ამას როგორ ვიფიქრებდი?!...
20 თებერვალი, 2015
1451
print

ქეთევან იგნატოვა

ამას როგორ ვიფიქრებდი,როგორ წარმოვიდგენდი, რომ ერთი მოკლე, მარტივი, სრულიად კონკრეტული და არაერთხელ ხმამაღლა, საჯაროდ, ერთობლივად და უყოყმანოდ პასუხგაცემული კითხვა კვლავ აქტუალური გახდებოდა, ასე ვთქვათ, ამოტივტივდებოდა… თემა განსახილველ-ასახსნელი და ერთადერთი უალტერნატივო სიმართლე კვლავ დასამტკიცებელ-გასატან-დასაცავი გაგვიხდებოდა!

გასული კვირის მანძილზე, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რუსეთის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადებების საფუძველზე, სამწუხაროდ, სრულიად აშკარა გახდა, რომ საქართველოს ევროპული გეზი ნატოსკენ, ევროინტეგრაციისკენ, დემოკრატიულობისკენ, თავისუფლებისკენ მიმავალი გზა საფრთხის წინაშეა. თითქოსდა, უმეტესობა ამაში მაინც ერთსულოვანი იყო. თითქოსდა ნატო, ევროპულობა, თავისუფლება… მაინც არ იყო საკამათო და მითუ მეტეს თავიდან ასახსნელი!... დამაინც გვიხდება. ეტყობა, როგორც ყველაფერ დანარჩენში, ამ საკვანძო, მთავარ საკითხშიც კი უკან, სადღაც შორეულ 90-იანებში ვბრუნდებით.

მოგეხსენებათ, არც პოლიტოლოგი ვარ, არც საბედნიეროდ, პოლიტიკოსი, არც არასდროს არანაირი პარტიის წევრი ვყოფილვარ. გესაუბრებით და ჩემ შიშსა და გულისტკივილს, როგორც რიგითი მოქალაქე გიზიარებთ. მოქალაქე, რომელმაც ცალკეული პოლიტიკოსების, შეიძლება დაუფიქრებელი, შეიძლება კი პირიქით, სრულიად გააზრებული, სტრატეგიული განცხადებების საფუძველზე, თავი კიდევ ერთხელ შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მე, თქვენ, მთელმა საქართველომ ნატოს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრობის თაობაზე ჩვენი ნება, უკვე კარგა ხანია სრულიან ხმამაღლა და მტკიცედ, ხომ დავაფიქსირეთ, ხომ გავაჟღერეთ? რა ვერ გაიგონეს, რა ვერ დაიმახსოვრეს? ხალხის ხმა, ხალხის ნება ასე იოლად ავიწყდებათ? ასეთი გულმავიწყები თუ უბრალოდ, ყრუები არიან? კი ბატონო, მაშინ როგორც ოროსან მოსწავლეებს ისე მივუდგები და ხელმეორედ, მაგრამ იმედია საბოლოოდ, საკუთარ მაგალითზე, საკუთარი ცხოვრების, თუნდაც პირად, სუბიექტურ მაგალითზე, მოკლედ განვუმარტავ, მარტივად ავუხსნი - რატომ მინდა, რომ საქართველო ნატოში შევიდეს… და ადრე თუ გვიან, აუცილებლად (მე ამის მჯერა!) შევა კიდეც!

მე, სრულიად ტიპიური, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ბავშვობა-ახალგაზრდობა მქონდა. დავიბადე და გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც დისიდენტი არავინ იყო, მაგრამ არც კომუნისტური პარტიის წევრი მყოლია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხმადაბლა, ჩურჩულით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი ბებია-ბაბუის რომელი მეგობარი იყო რეპრესირებული, ვის დაუხვრიტეს მშობლები, ვინ გადაასახლეს ყაზახეთში, ვინ თანამშრომლობდა ენკავდესთან, ვინ იყო ჩეკისტი და ვის, ან ვის შთამომავლებს, არ აძლევდა ბებიამეჩემი პრინციპულად ქუჩაში სალამს... კიდევ უფრო ჩურჩულით ვიცოდი, რომ ბებიაჩემის ახლო მეგობრის, ციცნას მამა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი არა ბანდიტი, არამედ ნამდვილი პატრიოტი და გმირი იყო. გასული საუკუნის ოციან წლებში, ქართველი მოღალატე ბოლშევიკების დახმარებით, ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველო რომ დაიპყრო ესეც ვიცოდი თუმცა, გარკვეულ ასაკამდე ამ ფაქტის სრული ტრაგიზმი არც მესმოდა და გამოგიტყდებით, დიდად არც მაინტერესებდა… ამავე დროს სკოლიდან ვიცოდი, რომ რუსეთმა შემოგვიტანა ცივილიზაცია, გახსნა სკოლები…; მასწავლიდნენ რომ მაგალითად, კომის საბჭოთა რესპუბლიკაში, ისევე როგორც ყველა დანარჩენში, ჩემი დები და ძმები ცხოვრობენ, რომ ჩვენ ერთი ყველაზე მძლავრი, დიდი, ნათელი და ბედნიერი სამშობლო, საბჭოთა კავშირი გვაერთიანებს, გვმფარველობს და გვზრდის.

ახლა, წლების გადმოსახედიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, ხუთი ათწლეულიდან შემდგარი ჩემი ცხოვრების პირველი ათწლეულები, როგორც ტიპიურ საბჭოთა მოზრდილს, ახალგაზრდას, ერთი მთავარი შეგრძნება - სიამაყის გრძნობა არასდროს გამჩენია. მე ეს ფუფუნება საბჭოეთმა მომაკლო. მე ყოველთვის, სულ მცირე ასაკიდან, მიყვარდა ჩემი ქვეყანა, მისი ულამაზესი ბუნება, ტყეები, მთები, ველები, ის მუხის ტყე, რომელშიც ვთამაშობდით, ის მინდორი, სადაც ყვავილებს ვაგროვებდი. მიყვარდა ყველა ის ადგილი, სადაც კი ვყოფილვარ, დამისვენია - კიკეთი, კუდიკინის მთა, კობის გადმოსახედი და მისი ჩანჩქერი, მეგობრის ბაბუის სოფელი საქარა… მეტნაკლებად ვიცოდი ჩემი სამშობლოს უდიდესი კულტურის, ტრადიციის, რთული ისტორიის შესახებ. ალავერდის, გრემის, სამთავისის პირველად დანახვაზე გული ხმამაღლა მიცემდა, თითქოს სუნთქვა მეკვროდა. ვიცოდი, რომ დედის მხრიდან ჩემი წინაპრები შუამთაში არიან დაკრძალულნი და მათ საფლავის ქვაზე მინდვრის ყვავილიც დამიდია. უსაზღვროდ მიყვარდა ქართული ცეკვა, სიმღერა, პოეზია… მიყვარდა და ამ ყველაფრით გულწრფელად ვამაყობდი, მაგრამ ქართული სახელმწიფოთი სიამაყის ყველაზე დიდებული, ყველაზე ძლიერი, მართლაც რომ გულის ამაჩქარებელ-ცრემლისმომრევი გრძნობა, პირველად არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვიგემე და მივხვდი, რომ ამაზე ტკბილი, ამაზე გამაძლიერებელ-გამაჯანსაღებელი არაფერი შეიძლება იყოს. თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს დროშის აფრიალება ჩემში არავითარ განსაკუთრებულ ემოციას არ იწვევდა. ათწლეულების მანძილზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაგონებაზე ფეხზე არც ერთხელ არ ავმდგარვარ!...

ჩემმა თაობამ, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა პოლიტიკური კატაკლიზმა, ყველა ტრაგედია საკუთარ თავზე იგემა. ცხრა აპრილის სისხლიანი ტრაგედია, რუსთაველის გამზირზე რუსული ტანკები, რუსი ჯარისკაცები, ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით მოკლული ქალები. ეროვნული მოძრაობის ხალხმრავალი და არცთუ უსაფრთხო მიტინგები. კომუნისტური რეჟიმის დამხობა. საბჭოთა კავშირის, ამ მონსტრი იმპერიის აგონია და საბოლოო ნგრევა. აფხაზეთის, თბილისის, სამოქალაქო ომები. სვანეთის მთებით ყინვაში გადმოსული და ადგილობრივი კრიმინალების მიერ გაძარცვული ასიათასობით ლტოლვილი. ყოველდღიური სიკვდილი, ცრემლი, სროლა, სიბნელე, სიცივე, შიმშილი, პურის რიგები, ქუჩაში დანთებული კოცონები და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან სხვადასხვა მიზეზით უწყვეტი სროლა და ისევ სიკვდილი. ჩემ თაობას მკაფიოდ ახსოვს ტოტალური კრიმინალი, ადამიანების გატაცება, ყაჩაღობა, ნარკომანია, კორუფცია… სხვადასხვა ომებში თითოეული დაღუპულის, სხვადასხვა ვითარებაში მოკლულის, ნარკოტიკისგან “გაპარულის”, უგზოუკვლოდ დაკარგულის სახელები გვახსოვს, მაგრამ არც ამ დროს, არაფრით მახსენდება, რომ რამით, რაც ჩემ სახელწიფოს თუნდაც უკვე არასაბჭოურს, არაწითელს, უკვე დამოუკიდებელს წარმოადგენდა - მეამაყა.

უმძიმესი, ურთულესი, შეცდომებითა და დაბრკოლებებით აღსავსე ათწლეულების გავლით დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, თავისუფალ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქართულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც მე სრულიად გულწრფელად, წითელჯვრიანი დროშის დანახვაზე, ერთ დროს სრულიად უცნობი და ახლა უკვე შესისხლხორცებული სიამაყის გრძნობა მეუფლება, ჰიმნის გაგონებაზე კი ამაყად ვდგები ფეხზე და აყოლასაც კი ვცდილობ. დღეს მე, ჩემი სახელწიფოთი საფუძვლიანი სიამაყის ფუფუნება, როგორც იქნა, მომეცა!

2008 წლის მორიგ, საუკუნიდან საუკუნემდე, ათწლეულიდან ათწლეულამდე, სრულიად უცვლელ (მხოლოდ ტანკების მოდელები თუ იცვლება) აგრესიას მე, პირადად, უკვე სახელმწიფოებრივი სიამაყის გრძნობას შეჩვეულ-შესისხლხორცებული შევხვდი. 2008-ში უკვე ზუსტად, მკაფიოდ და ძალიან მტკივნეულად ვიცოდი, რას ებრძვის იმპერიულ-ჩეკისტური პუტინის რუსეთი. ვიცოდი, რომ ცხინვალის რაიონის პატარ-პატარა და კოლოსალური რუსეთისთვის სრულიად უმნიშვნელო სოფლების წართმევაზე ბევრად მეტად, მას სწორედ იმ სისხლითა და ცრემლით, ომებითა და გადატრიალებებით, სიცივითა და შიმშილით, სიმწრითა და შრომით მოპოვებული, სიამაყის, ქართული სახელწიფოს რიგითი მოქალაქის სიამაყის გრძნობის წართმევა, გათელვა, გაუფასურება უნდა.

ადრე, ათიოდე წლის წინ, თუ გახსოვთ დავწერე, ჩემი ემოცია გაგიზიარეთ, როდესაც გონიოს სახლის აივანზე სიამაყით, სწორედ, სიამაყით აღსავსე ვიდექი და ვუყურებდი, რუსული სამხედრო ბაზა, რუსული ტანკები გემებზე როგორ იტვირთებოდა და ჩემ საყვარელ სამშობლოს - საამაყო სახელმწიფოს როგორ ტოვებდა… ეს უმშვენიერესი სურათი, ის უტკბილესი სიამაყის შეგრძნება არასდროს დამავიწყდება.

დღეს კი ჩემი მთავარი ოცნებაა, რომ ჩემ შვილებს და კიდევ ბევრ, ბევრ მომავალ თაობას, საკუთარი სამშობლო არამარტო უყვარდეთ, არამედ საკუთარი, დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მქონე სახელმწიფოთი სიამაყის ფასდაუდებელი ფუფუნება არ მოკლებოდეთ. სახელმწიფოებრივი სიამაყის ერთადერთი, უალტერნატივო გზა კი ევროპისკენ, ცივილიზებულობისკენ, დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ალიანსისკენ, ნატოსკენ მიდის.

P.S. გუშინ ერთ-ერთ სილამაზის სალონში ძვირფას ქურქში გამოპრანჭული ქალბატონი შესულა. თმის მოწესრიგებაც უნდოდა, ხელებისაც, სახისაც… მოკლედ, კარგი კლიენტი ჩანდა. გამარჯობის შემდგომი წინადადება, რომელიც ქურქიანმა კლიენტმ, ღრმა ამოოხვრით წარმოთქვა - “ეხ, ნეტავი, მალე მოვიდეს ვალოდია -ო”. სალონში წამების მანძილზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ერთხმად, ყველა ოსტატმა, ერთდროულად, “კარგი კლიენტის” მომსახურებაზე პრინციპული უარი განაცხადა. ამაყი ხალხი ვართ ქართველები და საფუძვლიანი სიამაყის ფასიც ვიცით და მოფრთხილებაც.

P.S.2 დღევანდელი უკრაინის ზუსტად ისევე, როგორც საქართველოს რეალური საფრთხის, რეალური მტრის სახის ამსახველი ეს სერბული ხუმრობა, Facebook-ზე ვნახე, მომეწონა, გამეცინა, ჩემი გამზრდელი, სერბული წარმოშობის ბებია, ტატა მადიჩი მომაგონა და თქვენც გთავაზობთ -

- С кем граничит Россия?

- С кем хочет!

Ничего подобного! ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრები მტკიცედაა დაცული… თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთისგანაც კი!

ქეთევან იგნატოვა
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია