ლეგენდიდან მოსულები
12 თებერვალი, 2015
1333
print

ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან და ალენ დელონთან

 მზეხა მახარაძე

 

40 წელი სცენაზე, 100-ზე მეტი პარტია, 137 საერთაშორისო პრემია, საოპერო სამყარომ პაატა ბურჭულაძეს მსოფლიო პირველი ბანი უწოდა...

მისი ლეგენდა ლონდონის Covent Garden-ის სცენიდან ვერდის “აიდით” იწყება, როდესაც რამფისის პარტიას ასრულებდა ლუჩანო პავაროტისა და კატია რიჩარელის ვარსკვლავური შემადგენლობის გვერდით. ამ ოთხმოქმედებიან დრამაზე, რომელსაც მსოფლიო მაესტრო ზუბინ მეტა ხელმძღვანელობდა, მაშინ მთელი საერთაშორისო მუსიკალური პრესა იყო მომართული. ასეთი თანავარსკვლავედის გვერდზე ჩაიკოვსკის კონკურსისა და Voci Verdiane-ს ქართველი ლაურეატი თავისი სენსაციური დებიუტით გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, რომელზეც მოგვიანებით, 1987 წელს ზალცბურგის ფესტივალზე მოცარტის “რექვიემში” ტრიუმფის მერე მაესტრო ჰერბერტ ფონ კარაიანი იტყვის: “პაატა ბურჭულაძე მეორე შალიაპინია!..”

აღიარების მერე, პაატა ბურჭულაძე უკვე ელიტარული მომღერალია, მსოფლიოს დიდი თეატრების სასურველი სტუმარი, რომელიც საოპერო პარტიებს თავად ირჩევს და რამდენიმე წლით ადრე უფორმებენ კონტრაქტებს... მუსიკის კრიტიკოსები ბევრს საუბრობენ ქართველი ბანის სრულყოფილ ბელკანტოზე, წერენ, რომ “ბურჭულაძეს აქვს ძალიან მყარი ვოკალი, ფართო, სავსე ხმა, ძალიან სანდო და გამომხატველი. სცენაზე ის მომხიბვლელია არა მარტო ვოკალური პალიტრით, არამედ მთელი თავისი არტისტული შინაარსით”. ფართო რეპერტუარიდან ბორის გოდუნოვის პარტია, რომელიც მსოფლიო ბანის კარიერისთვის იქცა ერთ-ერთ გამორჩეულ მთავარ თეატრალურ გმირად, იმღერა NYC Metropolitan ოპერის სცენაზე 1990/91 წლების თეატრის სეზონის გახსნის დროს ისევე, როგორც ლონდონის Covent Garden -ში, ვენისა და მიუნხენის Stateoper-ში. წარმატებით მღერის “ნაბუქოს”, “აიდას”, “სიმონ ბოკანეგრას”, “დონ კარლოს”, “მაკბეტს”, “ფაუსტს”, “ხოვანშჩინას” La Scala-ში, Bavarian State Opera-ში, Opéra National de Paris-ში, Washington Opera-ში...

 - როდესაც ვერდის ოპერა “ნაბუქოზე” ვმუშაობდით პაატა ბურჭულაძესთან ერთად, მაშინ დამწყები ახალგაზრდა დირიჟორი ვიყავი, პაატას თავისი ვარსკვლავური კარიერა უკვე აწყობილი ჰქონდა, ნამღერი ჰქონდა ჰერბერტ ფონ კარაიანთან, XX საუკუნის დიდ დირიჟორთან. პაატასთან ერთად მუშაობა ჩემთვის იყო დიდი პატივი, და მახსოვს, რაღაცნაირად მერიდებოდა მისთვის მეთქვა, რომ ჩემი მუსიკალური კონცეფციები გაეთვალისწინებინა. ბოლოს მაინც ვუთხარი: - ბატონო პაატა, მოდით ასე ვიმღეროთ, ხომ შეიძლება ასე კი არა, არამედ ასე გავაკეთოთ მეთქი?! მან მიპასუხა: - ნუ მებოდიშები, მაესტრო კარაიანთან მიმუშავია, მაგრამ ახლა შენთან ერთად გავდივარ რეპეტიციას, ამიტომ თამამად მითხარი და როგორც გინდა, ისე ვიმღერებო. პაატამ ჩემი მოსაზრებები გაითვალისწინა, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, ყველანი ბედნიერები ვიყავით... ამის მერე ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდით პარიზში. პაატა მოცარტის “დონ ჯოვანის” მღეროდა. როდესაც მოვიკითხეთ ერთმანეთი, უცებ მან მითხრა: - მაესტრო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, მე დირიჟორების ჯოხების კოლექციას ვაგროვებ, ამიტომ მინდა თქვენი სადირიჟორო ჯოხიც მქონდესო. - რა თქმა უნდა, სიამოვნებით მეთქი! - წავედით საგრიმიოროში, სამიდან ერთ-ერთი ჯოხი თავად აირჩია, რომელზეც ძალიან პატარა ასოებით დავუტოვე ჩემი ავტოგრაფი. - ამბობს მსოფლიო მაესტრო, ბელგიის ლიეჟის სამეფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი პაოლო არივაბენი ლუჩანო პავაროტის ფავორიტ მომღერალზე, რომელმაც გარდა იმისა, რომ საოპერო სივრცეში თავისი ეპოქა შექმნა, თავისი ქველმოქმედებით ადამიანების ცხოვრებისეული ბედი შეცვალა.

  •  

ფონდი “იავნანა” 2004 წელს შექმნა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად და ამ მძიმე გზაზე მსოფლიოს პირველი ბანი ხდება Unicef-ის კეთილი ნების ელჩი, ადამიანი, რომელმაც ბევრ მრავალშვილიან ოჯახს მისცა მყუდრო ბინასთან ერთად მომავლის იმედი.

- ამბობენ, სიკეთე ბრუნდება ყველა იმ ადამიანთან, ვინც ასე ღიად და უხვად გასცემს მას... ბატონო პაატა, რას ნიშნავს თქვენთვის ქველმოქმედების არსი?

- რაც უფრო დიდია ხელოვანი, მით უფრო იოლად თანხმდება ქველმოქმედებაზე, - მონსერატ კაბალიე, დოლორა ჯაზიკი, მიშელ კრაიდერი, რამონ ვარგასი, ამბროჯიო მაესტრი, მარჩელო ალვარესი, ფერუჩო ფურლანეტო, მარკო ბერტი... მათი ჩამოყვანა საქართველოში ბავშვების დასახმარებლად ძნელი არ იყო. მეგობრობა ერთია, მაგრამ ამ ადამიანებმა იციან, რომ მათი ხელოვნება, მათი ტალანტი, არა მარტო მათ, არამედ ეკუთვნის ხალხს. ერთხელ უწმინდესმა მითხრა: “კიდევ საკითხავია ვინ-ვის ეხმარება, ჩვენ - ბავშვებს, თუ ბავშვები - ჩვენ.” და რომ დაფიქრდები, მართლაც ასეა. დიახ, იღბალია ჩვენს მხარეზე, რომ გვაქვს საშუალება, სიკეთე გავაკეთოთ. ეს ყველაფერი ბრუნდება, ბრუნდება იმ ადამიანთან, ვინც კი ბავშვებს ეხმარება.

- და მაინც, საოპერო მომღერლებს შორის ვინ რჩება ვარსკვლავისთვის ვარსკვლავად?

- ლუჩანო პავაროტი, და ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ჩემი კარიერის დასაწყისში მე ვგრძნობდი მის თანადგომას, არამედ იმიტომ, რომ პავაროტი გარდა იმისა, რომ დიდი მომღერალი იყო, იყო დიდი პიროვნება, რომელიც უდიდეს ადამიანურ სითბოს ასხივებდა, ეხმარებოდა დამწყებ მომღერლებს, კარგის თქმას ვერავინ დაასწრებდა... ბოლო წლებში ბევრ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობდა და ასე უანგაროდ ეხმარებოდა მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა. სწორედ მისგან ვისწავლე ქველმოქმედების არსი, მნიშვნელობა და აუცილებლობაც.

12 თებერვალს, პაატა ბურჭულაძეს 60 წელი შეუსრულდა. მსოფლიოს პირველი ბანისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, რომლის წარმდგენი და ორგანიზატორია სახელოვნებო ინდუსტრია “არტ პალასი”, სპორტის სასახლეში იმართება. ამ გრანდიოზულ საღამოს ლეგენდიდან მოსულ მომღერალს იუბილეს ულოცავენ საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები: ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვლი, იანო-თამარ ალიბეგაშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, თეონა დვალი, ნანა მირიანი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა. კონცერტის წამყვანები არიან: პიანისტი დათუნა ალადაშვილი და კიდევ ერთი ცოცხალი კინოლეგენდა, მსოფლიო ვარსკვლავი ალენ დელონი, რომელიც თავისი კინოფილმების რეალურ გმირად იქცა ცხოვრებაშიც და სულ დასდევს ბედისწერის ფარული ლოგიკა.

 - Monsieur Delon, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

 - წარმატებას რომ მიაღწიო, ცხოვრებაში სიამოვნებით უნდა გააკეთოთ ის, რაც გიყვარს.

 - რომელმა რეჟისორმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა? რატომ არ გადახვედით ფრანგულ-იტალიური კინემატოფრაფიდან ჰოლივუდში?

- იმიტომ, რომ მხოლოდ საფრანგეთში ვიყავი ბედნიერი. როდესაც ამერიკაში ვმუშაობდი, სულ მინდოდა სამშობლოში დავბრუნებულიყავი. მეუბნებოდნენ, მთავაზობდნენ კიდეც: დარჩით და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდებითო! მე კი, საბოლოოდ, მაინც სამშობლოში მერჩივნა ცხოვრება. რეჟისორებიდან გამოვყოფდი რენე კლემენს, ლუკინო ვისკონტის, ჟან-პიერ მელვილს. ჩემი ყველა ფილმი გაქვთ ნანახი? ჩემი კინოფილმებიდან ძალიან მიყვარს “აუზი”, “ლეოპარდი”, “სამურაი”, “ორნი ქალაქში”, “როკო და მისი ძმები”... თითქმის ყველა ჩემი კინოროლი მიყვარს.

- მართალია, რომ ქარიზმატულობის გამო კინორეჟისორები გადაღებაზე უარს გეუბნებოდნენ?

- რეჟისორებს ჩემი გარეგნობის იმდენად არა, მაგრამ ჩემი ხასითის უფრო ეშინოდათ. ზოგადად, სამი კატეგორიის რეჟისორი არსებობს: გენიოსი, საშუალო განვითარების და არარაობები. აქედან უფრო მეტნი არიან არარაობები, ვიდრე გენიოსები, ამიტომ მათთან მე მკაცრი ვარ! არ გავბედავდი ამის თქმას, მაგრამ მაინც გეტყვით: პირველად 58 წლის წინ, 1957 წელს გადამიღეს კინოში და ყველაფერი, რასაც კინოს მიმართულებით ვაკეთებდი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია. ჩემს ასაკში ბევრი ვერ დაიტრაბახებს იმ ინტერესს, რაც 58 წლის მერეც არსებობს ჩემი შემოქმედების მიმართ. წარმოგიდგენიათ?!

- როგორია თქვენთვის იდეალური ქალი?

- იდეალური ქალი ჩემთვის არის ის, ვინც მიყვარს. დღეს არავინ მიყვარს...

ქალებმა დიდი გავლენა და როლი ითამაშეს ჩემი კინოკარიერის წარმატებაში. როდესაც სამხედრო სამსახურიდან დავბრუნდი, 23 წლის ვიყავი და ყველა ამბობდა, რომ ვიზუალურად არა მიშავდა. ბევრი ქალი იყო ჩემს გარშემო, მათ შორის რამდენიმე მსახიობი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდნენ და ისე მოხდა, რომ ჩემზე 8-10 წლით უფროსები იყვნენ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე ცხოვრებაში მაშინ, როდესაც დამწყები მსახიობი ვიყავი.

 - რომი შნაიდერი?

 - რომი ყოველთვის ჩემს ცხოვრებასა და ჩემს გულშია. ჩემს ცხოვრებაში რომი პირველი ქალბატონი იყო.

 - იცნობთ ქართულ კინემატოგრაფს?

 - არა, არ ვიცნობ, მაგრამ ახლა გავიცნობ და აღმოვაჩენ.

- უსმენთ კლასიკურ მუსიკას? როგორი იყო თქვენი ემოცია, როდესაც მსოფლიოს პირველი ბანის პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს წაყვანა შემოგთავაზეს?

- ძალიან მიყვარს ოპერა, დიდი ხანია... იტალიაში ამ ხელოვნებასთან ლუკინო ვისკონტიმ დამაახლოვა, რომელმაც თავის დროზე იპოვა და შემდეგ მსოფლიოს გააცნო მარია კალასი. როდესაც ოპერა შემიყვარდა, მაშინ პაატას არ ვიცნობდი, რადგან ის მხოლოდ 5 წლის იქნებოდა. პირველად ვარ საქართველოში და ეს ძალიან მახარებს. აქამდეც ჩამოვიდოდი, მაგრამ აქამდე არასდროს არ დამპატიჟეს და ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ, - უნდა უსაყვედუროთ ქართველებს. მე მოვდიოდი პაატასთვის, მხოლოდ მას ვიცნობ და... 10 წლის წინ შევხვდი ექსპრეზიდენტ ედუარს შევარდნაძეს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად, როდესაც ვენაში პრიზი გადმომცეს.

- რა რჩევებს აძლევთ ხოლმე თქვენს ქალიშვილს კინოკარიერისთვის თქვენივე კინოგამოცდილებიდან?

- რა თქმა უნდა, ვეხმარები, განსაკუთრებით მისი დებიუტის საწყის ეტაპზე. ერთხელ მკითხეს კიდეც, - არ ღელავთ თქვენი შვილი თქვენს პროფესიას რომ მიჰყვება? მე ვუპასუხე: - რატომ გინდათ მისი არჩვეანი რაიმე უხერხულობას მიქმნიდეს? იცით, ის 24 წლის არის, არის მსახიობი და მიჰყვება ყველაზე ლამაზ პროფესიას, რაც კი არსებობს. იცით, ჩვენ ერთად ვითამაშეთ თეატრის სცენაზე, ერთ სპექტაკლში, რომელიც არა მარტო საფრანგეთში, არამედ უკვე ძალიან ცნობილი გახდა მთელ ევროპაში. ყველაზე მეტად რაც მინდოდა, ის უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თეატრის სცენაზე ერთად ვიდექით და მე ვეუბნებოდი ჩემს რეპლიკას პიესის მიხედვით, გულში კი ვფიქრობდი: ეს ხომ ჩემი შვილია, ჩემი შვილი... მსახიობობა - ყველაზე ლამაზი არჩევანია პროფესიებს შორის.

მზეხა მახარაძე
სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება