გიგი უგულავას ბლოგი
24 თებერვალი, 2015
1712
print

ბოლო ჟამის მქადაგებელი - ლევან ვასაძის ჭმუნვების პასუხად

 გაგრძელება

 ადამიანი, ბიბლიის მიხედვით, ღმრთის ქმნილებათა გვირგვინია. იგი ღმერთმა "ხატად და მსგავსად თვისა" შექმნა და თავისუფალი ნება უბოძა. ქრისტიანული სარწმუნოება მონოთეისტურია და ინდივიდუალური სულის უკვდავებას აღიარებს. სულს კი, საკუთრივ, ინდივიდის იდენტობის საფუძვლად აცხადებს. ანუ ქრისტიანობა არ სცნობს სხვა ადამიანსა თუ არსებებში ადამიანის სულის გარდასახვას, ე.ი. რეინკარნაციას. მეტიც, კონკრეტული ადამიანის იდენტობას არა მარტო მისი უკვდავი სული, არამედ სხეულიც (“ხორცი”) განსაზღვრავს. ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით, უკანასკნელ ჟამს, საყოველთაო აღდგომისას თითოეული ადამიანი "განღმრთობილი სხეულით" ეზიარება ღმერთს. ნებისმიერი ქრისტიანული მიმდინარეობისთვის იესო ქრისტეს სახით ღმერთის განკაცება სარწმუნოების ქვაკუთხედს წარმოადგენს და, არსებითად, ადამიანის განსაკუთრებულობის, მისი უნიკალურობის ხაზს აგრძელებს, რომელიც სათავეს ძველ აღთქმაში იღებს. როდესაც სახარების მქადაგებლებს სარწმუნოების უმოკლეს დახასიათებას სთხოვდნენ, ყველაზე გავრცელებული პასუხი იყო: "ღმერთი სიყვარული არს. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი". ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად წარდგება ღმრთის წინაშე. არ არსებობს განსხვავება კანის ფერის, რასის, სქესის, კლასის, ნებისმიერი სოციალური თუ სხვა რაიმე სტატუსის მიხედვით. ხოლო განკითხვის მთავარ და ფუნდამენტურ საზომად სახარება ადგენს ადამიანის სიყვარულს.

 ახლა მოკლედ გადავხედოთ ქრისტიანული ანუ დასავლური ცივილიზაციის განვითარების, მსოფლიოში განვრცობისა და დომინირების ისტორიას. ქრისტიანობა, სხვა და სხვა ეტაპზე, იდევნებოდა და თავადაც დევნიდა, იყო უმცირესობაშიც და უმრავლესობაშიც; ამა თუ იმ ეპოქაში ერგებოდა ეპოქის საზოგადოებრივ სტრუქტურასა და სამოქალაქო იერარქიას. საუკუნეების განმავლობაში ითავსებდა საერო ხელისუფლებას, ჰყიდდა ინდულგენციებს, რითაც მდიდარს უპიტარესობას ანიჭებდა (კლასობრივი დიფერენციაცია), ასევე უპირატესობას ანიჭებდა მამაკაცს (სქესობრივი დიფერენციაცია), იპყრობდა კოლონიებს, აკურთხებდა მონათმფლობელობას და იქამდეც მივიდა, რომ შავკანიანებსა თუ ინდიელებში სულის არსებობას უარყოფდა (რასობრივი დიფერენციაცია). სწორედ დასავლური ანუ ქრისტიანული ცივილიზაციის გამოვლინებები იყო რასობრივი და კლასობრივი ბრძოლოს თეორიები, რამაც ფაშიზმისა და კომუნიზმის სახით მილიონობით ადამიანის სცოცხლე იმსხვერპლა. ამასთანავე, სწორედ ევროპული ქრისტანობის გამო გახდა დასავლეთი მსოფლიოს მთავარი მამოძრავებელი ცივილიზაცია, რომლემაც მიაღწია ისეთ აღმავლობას, მანამდე არავის და არასდროს რომ არ მოიუღწევია.

 ცნობილია, რომ ჩინეთის პოლიტბიურომ ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიას კვლევა დაუკვეთა, რომლითაც უნდა გაერკვიათ, რა იყო "დასავლური ცივილიზაციის" აბსოლუტური დომინირების მიზეზი. კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: “ამის მიზეზი, თავდაპირველად, ვიფიქრეთ, რომ ჩვენზე უკეთესი იარაღი უნდა ყოფილიყო; შემდეგ დავასკვენით, რომ მათ უკეთესი პოლიტიკური სისტემა აქვთ; ამის შემდეგ მათ ეკონომიკურ სისტემაზე შევაჩერეთ ფოკუსი. თუმცა, ბოლოს, ჩვენ ნათლად გავაცნობიერეთ, რომ მათი კულტურის არსი მათი რელიგია - ქრისტიანობაა. სწორედ ამიტომ არის დასავლეთი ასეთი ძლიერი. მისი სოციალური და კულტურული ცხოვრების საფუძველი ქრისტიანული მორალია, რამაც შესაძლებელი გახადა კაპიტალიზმის ჩამოყალიბება და დემოკრატიულ წყობაზე წარმატებული გადასვლა. არანაირი ეჭვი ამ თეზისის სისწორეში არ გვეპარება". სხვა მკვლევარი, ტძიო ჰიპინგი, განავრცობს ამ აზრს: "მხოლოდ ტრანსცენდენციის ქრისტიანული გაგების გათავისების შემთხვევაში შევძლებთ, რეალურად გავიაზროთ ისეთი ცნებები, როგორიცაა: თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უნივერსალიზმი და გარემოს დაცვა". მეტიც, არსებობს ცნობა, თითქოს ჩინეთის პრეზიდენტ ძიან ძემინს, გადადგომის წინ, პოლიტბიუროს წევრებისთვის უთქვამს, - ბოლო სავალდებულო განკარგულების გაცემა რომ შემეძლოს, ეს ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება იქნებოდა (ჩინელი მკვლევარებისა და პოლიტიკოსების შეფასებები განხრახ მოვიყვანე, რადგან თანამედროვე ექსპერტების უმრავლესობა სწორედ ჩინეთს აღიქვამს "დასავლეთის", როგორც ცივილიზაციის, კულტურულ, პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ გამოწვევად. ეს სულ სხვა თემაა, თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარი პოზიცია გადაჭარბებული და უაზროდ ალარმისტულია).

 დავუბრუნდეთ ისევ ბატონ ვასაძეს. ის "ადამიანის უფლებებს" "ლიბერასტების" მიერ თავსმოხვეულ მავნებლობად მიიჩნევს.

 (ვრცლად იხილეთ http://24saati.ge/weekend/story/gigi-ugulavas-blogi)

სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი