ბალადა პირველი ქართული გრაფიკული ნოველისა
12 თებერვალი, 2015
1738
print

სტუდია, რომელიც აქამდე მხოლოდ მსოფლიო ბესტსელერი კომიქსების საქართველოში ექსპორტს აწარმოებდა, დღეს უკვე ორიგინალ, ქართულ თემატიკაზე შექმნილ გრაფიკულ ნოველას გვთავაზობს. ეს Din Studio-ს „ბალადა ვეფხვისა და მოყმისაა“, პროექტ „ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლის“ პირველი ნაწილი, რომელსაც მომავალში სერიის ხუთი გამოცემა მოჰყვება.

როგორც სათაურიდანაც ჩანს, Din Studio-ს „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“ თითქმის ამავე სახელწოდების მქონე ქართული ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ძეგლის მიხედვითაა შექმნილი. ტექსტს არ გააჩნია თანამედროვე ადაპტაცია და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხალხური ნაწარმოების რამდენიმე ვარიანტი არსებობს (მცირედი განსხვავებებით), აუცილებელი გახდა გარკვეული კონსულტაციის გავლა და ოპტიმალურის შერჩევა. „საბოლოო ტექსტი ფოლკლორის ცენტრში, კერძოდ ეთერ თათარაიძესთან შევათანხმეთ“, - ამბობს Din Studio-ს პროექტების ხელმძღვანელი გიორგი ყანჩაველი.

გიორგის თქმით, ტექსტის საკითხი შედარებით ადვილად მოგვარდა. შინაარსის ვიზუალური ადაპტაცია გაცილებით რთული სამუშაო აღმოჩნდა, რადგან მას პოემაში მოთხრობილი ამბის ხასიათიც უნდა შეენარჩუნებინა და თანამედროვე ესთეტიკაც ჰქონოდა. ამ მხრივ გამოცემა ნამდვილად იქცევს ყურადღებას - გაგა თურმანიშვილის, თათა ბობოხიძის, აკაკი რაზმაძისა და კიდევ რამდენიმეს ნამუშევარი ერთმნიშვნელოვნად გამორჩეული და დახვეწილია.

40 გვერდიანი "ბალადა ვეფხვისა და მოყმისა" 68 ილუსტრაციისგან შედგება და პოემის სრულ შინაარსს მოიცავს. დაახლოებით ამავე მოცულობის იქნება "ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლის" სერიის ყველა გამოცემა, მათ შორის, მეორეც, რომელიც ვაჟა ფშაველას „არწივის“ მიხედვით გაკეთდება.

"ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლის" საწყისი ეტაპი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტით განხორციელდა, თავად პროექტი კი 2013 წლის ყველაზე პროგრესულ იდეად დაასახელეს. როგორც გიორგი ყანჩაველი ამბობს, გამოცემის დასრულება დროში იმ მიზეზით გაიწელა, რომ მოსამზადებელმა პერიოდმა, პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბებამ და საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებამ დიდი დრო წაიღო. „ყველაზე რთული ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ამიტომ მომდევნო გამოცემაზე მუშაობა გაცილებით ცოტა დროს წაგვართმევს. ვფიქრობ, „არწივის“ დასრულებას სამი თვის ვადაში მოვახერხებთ“, - ამბობს გიორგი.

პარალელურად Din Studio პირმშოს საერთაშორისო პრომოუშენსაც იწყებს. მარტიდან „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“ წიგნის ფესტივალებსა და ამ ტიპის გამოცემებისთვის ყველაზე შესაფერის გამოფენებზე დაიწყებს მოგზაურობას, რაც ჩვენი ფოლკლორისა და ზოგადად კულტურის მსოფლიოსთვის გაცნობის კიდევ ერთი საშუალება იქნება. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით „ბალადა ვეფხვისა და მოყმისას“ ქართული და ინგლისური ვერსიები ციფრულ ფორმატში უფასოდ გავრცელდება, რაც მას უფრო ხელმისასწვდომს გახდის.

რაც შეეხება Din Studio-ს სამომავლო გეგმებს: სტუდია პროექტ „ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლის“ პარალელურად სხვა გამოცემებზეც მუშაობს. შარშანდელი „საბას“ მფლობელი დებიუტანტი მწერალი Toresa Mossy უკვე წერს ფენტეზის ჟანრის „აღმოსავლეთის კარიბჭის“ ტექსტს, რომელშიც ქართული მითოლოგია იქნება გაცოცხლებული. ტექსზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი მის ვიზუალიზაციას Din Studio-ს მხატვრები დაიწყებენ.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...