„იდეალური“ დანაშაული
10 მარტი, 2015
1683
print

დიმიტრი ავალიანი

რუსმა გამომძიებლებმა, როგორც ჩანს, ბორის ნემცოვის მკვლელობის „იდეალურ“ ვერსიას მიაგნეს, რომელიც როგორც რუსული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იქნება მისაღები და დამაჯერებელი, ასევე დასავლეთსაც ნაკლები კითხვები უნდა დაუტოვოს დედაქალაქის ცენტრში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თავხედურ მკვლელობასთან დაკავშირებით.

კრემლის მიმართ ლოიალური სააგენტო ”როსბალტის” მეშვეობით ხელისუფლებამ „შემოაგდო“ გამოძიების ვერსია იმის შესახებ, რომ ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორები ეთნიკური ჩეჩნები ზაურ დადაევი და ბესლან შავანოვი არიან. პირველი მათგანი დანაშაულს აღიარებს, ხოლო მეორემ დაკავების დროს თავი აიფეთქა და აწი ვერაფერს უარყოფს ან დაადასტურებს. წყაროების ცნობით, სხვა დაკვეთები საქმეში არ იკვეთება და დანაშაული დადაევის და შავანოვის პირადი ინციატივა იყო. რამდენიმე სხვა დაკავებული, ასევე ჩრდილოკავკასიელები, ამ „პირადი ინიციატივის“ შემსრულებლები იყვნენ.

მკვლელობის მოტივად რუსული სააგენტოს წყაროები ნემცოვის „ანტიისლამურ განცხადებებს“ და მის მიერ „შარლი ებდოს“ კარიკატურისტების მხარდაჭერას ასახელებენ - რამდენიმე ჩეჩენმა თავი იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო, რომ ნემცოვთან ანგარიშსწორება გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციონერი „შარლი ებდოს“ გარშემო რუსეთში მომდინარე დისკუსიაში მთავარი ფიგურა არ ყოფილა და სხვა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ისლამისტი რადიკალების მიმართ ბევრად უფრო მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდნენ.

ნემცოვის საქმეზე ზაურ დადაევის - ჩეჩნური ბატალიონის „სევერის“ ყოფილი მებრძოლის, დაკავების შემდეგ, მას ფაქტობრივად მხარდაჭერა ჩეჩნეთს ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოუცხადა, რომელმაც მას ღრმად მორწმუნე ადამიანი და რუსეთს პატრიოტი უწოდა.

კადიროვის ამგვარ თანაგრძნობას მკვლელობაში ბრალდებულთა მიმართ საზოგადოებაში უნდა გაეჩინა ეჭვი, რომ ნემცოვის მკვლელების დამკვეთი სწორედ ის უნდა ყოფილიყო. თანაც, საზოგადოებას კარგად ახსოვს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რეაქცია „შარლი ებდოს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ¬ - როდესაც მთელი მსოფლიო ერთხმად ტერორისტებს გმობდა, კადიროვმა გროზნოში უზარმაზარი მიტინგი შეკრიბა „წინასწარმეტყეველ მუჰამედის შეურაცხყოფის“ წინააღმდეგ.

ხოლო ღირსების ორდენს, რომლითაც პუტინმა კადიროვი 9 მარტს „თავდადებული შრომისთვის“ დააჯილდოვა, საზოგადოებაში უნდა გაეჩინა იმის შეგრძნება, რომ პუტინიც შინაგანად კადიროვს და „შეურაცხყოფილ მუსლიმებს“ თანაუგრძნობს. თუმცა, რასაკვირველია, მკვლელები უნდა დაისაჯონ. კრემლი კი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია და ვერც კადიროვის კავშირი მკვლელობასთან როდესმე დამტკიცდება.

„ისლამური კვალი“ დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილისთვისაც მისაღები ვერსია უნდა იყოს, რადგან ისლამური რადიკალიზმის და ტერორიზმის პრობლემა დასვლეთისთვისაც კარგად ნაცნობია, რადიკალები ევროპაშიც გააქტიურდნენ და არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა გამოირიცხოს ასეთვე დანაშაული რუსეთში...

შესაბამისად, ნემცოვის მკვლელობაში ისლამური კვალი რომც არ ყოფილიყო, კრემლს ის უნდა მოეგონა. და როგორც ჩანს, ასე მოხდა კიდეც...

მაგრამ თუ არა „ისლამური კვალი“, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის რეალური მიზეზი? მით უმეტეს, რომ კრემლის და პუტინის მომხრეთა მტკიცებით, ნემცოვი პუტინისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, მისი მკვლელობა კი რუსეთის ლიდერის ისედაც შელახულ რეპუტაციას დამატებით ზიანს მიაყენებდა?

ზოგიერთი რუსი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს მკვლელობა დემონსტრაციული ხასიათის იყო და გზავნილის ფუნქციას ატარებდა. არა ოპოზიციის დასაშინებლად - მისი პუტინს დიდი ხანია აღარ ეშინია. ნემცოვი ძველი, ელცინისდროინდელი ელიტის წარმომადგენელი იყო. არაფორმალური შეთანხმების მიხედვით, რომლითაც პუტინის ხელისუფლებაში მოყვანა მოხდა, ელცინის ოჯახი და მაშინდელი ელიტის წარმომადგენლები ხელშეუხებლები უნდა ყოფილიყვნენ. ნემცოვის ცხედარი კრემლის ფონზე ნათელი გზავნილი გახდა იმის თაობაზე, რომ პაქტის მოქმედება დასრულდა. ადრესატი კი კრემლთან დაახლოებული ელიტა უნდა ყოფილიყო, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინაში აგრესიისა და დასავლური სანქციების გამო საკმაოდ დაზარალდა. მოკლედ, ამ მკვლელობით კრემლმა ყველას მიანიშნა, რომ ხელშეუხებელი აღარავინაა და კრიზისით და სანქციებით დასუსტებულ რეჟიმთან ბრძოლა არავინ უნდა გაბედოს.

ეს მხოლოდ ვერისაა, რომლსაც არსებობის უფლება ისევე აქვს, როგორც „ისლამურ კვალს“.

 

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს