თალხი დუმილი
25 თებერვალი, 2015
1237
print

ნოდარ ლადარია

ახლა, როცა ამ ჯერაც დაუსათაურებელი ტექსტის აკრეფას ვიწყებ, საქართველოში 25 თებერვლის წყნარი საღამოა. ამბობენ, 94 წლის წინათ ეს დღე ცივი, თოვლიანი და ქარიანი იყოო. ეს სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ჩემს ბიოგრაფიაში ის ასეთად მოგვიანებით იქცა, როცა 1980-იანების მიწურულს ტელევიზიით პირველად გაისმა კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი, რომელსაც წელიწადში ერთხელ იხსენებს ხოლმე ყოველი ღირსეული ქართველი. ამ ლექსმა ამოავსო და ამოწურა ყველაფერი, რისი თქმაც შეგვიძლია საქართველოს გაბოლშევიკების შესახებ, ამ ლექსმა გადახდილი ვალის სასიამოვნო სიმსუბუქე დაგვიტოვა.

მანამდე კი, მთელი ბავშვობის განმავლობაში, 25 თებერვალი ჩემთვის და ყველასათვის გაზაფხულის დადგომის მანიშნებელი თარიღი იყო. ამას გვიტენიდნენ თავში და, ამისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ასეთი უნიჭო, სწორხაზოვანი და ზერელე დოგმატიზმის გამო ძალად მოხვეული ღირებულება გაიცრიცა და, მიუხედავად ორგანიზმში ლამის დედის რძესთან ერთად შემოსვლისა, ნგრევაც კი არ დასჭირვებია.

მაგრამ ადრევე მივხვდი, რომ ეს ილუზია იყო, მივხვდი, რომ დოგმატიზმის ფესვები არცთუ მთლად ზედაპირული იყო და ის უკვე სულ სხვანაირად, სწორედ თავისი „გვერდითი ეფექტების“ წყალობით განაგრძობდა ცხოვრებას.

პირველად ასეთი აზრი მაშინ გამიჩნდა, როცა არდადეგებზე რომიდან ჩამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ერთი ჩემი მეგობარი აღარ არის ფეხბურთის ლამის ფანატიკური გულშემატკივარი. როცა ვკითხე, თავზარდამცემი პასუხი მივიღე: „მე ის მაინტერესებდა, რომ თბილისის „დინამო“ მოსკოვის „სპარტაკს“ მოუგებდა, და ახლა რაში მაინტერესებს, როგორ ითამაშებს გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოსთან“.

პასუხი მართლაც თავზარდამცემი იყო: თურმე ფეხბურთს, როგორც ასეთს, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, არამედ მნიშვნელობა ჰქონდა ადგილს იმ კულტურულ არეალში, რომელიც მტრულმა რეალობამ შემოხაზა და ბოლო საზღვრად დაგვიწესა. ახლა ამგვარი მიდგომის ნარჩენი არის აზრი, რომ ყველას უნდა გაგვიხარდეს „ოსკარის“ მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმი ქართულია. მაგრამ ჯანსაღი ღირებულებების ადამიანებს უყვართ ფეხბურთი და არა სამშობლო ფეხბურთში, კინო და არა მისი შემქმნელის პასპორტი. სამშობლოს თავისი ადგილი აქვს... თუმცა იმ დროს ასეთი აზრები, რა თქმა უნდა, შორს იყო ჩემგან და მხოლოდ ის ვიფიქრე, რომ საოქტომბრო პარადებზე მეტად „კრასნი ოქტიაბრის“ ბავშვობიდან შემორჩენილი გემო იქნებოდა თავისუფლების მძვინვარე მტერი. თუმცა ჯერ ასეთი ნიუანსების დრო არ იყო დამდგარი და რეალობა ბევრად უფრო უხეშად და შედეგიანად მუშაობდა: თუ ადრე ბარიკადის მიღმა გადამთიელი იმპერიული მოხელის ველური სახე გიღრენდა, ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი, კორუმპირებული ქართველი ჩინოვნიკი არის შენი მტერი. ამის მონელება არ იყო ადვილი...

ამიტომაც დიდხანს, ძალიან დიდხანს, ათწლეულზე მეტ ხანს წოვდა ჩვენს სისხლს საბჭოთა კავშირის ნარჩენები. დღეს უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს...

არა, იმათზე არაფერს ვიტყვი, ვინც ახლაც კი ქუსლების მტვრევით მიიჩქარის რუსეთისკენ. პარადოქსული მდგომარეობაა: ამ მწუხარე დღეს სწორედ იმათი ხსენებაა უადგილო, ვისი ბრძანებითაც დაუშვეს გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები. ჩვენი უბედურება დღეს სხვაგანაა: გვავიწყდება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის შეჩერება მოქმედი ბრძმედის გამორთვის ტოლფასია — ერთი წამით გამორთული, სამუდამოდ უნდა გადააგდო.

სწორედ ამისკენ მოუწოდებენ დღეს ისინი, ვინც სახეზე ზეთიანი გამომეტყველებით წარმოთქვამს: „ხალხი დაიღალა ამდენი სიძულვილით!“. მე კი ჩემს ადამიანურ ღირსებას იმით ვკვებავ, რომ ვერასოდეს შევიყვარებ მათ, ვისაც თავისი ქვეყანა კვლავაც კულტურულ ავტონომიად წარმოუდგენია რამდენადმე შეცვლილ საზღვრებში. მათ უყვართ მშვიდობა, მათ უხარიათ ჩვენი „გამარჯვებები“, მაგრამ სწორედ მათი უხმო თანხმობისა და უხერხემლო ყოყმანის გამო შეიძლება მოხდეს, რომ კვლავაც თალხს ჩაიცვამს ჩვენი ქალაქი, ხოლო რაც შეეხება სიონს... ის არ დადუმდება. მისი ზარები, როგორც ეტყობა, მხიარული რეკვით შეეგებება იმ კეთილი და ბრძენი კაცის მოჭუტულ გამოხედვას.

 

ნოდარ ლადარია
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია