Умом Россию не понять...
06 მარტი, 2015
1462
print

ქეთევან იგნატოვა

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ ტვინით, ლოგიკით აღარც საქართველოს გაგებაა იოლი… აი არშინით კი, რუსეთთან შედარებით, ნამდვილად ადვილი გასაზომია. მით უმეტეს რომ, ამავე რუსეთის მეშვეობით, გასაზომი სულ უფრო და უფრო ნაკლები გვრჩება… და ასე თუ გაგრძელდა, უფრო სწორად, თუ ასე გავაგრძელეთ…

როგორ უცნაურად ხდება ხოლმე -კვირა ისე უინტერესოდ, ისე მდორედ ჩაივლის, რომ კვირის ბოლოს დასაწერიც, ყურადღება მისაქცევიც არაფერია და თემის შერჩევა გიჭირს. ხან კი პირიქითაა. აი მაგალითად ამ კვირაში, თემების მღავალფეროვნების ფონზე, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიჭირდა… რომელი რიგითი მოხელის, მაღალჩინოსნის რომელ მორიგ იდიოტიზმს, თუ რიგით მერამდენე მექრთამეს, რომელ არაპროფესიონალ-უგემოვნო ჟურნალისტს, ქართველი «ტიტუშკების» რომელ მორიგ თავის მოჭრას… მივანიჭო უპირატესობა? მიჭირს არჩევანის გაკეთება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი წულუკიანის განცხადება (თუ ამ სიშტერეს განცხადება შეიძლება ვუწოდოთ) იმის თაობაზე, რომ «ჩინელები, ირანელები შევავიწროვეთ, შემოვუშვებთ ვინც კეთილმოსურნეა», ნამდვილად ცალკე წერილს, საუბარს და ელემენტარული ინტელექტის დაუკმაყოფილებლობის გამო, იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნას იმსახურებს. კარგი, მისასალმებელი და პროგრესულია გენდერული თანასწორობა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ინტელექტუალური თანასწორობა უფრო მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ასეთ თანამდებობაზე… რას იზამ, კარგია პატარა, კოხტა, მინიატურული, ოდნავ ევროპული ელფერის მქონე იუსტიციის მინისტრი ქალი, მაგრამ თუ ამ ქალს პოლიტიკური აზროვნების პრობლემები აქვს, რომლის გამოც მთლიანად ქვეყანას ექმნება პრობლემები, არ ჯობია, რომ იგი ნებისმიერი სქესის მეტ-ნაკლებად გონიერმა ჩაანაცვლოს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად მძლავრ ჩინეთსა და საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს, მეზობელ ირანს არ გაანაწყენებს?

ხულოს გამგეობის თანამშრომელზე, რომელსაც ისე უნდა თავისი სიმწრით მოპოვებული, უბადრუკი თანამდებობის შენარჩუნება, რომ გათხოვილ ქალიშვილზეც კი უარს აცხადებს და საკუთარი ოჯახის წევრად არ მიიჩნევს, სიამოვნებით რაიმე იუმორისტულს დავწერდი… თუმცა, არ ვიცი როგორ გამომივიდოდა. სასაცილოზე მეტად ეს პატარა ბიუროკრატი, სატირალს უფრო წააგავს.

ხალხის რჩეულის, დეპუტატის ამპლუაში მოვლენილი კურტანიძეც და თავისივე თანაგუნდელების მიერ პარლამენტიდან წასასვლელად გამზადებული საგანელიძეც (მაგათთვისაც კი გაუსაძლისი გახდა ეტყობა?), შუბლძარღვგაწყვეტილი ხიდაშელიც და სცენას მონატრებული პაპუაშვილის სიბრძნეებიც, მერიაში მომუშავე მექრთამეების, მეგრელი ნათესავების და უბრალოდ უვიცების მთელი კასკადი, მხილებული ნარმანიას დამფრთხალი, საბრალო მზერა, ცოტა არ იყოს და თავჩამოწეულ-კისერმოდუნებული ღარიბაშვილი, მოდურად წვერმოშვებული კალაძე… კარგი თემები უნდა ყოფილიყო. ერთდროულად ვიცინებდით და ვიტირებდით კიდეც…

მაგრამ მგონია, რომ გასული კვირის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ხმაურიანი და ყველაზე ნიშანდობლივი თემა მოსკოვის ცენტრში, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის საზარელი მკვლელობა იყო. ბევრი ვერსია, ბევრი ვარაუდი, მსჯელობა, ანალიზი… ბევრი ცრემლი, მოსკოველების მიერ მკვლელობის ადგილზე მიტანილი ბევრი ყვავილი, დანთებული სანთელი, მთელი რუსეთის მასშტაბით ყველა - დიდი თუ პატარა ქალაქში მოწყობილი სამგლოვიარო აქციები და ან პირადად პუტინის, ან პუტინის სისტემის მიერ (რაც ერთი და იგივე მგონია), მოკლული პოლიტოპონენტის სახელის ხსოვნის გარშემო გაერთიანებული, ხმაამაღლებული, რუსული საზოგადოების შეიძლება მცირე, არასაკმარისი, მაგრამ ნამდვილად პროგრესული ნაწილი. « Ето было не убииство, а показательная казнь» - განაცხადა რუსული საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა და ამ საჩვენებელმა, დასაშინებლად, სხვების გასაჩუმებლად მოწყობილმა, თავისი თავხედობითა და ცინიზმით გამორჩეულმა საზარელმა მკვლელობამ აშკარად დაგვანახა, მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსული საზოგადოების პროგრესული, ზნეობრივი, პრინციპული ნაწილი არსებობს. დაგვანახა, რომ რუსეთი მხოლოდ კრემლით, მხოლოდ ყოფილი ჩეკისტებით (ყოფილი ჩეკისტები ხომ არ არსებობენ!), მხოლოდ კორუმპირებულ-გახრწნილ-ზნედაცემული აგრესორებით არ შემოიფარგლება. ბორის ნემცოვის მკვლელობით დავინახეთ, რომ მართალია მასშტაბში მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ «ორი რუსეთი» ეტყობა, მაინც არსებობს. ერთი მხრივ, გაფტების, ბასილაშვილების, ახეჯაკოვების, მაკარევიჩების, აკუნინების, რიაზანოვების... და მეორე მხრივ - პუტინის ჩეკისტურ-იმპერიულ-ტოტალიტარული რუსეთი. ამბობენ, მკვლელი დაღვრილი სისხლის ხიბლში შედისო. ვეღარ ჩერდებაო, ვეღარ ძღებაო...

რუსეთი მართლაც რომ არშინით ვერგასაზომი, უკიდეგანო, უზარმაზარი და გონებით ძნელად გასაგებ-ამოსაცნობი ქვეყანაა, მაგრამ მგონია, რომ ამ ბოლო წლებში სავსებით იოლად ასაზომი საქართველოც გონებით, ლოგიკით, ზნეობრივ-მორალური კრიტერიუმებით, სულ უფრო და უფრო ძნელად გასაგები ხდება. მთელი გასული კვირის მანძილზე სოციალური ქსელის თუ ტელევიზიის მეშვეობით, ვუყურებდი უზარმაზარი ერის, თუნდაც ნაწილის მიერ, ნემცოვის გლოვის კადრებს, ვისმენდი ცალკეული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ექსპერტის, ჟურნალისტის, საზოგადოების წარმომადგენლების, რეჟისორების, მსახიობების, მუსიკოსების შეფასებებს, კომენტარებს, მოგონებეს, ანალიზს... და რაღა დაგიმალოთ, ცოტა არ იყოს და ქართული საზოგადოების «ელიტის» მაგივრად, მერიდებოდა კიდეც. ისეთი გრძნობა შემექმნა, თითქოს დღევანდელ საქართველოში ინტელექტუალურ-ზნეობრივი ახალი ნორმები, ახალი კრიტერიუმებია დადგენილი. თითქოს ყველანი ერთდროულად, უმეტესი ნაწილი დავბრმავდით, დავყრუვდით, მეხსიერება დაგვეკარგა... თითქოს ახლა, ნემცოვის ტრაგიკულ მაგალითზე, პირველად გავიგეთ და ამ კონრკეტული ფაქტის საფუძველზე ასე იოლად ვერ ვიჯერებთ, რომ პუტინი სრულიად დაუნდობელი, ცივსისხლიანი, ელემენტარული მკვლელია. თითქოს, პოლიტკოვსკაია, ხლებნიკოვი, ლიტვინენკო, ბესლანი, «კურსკი», საცხოვრებელი სახლების აფეთქება, ნორდ-ოსტი, ჩეჩნეთი, 2008 წლის აგვისტო და ახლა სისხლის ბოლო წვეთამდე თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინა... დასაჯერებლად ჩვენთვის საკმარისი არ იყო. ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს უკვირს - პუტინს ნემცოვის მკვლელობა რაში ჭირდებოდა? რაში აწყობდა? მეორე ნაწილს რუსული ოფიციოზის მიერ გავრცელებული ეჭვიანობის, თუ ყოფითი მიზეზის ყალბი ვერსიების შეგნებულად, ან ბრმად ჯერა. «უკრაინელებს, ისლამისტებს, ამერიკელებს, დასავლეთს... მოუკლავს!» უმეტეს ნაწილს კი არც უკრაინა და არც ნემცოვის მკვლელობა საერთოდ არ აინტერესებს და გულთან ოდნავადაც ახლოს არ მიაქვს. მიკვირს, რომ მთელი გასული კვირის მანძილზე არც ერთმა ქართველმა რეჟისორმა თუ მსახიობმა, საზოგადო მოღვაწემ თუ დიასახლისმა თუნდაც ერთი, თავისი, ერთპიროვნული აზრი, პოზიცია არ დააფიქსირა, არ გააჟღერა. ქართული საზოგადოების ნაწილი, მოსკოვში აღლუმებზე თვალზეცრემლმორეული, პუტინთან ვიზიტებზე ამაყად მოსიარულე სად მიიმალა? სად და რატომ გაისუსა? რის მოლოდინში? ნუთუ ნემცოვის მკვლელობის შემდეგაც პუტინი ვინმეს სათნო, სიმპატიური, არამარტო ქართველების მოყვარე, არამედ ზოგადად კაცთმოყვარე, ერთმორწმუნე ჰგონია? ნუთუ, დღევანდელ საქართველოში, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, გონებრივ-ზნეობრივმა კრიტერიუმებმა ისე დაიწია, რომ ათასობით ჩეჩენის, რუსის, ქართველის, უკრაინელის სისხლში ამოგანგლული ელემენტარული ცივსისხლიანი მკვლელი, დიქტატორი, აგრესორი, მანიაკალური იმპერული ამბიციებით მოცული დამპყრობელი ვერა და ვერ ამოგვიცნია?

...და მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარე გლოვის, ხმამაღალი, უშიშარი მხილების ფონზე, სწორედ ახლა, ამ დღეებში, ამ კვირაში რუსეთში საქართველოდან მწვანილის შეტანის ნებადართულობასთან დაკავშირებულ საქართველოს მთავრობის, ცოტა არ იყოს და უდროო, უადგილო და ჩემი აზრით, უთავმოყვარეო სიხარულს ვიზიარებთ?

« ... из стен Кремля сочится гнои... которым хотят замазать всех нас!» ვ. გაფტი

როგორ დავიჯერო, რომ ქართული საზოგადოების თუნდაც ერთი ნაწილი ამ ჩირქში უკვე ამოსვრილია? როგორ ვიფიქრო, რომ ამ ჩირქმა ქართველთა ერთი ნაწილი იმდენად დააბრმავა, რომ არამარტო მკვლელი, არამედ მტერიც, საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის მტერიც ვეღარ გაურჩევია, ვერ ამოუცნია?

«Его убили мертвецы!» ლ.რუბინშტეინი

როგორ წარმოვიდგინო, რომ ქართული საზოგადოების «ელიტის» გასუსულ-გატრუნულ-მიმალულ ნაწილს საკუთარი თავი, უცხო, დამპყრობელი და გონებით (умом) ძნელად გასაგები ამ ქვეყნის პოლიტიკური გვამების რიგებში ჰყავს დანახულ-წარმოდგენილი და თუნდაც ფარულად, ამაზე ოცნებობს? აგონიაში მყოფი მტრის ჩირქმდენი გვამების თანადგომა?.. Умом რა ძნელად გასაგები ოცნებაა! რა არასასიამოვნო საყურებელი სურათია! ეროვნებაარმქონე мертвецы...

 

ქეთევან იგნატოვა
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია