არტ-პერსპექტივა
02 მარტი, 2015
1211
print

ნოდარ ლადარია

ჩვენი ღვთივდაცული ერის მოწინავე ნაწილში სიტყვა „ხელოვნება“ უკვე თითქმის მთლიანად გამოდევნა ახალშემოღებულმა ტერმინმა „არტი“. მაგრამ აი, „ხელოვანს“ ვერაფერი უყო ჯერ-ჯერობით „არტისტმა“. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ზურიკელას სურდა „საარტისტოზე“ ჩაბარება, რაც ბებიამისის ბრძნული განსჯის შედეგად შეფასდა პოლიგამიურობის შეფარულ მისწრაფებად. ჰოდა, მას შემდეგ უფრთხის ქართველი „არტისტს“, არ ენდობა. რადგან არაფერია ქართველ ხელოვანზე ფაქიზი, დახვეწილი და მრავალმხრივი...

არ გჯერათ? მეტსაც გეტყვით, შეუპოვარი და პრინციპულია. თან ყველაფერშიც ერკვევა და ამ ბოლო დროს გალაქტიკის საზღვრებსაც გასცდა მისი ინტერესები. ყველანაირი საუბრის წარმართვა შეუძლია რიხითა და ენამჭევრობით. აი, თუნდაც ლარის კურსის ვარდნაზე დაელაპარაკეთ. განა უკან დაიხევს? — მაშინვე გეტყვით, რომ ყველაფრის მიზეზი „ნაციონალების“ საბოტაჟია.

- კეთილი, - ეუბნებით, - წარმოვიდგინოთ, რომ გიგა ბოკერია (არა, პერსპექტივის ძლიერი ცენტრი, რა თქმა უნდა სააკაშვილია, მაგრამ ქართველი ხელოვანი იმითაც არის ცნობილი, რომ კლასიკურ კანონებს გაბედულად არღვევს) ღამით იღვიძებს და ბორგავს იმის სურვილით, რომ რამე ავნოს საქართველოს. დავუშვათ, რომ მართლაც ასეა. მაგრამ როგორ ახერხებს?

გგონიათ, გამოიჭირეთ? — ნურას უკაცრავად! ქართველი ხელოვანი მრავლისმეტყველ ღიმილს გიძღვნით და ხმის მოზომილი მოდულირებით წარმოთქვამს: არის რაღაცები, რაც არ ვიცით. არა, აქ არ დავიწყებთ იმის განსჯას, რა არ იცის ქართველმა ხელოვანმა: ჩვენ მხოლოდ ამოხსნად ამოცანებს ვსვამთ. ჰოდა, ახლა ის გვაინტერესებს, რატომ სძულს მას „ნაციონალები“? აქ კი უნდა დავემშვიდობოთ ქართველ ხელოვანს და შეკითხვა სრულიად „ინტელიგენციაზე“ განვავრცოთ...

ეს სიძულვილი სწორედ რომ სიძულვილია და არა, მაგალითად, პოლიტიკური მიუღებლობა. განწყობა ხასიათდება უკიდურესი ემოციური ჩართულობით. გასაგებია, რომ პოლიტიკური აზროვნებისა და, მით უმეტეს, ოპონირების კულტურა ჩვენში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და არავინ იცის, რა ცხოველია პოლიტიკური ოპონენტი. მაგრამ მაინც რას ნიშნავს ეს ემოციური ზიზღი? შექსპირისა არ იყოს, ეს „თხის ხურუში, აღტყინება მაიმუნისა“?

ამბობენ, რომ კორუმპირებულობისთვის შეეზიზღათ. მაგრამ ამისათვის, სულ მცირე, საკუთარი ბიოგრაფია უნდა დაივიწყო. რომ არაფერი ვთქვათ მშობლებზე... დავიჯერო, ამათი მამები - ძირითადად, ნომენკლატურის საშუალო რგოლიდან - ყველანი ერთხმად „აფუჭებდნენ ადგილებს“? და მერე ასე სპეტაკად და ხალასად აღზარდეს შვილები, რომ დღემდე ჰგონიათ, თითქოს ყირიმში საგზურებს პროფკავშირი არიგებდა?

არა. სხვა მიზეზი უნდა იყოს აქ.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გამახსენდა ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოსვლა ტელეარხ „კავკასიაზე“. აქ ითქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა: „თბილისში სულ დამცინოდნენ ხოლმე“.

ეს არ არის უბრალოდ გულწრფელობა. ადამიანს ზოგი რამ მართლა ავიწყდება, თუნდაც იმიტომ, რომ მნიშვნელობას კარგავს. აქ კი ექვსი თუ შვიდი მილიარდის პატრონი ამჟღავნებს, რომ არ დავიწყებია. რას ნიშნავს ეს? - ნიშნავს იმ კანონების აღიარებას, რომელთა თანახმად აწესრიგებს გარშემო სინამდვილეს ქართველი ხელოვანი.

დიახ, ვიღაც ვიგინდარებმა თავხედურად განაცხადეს, რომ პარაზიტობის ეპოქა უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა ვერ დაასრულეს, მაგრამ პერსპექტივაში სწორედ ეს იყო: ცხოვრება, რომლისთვისაც იბრძვიან ყოველ დღე. და, აი, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც...

ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართველმა ხელოვანმა (აკი შევთანხმდით, რომ ამ სიტყვას ფართო გაგებით ვიყენებთ) რაღაც უბადრუკი ფულის გამო აღიარა ეს მანქანიდან გამოვარდნილი ღმერთი? ნუ იყოფინ! — ქართველი ხელოვანის უპირველესი თვისება სწორედ უანგარობაა და მას ისიც ყოფნის, თუ მეცენატი კეთილად იწყნარებს სხვას, მაგალითად, ბერიკაშვილებს და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს. აქ მთავარი პრინციპია და არა გასამრჯელო! პრინციპი და იმედი, რომ ოდესმე დადგება დრო, ოდეს კვლავ შეეკვრის სიმბიოზის ურღვევი ჯაჭვით ჭორვილელ ძმას, როგორც მამა ეკვროდა მამათელ ბაბუს.

ამას კანით გრძნობს ქართველი ხელოვანი.

და აზროვნება? - ოჰ, ეს ცალკე საკითხია. ქართველ ხელოვანს ყველაფერი გადასარევად ესმის. ერთადერთი ვერ გაუგია: რატომ იყიდება ასე იაფად მისი ნამოღვაწარი არტეფაქტი - მან ხომ ამდენი გუგლა და გუგლა, რომ საგანგებოდ ძვირიანი და ნაკლებად ცნობილი შთაგონების წყარო აღმოეჩინა.

 

ნოდარ ლადარია
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია