გოგონა მარჯის გრაფიკული თავგადასავალი
09 თებერვალი, 2015
1425
print

 

ათი წლის მარჯანი ირანში ცხოვრობს. თავსაბურავით დადის, რადგან მის ქვეყანაში ზუსტად ერთი წლის წინ ისლამური რევოლუცია მოხდა. შაჰის მმართველობა დასრულდა, ამიტომ უკვე ერთი წელია, ყველას ერთნაირად აცვია, ფანჯრებიდან მუსიკის ხმა აღარ ისმის, ქალები აღარ იღიმიან, რადგან მათ ღიმილს მაინც ვერავინ დაინახავს. ქუჩებში ვიღაც ძალიან გაბრაზებული კაცის ფოტოებია გამოფენილი. მას თეთრი წვერი და სქელი შავი წარბები აქვს. მარჯის ის არ მოსწონს, რადგან არასდროს იღიმის, არადა მისი ღიმილის დანახვა ყველას შეუძლია. მარჯი ათი წლის თავსაბურიანი პატარა გოგოა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვები უყურებენ. სინამდვილეში მარჯი ძალიან მაგარი გოგოა, სულ სხვანაირი.

მარჯანის თავგადასავალი ”პერსეპოლისია”. ეს ნაწარმოები, უფრო კი გრაფიკული ნოველა, მკითხველმა შორეულ 2000 წელს მიიღო, ჩვენთვის კი მხოლოდ ახლა გამოსცეს. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ”პერსეპოლისი” წიგნის მაღაზიებში უკვე იყიდება, თავად გამოცემა კი იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ქართულ ენაზე გამოსული პირველი გრაფიკული ნოველა (მარტივად რომ გითხრათ, იგივე კომიქსი, თუმცა უფრო მასშტაბური და დასრულებული სიუჟეტით). ტექსტი ინგლისურიდან მიხეილ ციხელაშვილმა თარგმნა, სხვა მხრივ კი გამოცემა ორიგინალს იმეორებს.

”პერსეპოლისის” ავტორი თავად მარჯია ანუ მარჯან სატრაპი, რომელიც ნაწარმოებში თავის ბიოგრაფიას, ქვეყანაში მომხდარი რადიკალური ცვლილებების საკუთარ აღქმას, განცდებს, შიშებსა თუ მოლოდინებს აღწერს. სატრაპის ტექსტი არც იუმორსაა მოკლებული, თუმცა მის მიღმა მაშინდელი და თანამედროვე ირანელების ტრაგედიები ძალიან მკაფიოდ მოჩანს. სწორედ ამის გამოხმაურება გახლავთ ისიც, რომ უკვე გაზრდილი და თითქოს ”ახალი ირანის” ცხოვრებას შეგუებული მარჯი მაინც ტოვებს სამშობლოს.

თავად მარჯან სატრაპიმ ირანი 1983 წელს დატოვა და ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. ცნობილია, როგორც საბავშვო ლიტერატურის ავტორი და ილუსტრატორი, მისია ”პერსეპოლისის” ილუსტრაციებიც, 2007 წელს კი სარეჟისორო დებიუტიც ჰქონდა. მისი პირველი ფილმი სწორედ ანიმაციური ”პერსეპოლისი” გახლდათ, რომელიც ვინსენტ პარონოსთან ერთად გადაიღო. ფილმი გამოსვლისთანავე იქცა მოვლენად, ნომინირებული იყოს კანის კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზე და ჟიურის დიდი პრიზი მიიღო. ნომინაციები ჰქონდა ”ბაფტაზე”, ”ოქროს გლობუსსა” და ”ოსკარზეც”, თუმცა იმ წელს ოქროს ქანდკება შინ ”რატატუიმ” წაიღო, რასაც ამ უკანასკნელის ძალიან კარგი ხარისხის მიუხედავად მაინც მოჰყვა უკმაყოფილება პრესაში.

თუმცა მსოფლიო პრესის რეაქცია არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ”პერსეპოლისის” გამოსვლას ირანში მოჰყვა. ირანის მთავრობამ საფრანგეთის საელჩოში საპროტესტო ნოტაც კი გააგზავნა და მისი ჩვენების აკრძალვა მოითხოვა, რადგან მათი აზრით, ფილმი დიდი ისლამური რევოლუციის შედეგებს არასახარბიელო კუთხით გადმოსცემდა. ”პერსეპოლისი” ირანში მხოლოდ ერთხელ, ისიც შეზღუდული აუდიტორიისთვის და რადენიმე სცენის გარეშე აჩვენეს, თუმცა არალეგალურ ასლები დღემდე ვრცელდება.

მოკლედ, ასეთია დიდი მარჯან სატრაპის მიერ მოთხრობილი პატარა მარჯის ისტორია, რომლის გაცნობაც ახლა უკვე ქართულ ენაზეც შეგვიძლია.

 

ია ვეკუა

ia vekua
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული