„ირიაო“ Java ჯაზფესტივალიდან ბრუნდება
09 მარტი, 2015
1147
print

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ, ჯაკარტას Java ჯაზფესტივალის წლევანდელ აფიშაში ქართველი მუსიკოსები პირველად იყვნენ ნახსენები. ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“ ერთ-ერთი იყო იმ 60-მდე უცხოელ შემსრულებელს შორის, რომლებიც ჯაზფესტივალის ლაინაპს ასამდე ადგილობრივ ბენდთან ერთად ავსებდნენ. „ირიაო“ მსმენელის წინაშე ორჯერ გამოვიდა - 7 და 8 მარტს ჯაკარტას ჯაზფესტივალის ათასობით სტუმარი დავით მალაზონიასა და კომპანიას უსმენდა.

„ირიაო“ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გრაფიკის მქონე ქართული ბენდია, მისი მუსიკოსები კონცერტებით ხშირად მოგზაურობენ, ზოგჯერ კი აქაური მსმენელისთვისაც იცლიან. სწორედ „ირიაო“ გახლდათ გია ყანჩელის საიუბილეო საღამოს, „გზავნილები გია ყანჩელს“ მონაწილე შემსრულებლების მთავარი მასპინძელი. ამრიგად, ქართველი მსმენელი მის შემოქმედებას მეტ-ნაკლებად იცნობს, ახლა კი „ირიაოს“ შესახებ ჯაკარტაშიც ლაპარაკობენ.

ჯავა ჯაზფესტივალზე „ირიაომ“ უახლესი პროგრამა წაიღო. სწორედ ის, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პოლონეთის ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში ალბომად ჩაწერა. ჩანაწერს მსმენელი უახლოეს მომავალში მიიღებს, მანამდე კი ცოტა რამ თავად ჯაზფესტივალის შესახებ.

„ირიაოს“ სახელწოდებას იმ სიაში შეხვდებოდით, სადაც კრის ბოტის, ბობი მაკფერინის, ჩაკა ჰანისა და „ინკოგნიტოს“, ჯესი ჯეის, Naturally 7-ისა და რიშარ ბონას სახელები იკითხებოდა. როგორც წესი, ფესტივალის სულ სამ დღეს გრძელდება, ამიტომ შემსრულებლები პრაქტიკულად მთელ ქალაქში გადანაწილებულ სცენებზე გამოდიან, რაც ნიშნავს, რომ ინდონეზიის დედაქალაქი ამ დღეების განმავლობაში მხოლოს ჯაზით სუნთქავს. შემსრულებელთა სიმრავლის გამო კონცერტები ხშირად დილიდანვე იწყება, მუსიკოსები კი ერთმანეთს სცენაზე საათში ერთხელ ცვლიან.

ჯავა ჯაზფესტივალამდე „ირიაო“ შარშანდელმა ტურნემ მიიყვანა. მაისში ბენდი ბორნეოს ჯაზფესტივალის მონაწილე იყო. იქიდან ჯაკარტაში გადაინაცვლა, სადაც საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქართული კულტურის დღეებში მიიღო მონაწილეობა. კონცერეტი ჯერ ჯაკარტას ოპერის თეატრში ჩაატარეს, შემდეგ კი Back Cat Jazz Club-ში. სწორედ აქ გაიცნეს ჯავა ჯაზფესტივალის დამფუძნებელი, რომელმაც იქვე დაადასტურა, რომ „ირიაო“ მომავალი ფესტივალის პროგრამაში აუცილებლად იქნებოდა ჩართული. ასეც მოხდა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჯაზფესტივალის მსმენელმა ქართულ ეთნო-ჯაზსაც მოუსმინა, რაც, იმედია, უახლოეს მომავალში ჩვენთანაც განმეორდება, მით უფრო, რომ ალბომი უკვე ჩაწერილია, ამ მუსიკას კი აუცილებლად სჭირდება მსმენელი.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...