვერპლი "მე შეიძლება ვყოფილიყავი". მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელი ტელეფონით 1970-იან წლებში ყოფილიყავით, როცა კამბოჯაში ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა ან ირან-ერაყის ომის დროს 1980-იან წლებში, როცა მილიონამდე ადამიანი დაიღუპა ან 90-იან წლებში, როცა კონგოში მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული და მიუხედავად იმისა, რომ ომის ალბათობა ადამიანთა ბუნების გამო არასდროს გამოირიცხება. მსოფლიო დღეს, შესაბამისად ადამიანიც დღეს, გაცილებით უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს ვიდრე 30 წლის წინ.

კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ასევე წარმოადგენს ბოლო 30 წლეულის განმასხვავებელ ნიშანს. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი გაცილებით კრიტიკულები გახდნენ კვაზი სოციალისტური სახელმწიფოების მიმართ, ლიბერალიზაცია ეკონომიკისა და ასევე პოლიტიკური სისტემისა ნამდვილად გახდა მათი მოთხოვნა. 1970-80-იან წლებში უმრავლესმა დასავლურმა ქვეყნებმა მართლაც ინტენსიურად დაიწყეს ფინანსური რეგულაციების გაუქმება, ხოლო კაპიტალის თავისუფალმა მიმოსვლამ ხელი შეუწყო განუვითარებელი და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდას, სიღარიბის დაძლევას, ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდას. ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ახდენენ მანამდე გავრცელებული ჰიპერინფლაციის პრევენციას, რომელიც თავის მხრივ პოლიტიკური არასტაბილურობისა და შესაბამისად ძალადობის წყარო იყო. მაგალითად, ბევრი მკვლევარის აზრით ჰიტლერი ხელისუფლებაში არა დიდმა დეპრესიამ, არამედ ჰიპერინფლაციამ მოიყვანა, რომელმაც მთლიანად გააღარიბა გერმანიის საშუალო კლასი.

1980-90-იან წლებში ბრაზილიაში 1200%, არგენტინაში 3500%, პერუში 2500% - ინფლაციამ გაანადგურა ეს ქვეყნები. გავიხსენოთ ასევე საქართველოს 90-იანი წლების კუპონიზაცია.

რომ შევაჯამოთ, ბატონი ლევან ვასაძის ხედვის საპირისპიროდ, რომ დასავლეთი მომაკვდინებელ გავლენას ახდენს მსოფლიოსა და საქართველოზე, სიმართლე მხოლოდ ერთია - დასავლეთი, როგორც ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ცივილიზაცია, მართლაც მსოფლიოზე გავლენის ალბათ არნახულ სიმაღლეზეა უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულია. ამ გავლენამ მსოფლიოსა და საქართველოს მოუტანა შემცირებული ომიანობა და სიკვდილიანობა, შემცირებული სიღარიბე, გაზრდილი და მზარდი მსოფლიო ეკონომიკა, გაზრდილი ინდივიდუალური პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება. დიახ საქართველოსიც! თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს, ყველა ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო არსებითად წინაა (ცხადია, ჩვენ მეტი გვინდა!). და რომ ეს ფუნდამენტურად სწორი არჩევანის შედეგია, ისიც მოწმობს, თუ შევადარებთ ცენტრალური აზიისა ჩვენს ყოფილ მოძმე რესპუბლიკებს ან თუნდაც ბელორუსს ან აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა ჩვენზე ადრე მოიპოვეს და დღემდე არშემდგარ სახელმწიფოებს წარმოადგენენ.

რადგან ბატონი ვასაძე საქართველოს ფუნდამენტურ, ეგზისტენციალურ არჩევანს და გზას შეეხო, ვფიქრობ ეს ისტორიულ-გეოპოლიტიკური ექსკურსი აუცილებელია, რომ კარგად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მუშაობს დღეს მსოფლიო, რას ეფუძნება მისი განვითარება, რა ამოძრავებს მას, როგორია საქართველოს ადგილი და შესაძლებლობები ამ დიდ მოზაიკაში და, შესაბამისად, რას მოუტანს თითოეულ ჩვენთაგანს ვასაძის მსგავსი მისტიკური რიტორიკა.

გაგრძელება იქნება.

(სტატიის მეორე ნაწილში შევეცდები, დავანახო მკითხველს, რომ იმას, რასაც ბატონი ვასაძე ქრისტიანობის სახელით გვაჩეჩებს, არაფერი აქვს საერთო ქრისტესა და სახარებასთან.)

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი