”გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით”
16 თებერვალი, 2015
1259
print

თანამედროვე ქართველ მოხელეთა ”კვალიფიციური” პასუხი

ეკატერინე ლოლუა

კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ქვეყანაში სიახლეს აღარ წარმოადგენს. ეს არც გვიკვირს, არც გვიხარია, თუმცა პრობლემის გადაჭრასაც ვერაფრით ვახერხებთ. რიგ შემთხვევებში მართლაც სასაცილოა უადგილო ადგილზე არაკვალიფიციური კადრების დანახვა, მათი მოსმენა. მერე მოსაყოლადაც რა მხიარული ისტორია გამოდის?! თუმცა, მათ სიმრავლეს ყოველთვის სიცილისმომგვრელი შედეგი არ აქვს.

ყველაზე თვალშისაცემი არაკვალიფიციურ კადრთა სიმრავლე სახელმწიფო სტრუქტურებშია. ანუ იქ, სადაც თანამშრომლები სახელმწიფოს სახეს წარმოადგენენ, ოღონდ თვითონაც არ იციან, რა ევალებათ დაკავებულ თანამდებობებზე. ე.წ. „ექსპერტები“, რომლებსაც თავად უფრო სჭირდებათ ექსპერტიზა.

ეს ტრაგედია ქვეყანაში მხოლოდ ნეპოტიზმის ბრალი არ არის. ამაში ყველა იმ მშობლის ხელი ურევია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შვილი აუცილებლად იურისტი, ან ბუღალტერი უნდა გამოსულიყო. ეს პრობლემა იმ მენტალიტეტმა გამოიწვია, რომელიც გამოისახება ფორმულით - „ჩემი შვილი ვირული სამუშაოსთვის არ გამიზრდია“. მისი გადაჭრა კი მანამდე იქნება შეუძლებელი, სანამ „ყველანი ადამიანები ვართ და გვაქვს შეცდომის უფლება“. სანამ ეს გამართლება მისაღებია, მუდმივად დავზარალდებით.

პესიმისტი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ცხოვრება ისეთი სიურპრიზებითაა აღსავსე, რომ ყოველდღიურად ვრწმუნდები, რა ცუდ დღეშია ქვეყანა.

ცოტა ხნის წინ სოციალური დაზღვევით სარგებლობა დამჭირდა. ერთ თვეში მისაღებ პასუხს ორ თვეს ველოდი, ბოლოს კი (როგორც მოსალოდნელი იყო), სტანდარტული თანხმობის ან უარის ნაცვლად, ძალიან არასტანდარტულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები ვერ ჩამოყალიბდნენ, სტუდენტი ვარ, თუ - არა.

საქმე ისაა, რომ არა თუ სტუდენტი ვარ, სახელმწიფო გრანტითაც ვსარგებლობ, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის სტატუსი უნდა მქონდეს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩემი სწავლისთვის გამოყოფილი თანხა ჩამერიცხოს. ამიტომაც მეგონა, მარტივ გაუგებრობასთან მქონდა საქმე და ვითარებაში გარკვევა ადგილზევე ვცადე, მაგრამ... მაგრამ აღმოჩნდა, რომ სტუდენტი ვარ, მაგრამ... არ ვარ. სოციალური დაზღვევა მეკუთვნის, მაგრამ... არ მეკუთვნის. ერთი სიტყვით, ამ უწყებების თანამშრომლებმა უცებ დამარწმუნეს, რომ ორივე სამინისტროში სასწრაფოდ თანამშრომელთა ტესტირება უნდა ჩატარდეს (მინიმუმ, მეცხრე კლასის უნარ-ჩვევების ტესტი მაინც).

სიტყვიერი უარის მიღებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკე. თავიდან ოპერატორისთვის მომიწია სიტუაციის ახსნა, რომელიც, გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გაერკვა სიტუაციაში და „კომპეტენტურთა“ ხაზზე გადამამისამართა, „კომპეტენტური პირი“ კი მართლაც კომპეტენტური ხმით შეეცადა თავიდან მოვეშორებინე. გამომიცხადა, რომ სტუდენტი 2014 წლის ნოემბრიდან აღარ ვარ, რადგან მაგისტრის ხარისხის მონიჭების გამო შემიჩერდა სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან ხელახლა ჩავირიცხე სხვა სასწავლებელში. ავუხსენი, რომ სახელმწიფო გრანტით მოსარგებლე სტუდენტი ვარ, შესაბამისად, შეუძლებელია, არ გამაჩნდეს სტუდენტის სტატუსი. პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ირონიანარევი ტონით მაცნობეს, რომ სახელმწიფო გრანტი, თურმე, მხოლოდ „ჩემი ბონუსია“ და „სტუდენტის სტატუსთან არაფერ შუაშია“. ასეთ „ფსიქოლოგიურ შეტევას“ აღარ ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ არ მეგონა, სახელმწიფო გრანტს „ბონუსებად“ თუ რიცხავდა, ჩავთვალე, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უკეთეს პასუხს ვერავინ გამცემდა.

ჩემდა გასაკვირად, განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზეც მსგავსი პასუხი მივიღე. აღმოჩნდა, რომ აქაც არ სმენოდათ, თუ სწავლისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გრანტი სტუდენტს სტუდენტის სტატუსთან ერთად ენიჭებოდა. ამაზე უკვე აღარც გამეცინა...

სიტუაციაში გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა ვცადე. ყველა წესის დაცვით მივედი, დავდექი რიგში, ავიღე განაცხადის ფორმა და წერილობითი პასუხი მოვითხოვე. მსურდა განემარტათ, თუ რა მიზეზით უგულებელყვეს ჩემი განაცხადი. ასევე, მოვითხოვე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სტატუსი მქონდა მაშინ, როდესაც დაფინანსებას ვითხოვდი და ის დოკუმენტები, რომლებიც ადეკვატური რეალობის გაგებაში უნდა დამხმარებოდა.

ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ და ოფიციალურ მოთხოვნაზე, წერილობითი პასუხი მოეცათ ჩემთვის, გამომიცხადეს, რომ „უარი ზეპირადაც შეუძლიათ მითხრან“. განვუმარტე, რომ მე წერილობით მინდა პასუხი, თუმცა დაიჟინეს და... მაინც ზეპირად მიამბეს.

ბოლოს გამოვუტყდი, რომ პროფესიული ინტერესებიც გამაჩნდა და სტატიისთვის წერილობითი ფორმის გამოყენება მერჩივნა. პასუხად მივიღე, რომ „ჩემი მიმართვის მსგავსი მუქარის წერილები თავზე აყრიათ“ და „ასე სათითაოდ პასუხების გაცემით“ თავს ვერავისთვის შეიწუხებენ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსიყვარულე, მზრუნველი ტონით მომახსენეს.

ასე ველი დღემდე პასუხს იმის შესახებ, თუ ვინ ვარ მე, და თუ სტუდენტი არ ვარ, რატომ მიფინანსდება სწავლა-განათლება სახელმწიფო გრანტით.

„ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომა ვის არ მოსდის“, „ათასი საქმე აქვთ და ასე სათითაოდ ყველას დევნას ვერ დაუწყებენ“ და „მაინც არაფერი ეშველებათ“ - ეს გამართლება არ არის. ბევრს არ აქვს დრო იმისთვის, რომ ადამიანური შეცდომა გაპატიოთ. სანამ თქვენ, დაუთოვებული თეთრი პერანგითა და გაპრიალებული შავი ფეხსაცმლით, ჯანდაცვის სამინისტროში, კაბინეტში, თანამშრომელს ეჭორავებით: „გამომრჩა, ყველას სათითაოდ სად ვდიო?!“-ო, გაიხსენეთ, რომ, ხელფასს სწორედ „არგამორჩენაში“ გიხდიან და არა გაუთავებელ ჭორაობაში. როცა თქვენთვის „არაუშავს, რადგან ყოველდღიურად მსგავსი ათასობით შემთხვევა გადის შენს ხელში“, გაიხსენეთ რომ, ის ერთი - ერთ-ერთია იმ ათასიდან, რომელზეც ისევ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა...

 

ეკატერინე ლოლუა
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია